ივერიონი / იური მეჩითოვი სამინისტროში "უშრეტი წყაროს" თანამდებობაზე დაინიშნა?!

იური მეჩითოვი სამინისტროში "უშრეტი წყაროს" თანამდებობაზე დაინიშნა?!

"კულტურის მინისტრის მოადგილედ ჩემი არდანიშვნა პირდაპირ კავშირშია საზოგადოებაში ჩემზე გავრცელებულ ინფორმაციასთან", _ ამის შესახებ "ტაიმერის" პრესკლუბში ფოტოგრაფმა იური მეჩითოვმა განაცხადა..


სოციალურ ქსელ "ფეისბუქით" გავრცელდა იური მეჩითოვის ვიდეოჩანაწერი, სადაც ის გურულებზე ანეკდოტს ჰყვება, რამაც საზოგადოების გარკვეული ნაწილის განაწყენება გამოიწვია. 


ამის შემდეგ მალევე გახდა ცნობილი, რომ მეჩითოვი კულტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობას არ დაკავებდა.


მეჩითოვი არ უაყოფს გავრცელებული ვიდეოს შინაარსს, თუმცა აღნიშნავს, რომ იქ ბევრი რამ ჩამატებული იყო. ამას კი მის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიის ნაწილად მიიჩნევს.


"ვიდეოჩანაწერი ინტერნეტსივრცეში უკვე წელიწადნახევარია არსებობს და რატომღაც, ახლა გაახსენდათ. ფოტოები მე თვითონ ავტვირთე ჩემს პირად გვერდზე. ამ ყველაფერზე საზოგადოებას ცუდი რეაქცია ჰქონდა, მაგრამ მე  მიმაჩნია, რომ ეს იყო კოორდინირებული, ბინძური კამპანია ჩემს წინააღმდეგ. მე მაქვს საკმარისი გამოცდილება და პროფესიონალიზმი, რომ აღნიშნული თანამდებობა დამეკავებინა", - აცხადებს მეჩითოვი.


კულტურის მინისტრის გურამ ოდიშარიას განცხადებით, მეჩითოვი საზოგადოებრივ აზრს მსხვერპლად შეეწირა და ამ ყველაფერს "აბსურდის თეატრად" აფასებს.


მართალია, იური მეჩითოვი კულტურის მინისტრის მოადგილედ აღარ დაინიშნება, მაგრამ კულტურის სამინისტროში დღემდე რჩება. მიუხედავად ჟურნალისტების არაერთგზის მცდელობისა, რომ გაგვერკვია, რა თანამდებობას იკავებს ამჟამად სამინისტროში, შეუძლებელი აღმოჩნდა.


"მე არ მაქვს სამუშაო კაბინეტი და თანამდებობა, მაგრამ მე ვარ ინფორმაციის უშრეტი წყარო", - ასეთია მისი პასუხი ჩვენს კითხვაზე.

17-12-2012, 16:07
უკან დაბრუნება