20 დეკემბერს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა გაიმართება. ორგანიზაციის პრეზიდენტის თანამდებობისთვის სამი კანდიდატი, გია ნაცვლიშვილი, ლერი ხაბელოვი და ბეჟან ხურციძე იბრძოლებს.
ცნობილი გახდა, თუ რა გუნდით აპირებენ კანდიდატები მომავალი ოთხი წლის განმავლობაში სეოკ-ის გაძღოლას.
ამჟამად მოქმედი პრეზიდენტის გია ნაცვლიშვილის გამარჯვების შემთხვევაში, პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს ოლიმპიური ჩემპიონი დავით გობეჯიშვილი დაიკავებს, ვიცე-პრეზიდენტები ასევე ოლიმპიადის ოქროს მედლის მფლობელი დავით ხახალეიშვილი და ვახტანგ გეგელია იქნებიან, ხოლო გენერალური მდივანი რამაზ გოგლიძე.
ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლერი ხაბელოვმა პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი წარადგინა, ვიცე-პრეზიდენტებად ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე და მამუკა ხაბარელი, ხოლო გენერალურ მდივნად ემზარ ზენაიშვილი.
ნიჩბოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი ბეჟან ხურციძე პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს ბიზნესმენ გიზო ხელაიას სთავაზობს, ვიცე-პრეზიდენტობას დავით გობეჯიშვილს და გიორგი ჩახუნაშვილს, გენერალურ მდივნობას - რამაზ გოგლიძეს.