ივერიონი / დღეს ეკლესია დიდმოწამე ბარბარეს ხსენების დღეს აღნიშნავს

დღეს ეკლესია დიდმოწამე ბარბარეს ხსენების დღეს აღნიშნავს

მართლმადიდებელი სამყარო დღეს წმინდა დიდმოწამე ბარბარეს ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში საზეიმო წირვა სრულდება.

წმიდა დიდმოწამე ბარბარე III საუკუნის ბოლოსა და IV საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა. მამამისი დიდგვაროვანი წარმართი იყო, რომელსაც სახელად დიოსკორე ერქვა. ის მალე დაქვრივდა.

მამამ ერთ ულამაზეს ბაღში შვილისთვის საგანგებოდ მაღალი კოშკი ააშენა, სადაც წმიდა ბარბარე უცხო ხალხისგან მოშორებით იზრდებოდა. ღვთის განგებით, მან ქრისტიანი თანატოლები გაიცნო და მათგან ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ შეიტყო. წმიდა ბარბარემ იესო ქრისტე  აღიარა და მამისგან ფარულად მოინათლა.

როდესაც დიოსკორემ შვილის გაქრისტიანება გაიგო, ისე განრისხდა, რომ მამობრივი სიყვარული დაავიწყდა და შვილი მოსაკლავად გაიმეტა. წმიდა ქალწული ქალაქის მმართველს თავისი ხელით მიჰგვარა, რომელიც წმიდა ბარბარეს წამებას არ დასჯერდა და ბრძანა, ქალიშვილი ქალაქში შიშველი გამოეყვანათ.

ამ დროს სასწაული მოხდა – წმიდა ქალწულის სხეული ზეციურმა ნათელმა შემოსა. ამის დანახვაზე გონებადაბნელებულმა მამამ ერთადერთ შვილს თავი საკუთარი ხელით მოჰკვეთა.

დიოსკორე და ქალაქის მმართველი ამ საშინელი საქციელისთვის იმავე დღეს დაისაჯნენ – ისინი მეხმა ფერფლად აქცია.

დღესვე, ეკლესია წმინდა იოანე დამასკელის ხსენების დღესაც აღნიშნავს.


17-12-2012, 10:23
უკან დაბრუნება