ნონა გაფრინდაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" აკრძალვას მოითხოვს. ამის თაობაზე მან გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
გაფრინდაშვილი მიიჩნევს, რომ რა უბედურებებიც დაატრიალა "ნაცმოძრაობამ" 9 წლის მანძილზე, სავსებით საკმარისია ყოფილი მმართველი პარტიის ასაკრძალად. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკას, რაც მაღალჩინოსანთა დაჭერებს უკავშირდება, დასავლეთი აკრიტიკებს, "სახალხო კრების" ლიდერი დარწმუნებულია, რომ ყველაფერი დალაგდება. "მთავარია, ხელისუფლება უსმენდეს საკუთარ ხალხს და მის მოთხოვნებს ასრულებდეს".
გაფრინდაშვილი გაოცებულია "ნაციონალების" უტიფრობით, როცა ისინი ახალ ხელისუფლებას დაპირებების შეუსრულებლობას საყვედურობენ. "თქვენ გახსოვთ, თუნდაც ერთი დანაპირები შესრულებულიყო მათ მიერ?", - რიტორიკულ კითხვას სვამს ქალბატონი ნონა და თვითონვე პასუხობს, რომ ისინი ისევ ისე უტიფრად იქცევიან, როგორც ხელისუფლებაში ყოფნისას იქცეოდნენ.
"სახალხო კრების" ლიდერი წუხს, რომ სასამართლო სისტემაში ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა – მოსამართლეები კვლავ მიხეილ სააკაშვილის სამსახურში არიან და იმავე სტილით მოქმედებენ. "ხელისუფლებამ რაღაც უნდა იღონოს, რომ სასამართლო სისტემა ჭეშმარიტად სამართლიანი და დამოუკიდებელი გახდეს", - აცხადებს ნონა გაფრინდაშვილი