ვაშინგტონში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ხალხთაშორისი და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ქართული უწყებათაშორისი დელეგაცია მინისტრის მოადგილეების დონეზე იყო წარმოდგენილი.
ქართული მხრიდან შეხვედრას თანათავმჯდომარეობას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი, ხოლო ამერიკული მხრიდან სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ბეი ფენგი და USAID-ის ადმინისტრატორის თანაშემწის მოადგილე ჯონათან ჰეილი უწევდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩართულობის თემები, მათ შორის, საერთო პროგრამებისა და ინიციატივების განხორციელების შესაძლებლობები, საქართველოსთვის „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ მე-2 კომპაქტის მინიჭების საკითხი, თანამშრომლობა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროებში და სხვა საკითხები განიხილეს.