პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის დავით ონოფრიშვილის ინიციატივით საკანონმდებლო ინიციატივა განიხილება, რომლის მიხედვითაც, ეროვნულ ბანკს სადაზღვევო ბაზრის რეგულირების ფუნქცია ჩამოერთმევა. შეიქმნება დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, რომელიც რეგულაციის ფუნქციას გადაიბარებს.
ამ ინიციატივას მოწინააღმდეგენი უკვე გამოუჩნდნენ და ინიციატივაში უფრო "პოლიტიკური ელფერი" დაინახეს, ვიდრე რეალური ცვლილების სურვილი.
თუმცა, დავით ონოფრიშვილი გაზეთ "ვერსიასთან" განმარტავს ამ საკანონმდებლო ინიციატივის მიზეზსა და მისი მიღების აუცილებლობას.
"დღეს სადაზღვევო ბაზარი მონოპოლიზებულია, შეზღუდულია კონკურენცია, მოსახლეობა სათანადო სადაზღვევო მომსახურებას ვერ იღებს. სხვა მიმართულებით დაზღვევა ჩვენს ქვეყანაში ნაკლებად განვითარებულია, თუნდაც უძრავ-მოძრავი ქონების, სიცოცხლისა და სხვა. დაზღვევის კანონი 1997 წელს მივიღეთ და მისი ერთ-ერთი ავტორი მეც ვარ. მაშინ დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური ცალკე ერთეულად იყო გამოყოფილი. იმის ნაცვლად, რომ ეს სამსახური ინსტიტუციურად გაეძლიერებინათ, მისი ფუნქციონირება 2007 წელს შეზღუდეს და 2008 წელს ეროვნულ ბანკს დაექვემდებარა. საზოგადოებისთვის უცნობია, თუნდაც ერთი პრეცენდენტი, როდესაც რომელიმე სადაზღვევო კომპანია არასწორი ქმედებების გამო, ვინმეს დაეჯარიმებინა, ან შეეზღუდა მისი მონოპოლიური მდგომარეობა. ბევრ ქვეყანაში სადაზღვევო ბაზარი ეროვნული ბანკის დაქვემდებარების ქვეშ საერთოდ არ არის და ამიტომ ვთვლი, რომ აუცილებელია შეიქმნას დამოუკიდებელი დაზღვევის სახელმწფო ზედამხედველობის სამსახური, რომელიც სადაზღვევო ბაზრის რეგულირებასა და მონიტორინგს რეალურად განახორციელებს", - აღნიშნავს ონოფრიშვილი.
დავით ონოფრიშვილის საკანონმდებლო ცვლილება საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, პირველი მოსმენით, მიმდინარე კვირას განიხილება.