ახმეტის რაიონში მგლების ლიკვიდაციისთვის მოსახლეობა მონადირეთა ჯგუფების შექმნას ითხოვს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ახმეტის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა ზაურ უძილაურმა აცნობა, თოვლის მოსვლის შემდეგ მგლები საქონელს მასობრივად ანადგურებენ.
„დიდთოვლობის გამო ნადირი მთიდან ბარში ჩამოვიდა. პირდაპირ ეზოებში შემოდიან. წუხელ სახედარი შეჭამეს, ილტოს ხეობაში ძროხა, პანკისის ხეობაში კი 21 სული ცხვარი დაგლიჯეს. ახმეტის გამგებელს უნდა ვთხოვოთ, ნება დაგვრთონ, რომ მონადირეთა ჯგუფი შევქმნათ, სხვა გზა არ არის“, – განაცხადა ზაურ უძილაურმა.
მონადირეთა ჯგუფის შექმნას სოფელ ჯოყოლოშიც ითხოვენ. „ჯოყოლოში, ომარ მუთოშვილის ეზოში, დღისით 6 მგელი შევარდა და დაბმული ვირი შეჭამა. პატრონი უყურებდა, ყვიროდა, მიშველეთო, მაგრამ იმ ხროვასთან, ვინ რას გახდებოდა. დაცვის მიზნით აუცილებელია მონადირეთა ჯგუფის შექმნა“, - აღნიშნა სოფლის გამგებელმა.
მონადირეთა ჯგუფის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს ხალაწანის რწმუნებული ზეზვა გონეშაშვილიც. მისი თქმით, მგლები ქუჩაში დადიან, რაც მოსახლეობასაც დიდ საფრთხეს უქმნის.