ამერიკის შტატ კონეკტიკუტის ქალაქ ნიუთაუნის ჰენდი ჰუკის სკოლაში 20 წლის ახალგაზრდამ 26 ადამიანი მოკლა.
CNN-ის ინფორმაციით, ადამ ლანზამ ჯერ საკუთარი დედა მოკლა, რომელიც ზემოაღნიშნული სკოლის მასწავლებელი იყო, შემდეგ კი სკოლაში მივიდა და იქ მყოფთ ცეცხლი გაუხსნა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, შემთხვევას 20 ბავშვის და 6 მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილია ასევე ადამ ლანზაც. სავარაუდოდ, მან თავი მოიკლა.
ადამ ლანზას ძმა, 24 წლის რაიან ლანზა, პოლიციამ ეჭვმიტანილის სტატუსით უკვე დაკითხა.
უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ქალაქის სხვა სკოლებში სწავლა შეწყვეტილია.
ტრაგედიას მსოფლიო ლიდერები გამოეხმაურნენ. განცხადება აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაქ ობამამაც გააკეთა, რომელმაც ამ შემაძრწუნებელი ფაქტის გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა.
მომხდართან დაკავშირებით, ამერიკელ ხალხს თანაგრძნობა გამოუცხადეს: გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა, ევროკავშირის ლიდერებმა - ქეთრინ ეშტონმა და ჟოზე მანუელ ბაროზომ, კანადის, ბრიტანეთის, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრებმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა.