შინაგან საქმეთა სამინისტრომ წინასაარჩევნო პერიოდში ბანკ „ქართუს“ გაკოტრების მცდელობის დანაშაულებრივი სქემა გაშიფრა.
ამის შესახებ შსს-ს პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, შსს-მ გამოიძია და გაშიფრა ორგანიზებულ-დანაშაულებრივი სქემა, რომელშიც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
გიორგობიანის განცხადებით, გეგმა ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიმართ ანგარიშსწორების მიზნით, სააქციო საზოგადოება ბანკი „ქართუს“ გაკოტრებას ისახავდა მიზნად. დანაშაულებრივი სქემა რამდენიმე ეტაპისგან შედგებოდა.
„მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკურ პროცესებში აქტიური ჩართვის შესახებ განცხადება გააკეთა, ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა შეიმუშავეს და პარლამენტმა დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის თანახმადაც, საგადასახადო დავალიანების აღმოჩენის შემთხვევაში, სახელმწიფოს უფლება ეძლეოდა, იურიდიული პირების ქონება აუქციონის წესით გაეყიდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქონება ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით იყო დატვირთული“, - განაცხადა გიორგობიანმა.
მისი თქმით, იმ მიზნით, რომ ბანკ „ქართუს“ ეს ქონება გონივრულ ფასში არ გამოესყიდა, აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის ნიკოლოზ მელიას უშუალო ორგანიზაბით, აუქციონის ჩაშლა ხდებოდა, რის შემდეგადაც აღსრულების ეროვნული ბიურო ქონებას ეკონომიკის სამინისტროს გადასცემდა.
შსს-ს ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტრო პრეზიდენტის განკარგულებით, აღნიშნულ ქონებას პირდაპირი მიყიდვის წესით ასხვისებდა.
გიორგობიანის განცხადებით, აღნიშნული კანონის მიღება მხოლოდ და მხოლოდ „ქართუს“ გაკოტრებაზე იყო გათვლილი, რომლის ბენეფიციარი მესაკუთრე იმ დროისთვის ბიძინა ივანიშვილი იყო.
„დანაშაულებრივი სქემის თანახმად, ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილ იმ ბიზნესმენებს, რომლებსაც „ქართუში“ საკრედეტო დავალიანება გააჩნდათ, არარსებული საგადასახადო დავალიანება უნდა ეღიარებინათ. ამის შემდეგ, იმ ქონებას, რომელიც ბანკის მიერ იპოთეკით იყო დატვირთული, აუქციონზე გაიტანდნენ, სადაც მყიდველი არ დაფიქსირდებოდა“,- განაცხადა გიორგობიანმა.
მისივე თქმით, აღნიშნულ ქონებას ეკონომიკის სამინისტრო პირდაპირი მიყიდვის წესით, სხვა კომპანიებზე სიმბოლურ ფასში გაყიდდა, რომლებსაც სინამშდვილეში ამავე ქონების ყოფილი მეპატრონეები აკონტროლებდნენ.
გიორგობიანის ინფორმაციით, ამ გზით, ხელისუფლებასთან დაახლოებულ ბიზნესმენებს ქონებაც არ ეკარგებოდათ და დანაშაულებრივ სქემაში მონაწილეობით ბანკი „ქართუს“ საკრედიტო დავალიანება უუქმდებოდათ.
როგორც შსს-ს პრესსამსახური აცხადებს, დაზარალებული ბანკი რჩებოდა, რომელსაც იმ დროისთვის მეწარმე-სუბიექტებისთვის 59 997 000 დოლარისა და 3 757 000 ლარის კრედიტები ჰქონდა მიცემული.
„2011 წლის ნოემბრის დასაწყისში იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა საკუთარ კაბინეტში შემოსავლების სამსახურის ყოფილი უფროსი ჯაბა ებანოიძე დაიბარა, „ქართუს“ გაკოტრების სქემა გააცნო და მისი განხორციელება დაავალა. ჯაბა ებანოიძემ კი, მისი შესრულება შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის სამმართველოს იმჟამინდელ უფროსს მამუკა ლაშხიას და მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეს ოთარ აგლაძეს დაავალა“, - აღნიშნა გიორგობიანმა.
მისივე განცხადებით, აღნიშნული პირები ხელისუფლებასთან დაახლოებულ იმ ბიზნესმნებს დაუკავშირდნენ, რომლთა კომპანიებსაც საკრედიტო დავალიანება გააჩნდათ.
შსს-ს ინფორმაციით, ასეთ კომპანიებს შორისაა: მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის „ინტერპლასტი“, შსს-ს იჟამინდელი კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ერეკლე კოდუას ახლო ნათესავების საწარმოები, სააქციო საზოგადოება „პირიმზე“, სამკერვალო ფაბრიკა „ლაურა ღაჭავა“, ამხანაგობა „თეთრი სახლი“ და შპს „ლოგოსი“.
გიორგობიანის თქმით, ჯაბა ებანოიძემ, მამუკა ლაშხიამ, მამუკა აგლაძემ, ეკონომიკის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ დავით გიორგაძემ და ბიზნესმენებმა გამოძიებასთან ითნამშრომლეს და სამართალდამცველებს დანაშაულებრივი სქემის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
შსს-ს ცნობით, სისხლის სამართლის საქმეში არსებული ჩვენებებითა და სხვა უტყუარი მატერიალური მტკიცებულებებით დასტურდება, რომ დანაშაულებრივ სქემაში შეთანხმებულად და ორგანიზაებულად მოქმედებდნენ ყოფილი ხელისუფლების სხვადასხვა რგოლები - საქართველოს პარლამენტი, იუსტიციის, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროები.
გიორგობიანის განცხადებით, გამოძიება გრძელდება და დამატებითი დეტალები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.