საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დღეს 900-ზე მეტ ჩვილს მონათლავს.
როგორც „ივერიონს“ საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული ცენტრიდან - „ძლევაი“ აცნობეს, ჩვილთა 25-ე საყოველთაო ნათლობა ბარბარობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, სამების საკათედრო ტაძარში ჩატარდება.
ნათლობა 15:00-დან 19:00 საათამდე პერიოდში გაიმართება. უწმინდესი ტაძარში 20:00 საათისთვის მიბრძანდება, სადაც თავის ნათლულებს დალოცავს.
კათოლიკოს-პატრიარქის ნათლულთა რიცხვი უკვე 13 021-ს შეადგენს. ისინი ჯვარდაწერილი წყვილების ოჯახებში მესამე და მომდევნო შვილები არიან. ნათლულებს საჩუქრად ჯვრები, ნათლობის მოწმობა, სახარება და სანთლები გადაეცემათ.
24-ე ნათლობა 9 სექტემბერს გაიმართა. ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა ყოვლადწმინდა სამების ტაძარში 2008 წლის 19 იანვარს შედგა.
კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივის მიზანია ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება.