ივერიონი / "ნაციონალები" იხდიან, "ქართულ ოცნებას" კი ფული "არ ჰყოფნის"!

"ნაციონალები" იხდიან, "ქართულ ოცნებას" კი ფული "არ ჰყოფნის"!

კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" საკუთარი აქტივისტები "გადააგდო", - ეს ინფორმაცია "ივერიონს" აჭარიდან სარწმუნო  წყარომ, უფრო სწორად კოალიციის ერთ-ერთმა აქტივისტმა მოაწოდა.

 

წყარო ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს: "როცა კოალიციასთან სათანმშრომლოდ მივედით, ასეთი შეთანხმება გვქონდა: "ქართული ოცნების" კოორდინატორებისგან, არჩევნების დასრულებისთანავე, თითოეული ჩვენგანი ჰონორარის სახით მიიღებდა 250 ლარს, რასაც ზედ პრემიებიც დაემატებოდა. თუმცა არჩევნებში გამარჯვების შემდეგ განგვიცხადეს, რომ თანხას ვერ მივიღებდით, რადგან ასეთი დაპირება არ ყოფილა".

 

ამ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, "ივერიონი" დაუკავშირდა ავთანდილ ბურკაძეს, რომელიც არჩევნების დროს აჭარაში რამდენიმე უბანზე იყო კოალიცია "ქართული ოცნების" კოორდინატორი. 

 

როგორც ბატონი ავთანდილი ამბობს, "ასეთი შეთანხმება არ ყოფილა, მე პირადად არავის შევპირებივარ ანაზღაურებას, ჩემი მოწოდება და თხოვნა მხოლოდ და მხოლოდ იმაში გამოიხატებოდა რომ როგორმე თავიდან მოგვეცილებინა "ნაცმოძრაობა". ასე რომ, არ მესმის, საიდან წამოვიდა ეს პრეტენზია.

 

სამწუხაროდ, იგივე მდგომარეობაა საქართველოს მთელ რიგ რეგიონებსა თუ რაიონებში. "ქართული ოცნების" ზოგიერთი აქტივისტი იმასაც აცხადებს, რომ მათ, კოალიციის გამარჯვების შემთხვევაში, ანაზღაურებასთან ერთად სამსახურითაც დააკმაყოფილებდნენ, მაგრამ დღემდე იმედგაცრუებული რჩებიან.

 

"ივერიონს"აქვს სარწმუნო ინფორმაცია, რომ იმავე აჭარაში, დამარცხების მიოუხედავად, "ნაციონალურმა მოძრაობამ" კოორდინატორებს და აქტივისტებს ხელფასები პირწმინდად გადაუხადეს

 

ჩვენის მხრივ კი დავსძენთ, რომ არჩევნებში მხარდაჭერა არ უნდა იყოს ვინმესთვის საჯარო სამსახურში დასაქმების გარანტი. რაც შეეხება შეპირებულ ანაზღაურებას, აქტივისტებმა იგი ნამდვილად უნდა მიიღონ, თუმცა ყოველი მათაგანი ამ დრომდე გაურკვევლობაში იმყოფება. 

 

ვალერი ვახანია

16-12-2012, 19:11
უკან დაბრუნება