საქართველოს თავდაცვის სამისნისტრო ინფორმაციით, ცერემონიალი ვაზიანში IV ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. ღონისძიების დასაწყისში პირადმა შემადგენლობამ და სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამშობლოსათვის გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას.
ფიცის მიღების შემდეგ, წვევამდელთა ბატალიონი IV ქვეითი ბრიგადის კაპელანმა დეკანოზმა ნაზარემ დალოცა და სამხედრო კარიერაში წარმატებები უსურვა.
წვევამდელებს, საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში გაწევრიანება, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მიულოცა: „ჩვენ ბევრი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. მაგრამ უნდა გვახსოვდეს ყველაზე მთავარი, რომ ჩვენი დასაცავია მშვიდობა, ჩვენი დასაცავია საქართველო. უნდა გახსოვდეთ - გაუფრთხილდეთ საკუთარ თავს, საკუთარ თანამებრძოლებს, იმიტომ, რომ ჩვენ ბევრი გმირი გვყავს, ვის სახელსაც ვიხსენებთ. მაგრამ ჩვენს სახელმწიფოს სჭირდება ცოცხალი გმირები, ვინც უზრუნველყოფენ ჩვენი ქვეყნის თავდაცვას და უსაფრთხოებას. მე, როგორც თავდაცვის მინისტრი, ჩემს თანამოაზრეებთან ერთად, გავაკეთებ ყველაფერს, რათა შეგექმნათ ყველა პირობა თქვენი მთავარი ფუნქციის ღირსეულად შესრულებისთვის“.
წვევამდელებს დღეს, გაერთიანებული შტაბის უფროსმა პოლკოვნიკმა ირაკლი ძნელაძემ და მისმა მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ვახტანგ კაპანაძემაც მიმართეს. საზეიმო ცერემონიალს თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი პირები, ასევე, წვევამდელთა ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.