დედაქალაქის ქუჩებში ინტენსიური თოვლის გამო, შესაბამისი სამსახურები ტექნიკურ მარილს ყრიან.
როგორც „ივერიონს“ მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, მარილის დაყრა წუხელ, გვიან ღამით დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქუჩებში ტრანსპორტის გადაადგილებაზე სერიოზული შეფერხებები არ ფიქსირდება.
„ტექნიკა სრულადაა მობილიზებული და დედაქალაქში არსებულ ყველა ქუჩაზე როგორც ცენტრალურ, ასევე ცენტრალური უბნებს მიღმა, მარილს ყრიან, რაც მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება“, - აცხადებენ პრესასამსახურში.
მათივე განცხადებით, მერიაში არსებობს ცხელი ხაზი - 2 72 22 22, რომელზეც მოსახლეობას პრობლემის შექმნის შემთხვევაში, შეუძლია დარეკოს. შესაბამისად, მერია მოქალაქეების მიერ დაფიქსირებულ პრობლემებს შეისწავლის.
მერიის პრესსამსახურში ამ ეტაპზე არ ფლობენ ინფორმაციას, გამოუყოფს თუ არა თბილისის მერია თოვლისა და ყინვის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს მკურნალობის ხარჯებს.
ამასთან, როგორც პრესსამსახურში აცხადებენ, მსგავსი პრობლემებით ცხელ ხაზზე ზარები ჯერ არ შესულა.