ყოფილი ექსპრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე საინტერესო განცხადებას აკეთებს. იგი დარწმუნებულია, რომ თუ ქვეყანაში მეჩაიეობა აღორძინდება, აღორძინდება საქართველოც!
თემის აქტუალობიდან გამომდინარე, "ივერიონი" შევარდნაძის განცხადებას სრულად გთავაზობთ:
"დღესაც მაწუხებს კითხვა, რატომ ვთქვით უარი ჩაის კულტურაზე და, ნაწილობრივ, ციტრუსებზეც?! იყო დრო, როცა საქართველოში იკრიფებოდა ნახევარი მილიონი ტონა ჩაის მწვანე ფოთოლი და საქართველო აკმაყოფილებდა მთელი საბჭოთა კავშირის მოსახლეობის მოთხოვნილებას ამ პროდუქციაზე.
ყველასთვის ცნობილია, მეჩაიობით იყო დაკავებული დასავლეთ საქართველოს თითქმის ყველა რაიონი. ჩაის კულტურა, ასევე ციტრუსები ითვლებოდა ამ რაიონების მოსახლეობის შემოსავლის ძირითად წყაროდ. დიდი ყურადღება ექცეოდა პლანტაციების მოვლას და კრეფის პროცესს. მოგახსენებთ, რაოდენ შრომატევადი და რთულია ჩაის პლანტაციების მოვლა და ფოთლის კრეფა, ამიტომაც მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ მოსავლის გაზრდა, არამედ შრომის პირობების გაუმჯობესებაც. როდესაც გამოიკვეთა შრომის მექანიზაციის პერსპექტივა, შეიქმნა სათანადო სამეცნიერო-კვლევითი და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.
მეჩაიეობის აღორძინების პრობლემა მაღელვებდა ჩემი პრეზიდენტობის დროს, იყო მიღებული გარკვეული გადაწყვეტილებები, მაგრამ დიდი გულისტკივილით ვაღიარებ, რომ ჩემი მცდელობის მიუხედავად, ვერ შევძელით სათანადო დახმარების გაწევა.
ჩემთვის ბავშვობიდან კარგად არის ცნობილი, თუ რაოდენ მძიმე და შრომატევადია ჩაის მოყვანა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მე დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულ სოფლის მეურნეობის აღორძინების პროგრამაში მეჩაიობა ერთ-ერთ პრიორიტეტულ დარგად განიხილება და მოსახლეობა სიხარულით ჩაებმება ამ პროცესში. საქართველოში ჯერ კიდევ შემორჩნენ კადრები, რომლებსაც ახალი ტექნოლოგიების გათვალისწინებით შეუძლიათ დარგის აღდგენა.
დასავლეთ საქართველოს რაიონების მოსახლეობისათვის ჩაის კულტურის აღორძინება ისტორიული მოვლენა იქნება".