არჩევნების წინა დღებში, როდესაც გლდანის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა "ქრისტიან-დემოკრატები"-დან ინგა გრიგოლიამ კანდიდატურა "ქართული ოცნების" სასარგებლოდ მოხსნა, დაიწყო საუბარი იმის თაობაზე, რომ აღნიშნულის სანაცვლოდ გრიგოლიას კოალიციის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში სოლიდურ თანამდებობას დაჰპირდნენ. კერძოდ, საუბარი იყო, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორის თანამდებობის დაკავებაზე.
იმის გათვალისწინებით, რომ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალურმა დირექტორმა გია ჭანტურიამ თანამდებობა ოფიციალურად დატოვა, საზოგადოება ინგა გრიგოლიას გადირექტორობაზე ისევ ალაპარაკდა.
"ივერიონი" ინფორმაციის დასაზუსტებლად თავად ინგა გრიგოლიას დაუაკავშირდა, რომელმაც კატეგორიულად უარყო გავრცელებული ინფორმაცია და განაცხადა:
"მართალია, მე გავაკეთე განცხადება აქტიურ ჟურნალისტიკაში დაბრუნებაზე, მაგრამ აღნიშნული ინფორმაცია მტკნარი სიცრუეა. მე საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსშიც კი არ ვაპირებ მონაწილეობის მიღებას",
ინგა გრიგოლიას ჟურნალისტიკაში მრავაწლიანი გამოცდილება აქვს და მან ძალიან კარგად იცის, რა არის საჭირო არხის კარგად სამართავად. "ივერიონის" კითხვაზე, თუ ვის ისურვებდა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალურ დირექტორად, გრიგოლია კონკრეტული პიროვნების დასახელებისგან თავს იკავებს და აცხადებს:
"ჩემი დიდი სურვილია, რომ "საზოგადოებრივი მაუწყებელი" უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო იყოს. მე აქტიურად ვადევნებ თვალყურს არხის საინფორმაციო გამოშვებებს და მინდა, რომ სხვა გადაცემებიც ასეთივე საინტერესო იყოს. შესაბამისად არხის გენერალურ დირექტორად ისეთი ადამიანი უნდა დაინიშნოს, ვისაც შეხება ჰქონია ტელევიზიასთან და იცის რა არის საჭირო არხის კარგად სამართავად".
რაც შეეხება, გრიგოლიას დაპირებას, რომ იგი რომელიმე ტელეკომპანიაში საკუთარ გადაცემას გააკეთებდა, სიმართლეა.
გრიგოლია ადასტურებს, რომ "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" მიმდინარეობდა აქტიური მოლაპარაკებები გადაცემის გასაკეთებლად, მაგრამ რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანიიდან მან ოფიციალური უარი მიიღო სატელევიზიო ეთერზე.
"მე დავპირდი საზოგადოებას, რომ ჟურანლისტის საქმიანობას დავუბრუნდებოდი და ახალ გადაცემას გავაკეთებდი. ამ პირობას აუცილებლად შევასრულებ. ამ ეტაპზე მაქვს შემოქმედებითი პაუზა, მაგრამ რამდენიმე პროექტზე ერთდროულად ვმუშაობ და პირველად, სწორედ "საზოგადოებრივ მაუწყებელში" შევიტანე ერთ-ერთი პროექტი, მაგრამ უარი მითხრეს. მიზეზად კი ფინანსური კრიზისი დაასახელეს. "პირველი არხის" ახალი გენერალური დირექტორის არჩევის შემდეგ, მე კვლავ ვაპრებ ახალი პროექტის შეტანას და ახალი გადაცემის გაკეთებას",-აცხადებს ინგა გრიგოლია.