საპარლამენტო უმცირესობის წევრი ნუგზარ წიკლაური ქუთაისში მომხდარ ინციდენტს პოლიტიკური ანგარიშსწორების კლასიკურ მაგალითს უწოდებს.
როგორც მან „ივერიონთან“ საუბრისას აღნიშნა, პრეზიდენტთან დაკავშირებულ ინციდენტის შეფასება ყველას მხრიდან იდენტური იქნება.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში პრეზიდენტთან შეხვედრა მიმდინარეობდა, როდესაც სპეციალურმა ჯგუფებმა, რომლებიც, როგორც ჩანს, უშუალოდ პრემიერ-მინისტრის მიერ იყო ორგანიზებული, შენობაზე შეტევა მიიტანეს.
„ნაწილი შენობაში შემოჭრას ცდილობდა, ნაწილი პრეზიდენტის ესკორტს მისდევდა და ქვებს ესროდა. ზოგიერთი აგინებდა და ზოგ შემთხვევაში, პარლამენტის წევრებს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა. შეუძლებელია, რომ ეს ვინმეს მხრიდან იყოს მოწონებული“, - განაცხადა წიკლაურმა.
მისი თქმით, ხელისუფლებამ, რომელსაც ამდენი ძალაუფლება აქვს, ძალიან ბევრი რაიონის თვითმმართველობებში ძალადობის გზით შეჭრა და მათთვის სასურველი კანდიდატურების დანიშვნა მოახერხა.
წიკლაურის განცხადებით, როდესაც უზარმაზარი ძალაუფლების მქონე ხელისუფლება გადაწყვეტს, რომ ქუჩის აქციებით და ზონდერ ბრიგადების მისევით უნდა მიიღოს სასურველი შედეგი, ასეთ ხელისუფლებას დიდი დღე არ აქვს.
„ეს ყველა იმ სახელმწიფო სტრუქტურაზე გავლენის დამყარების მცდელობაა, რომელსაც ისინი დემოკრატიული გზით ვერ აკონტროლებენ. სამწუხაროდ, მცდელობა იმისა, რომ ცივილიზებული ურთიერთობებზე გადასვლა მომხდარიყო, არ შედგა. დღეს სახეზე გვაქვს მცდელობა, რომ საქართველოში დიქტატურა დამყარდეს და განსახვავებული აზრი საერთოდ აღარ არსებობდეს“, - აღნიშნა ნუგზარ წიკლაურმა.
რაც შეეხა იმას, თუ რატომ არ განმუხტა სიტუაცია საპატრულო პოლიციამ, წიკლაური მიიჩნევს, რომ ესეც პრობლემაა, რადგან ინციდენტი არა ერთი და ორი წუთის, არამედ თითქმის ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
„საინტერესოა, რატომ არ მოვიდნენ იქ სამართალდამცველები. თუ ეს დასაბუთდა, რომ მათ დროული ინფორმაცია ჰქონდათ, სავსებით შესაძლებელია, რომ ესეც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი იყოს. სახეზე პოლიტიკური ანგარიშსწორების კლასიკური მაგალითი გვაქვს“, - განაცხადა წიკლაურმა.
მისივე თქმით, ხელისუფლებას, რომელიც წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებას ვერ ახერხებს, სურს, რომ საზოგადოების ყურადღება არა იმ სოციალური საკითხებისკენ იყოს მიპყრობილი, რისთვისაც მათ ხმა მისცეს, არამედ ხმაურიანი დაჭერებისა და ანგარიშსწორებისკენ.
„ეს ყველაფერი არაფერს აძლევს თვითონ ხალხს. ეს შეიძლება გაგრძელდეს ერთი ან ორი თვის განმავლობაში, მაგრამ მცდელობები, რომ ყურადღება ხალხისთვის მნიშვნელოვანი პრობლემებიდან მსგავს საკითებზე გადაიტანონ, მუდმივად ასეთი რამ არავის გამოსვლია და არც ივანიშვილს გამოუვა“, - აღნიშნა ნუგზარ წიკლაურმა.
ქუთაისში გუშინ, მიხეილ სააკაშვილის ექსკორტს აქციის მონაწილეებმა ქვები დაუშინეს, ხოლო საპარლამენტო უმცირესობის წევრს აკაკი მინაშვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.