“გუშინ პოლიციელებმა დილიდან მიიღეს დავალება, რომ "გარკევული სუბიექტებისთვის" ხელი შეეწყოთ, რომ "რაღაც გაეკეთებინათ პრეზიდენტისთვის",-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა რუსთავის საკრებულოში, ქუთაისში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.
"ერთადერთი არჩევნების შემდეგ, რაც არის გასახარებელი არის ის, რომ ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანი აღმოჩნდა, რომელიც ღირსეულად უძლებს ზეწოლას. გუშინ შეხვედრა მქონდა ქუთაისის საკრებულოში, სადაც პირიქით "ნაციონალურ მოძრაობაში" გადავიდა ხალხი. ამ შემთხვევაში მე ვლაპარაკობ როგორც ინსტიტუტების გარანტორი და არა როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი. ის რაც ხდება, ეს არის ზეწოლა ინსტიტუტებზე. ძალიან მეწყინა ქუთაისში. "ფეისბუქზე" ბევრ წერილს ვიღებ, რომ არ იყვნენ ის ხალხი ქუთაისელები და არ მწყენოდა. ყველაზე კარგად ვიცი, ვინც იყვნენ ის საოცრებები ვინც იქ იყვნენ შეკრებილები. პოლიციელები სულ ბოდიშს იხდიდნენ, რადგან დილიდან მიიღეს ინსტრუქცია, რომ არ გაკარებოდნენ სიტუაციას და მიეცათ საშუალება სუბიექტებისთვის და ერთი კონკრეტული პარტიის აქტივისტებისთვის, რომ რაღაცა გაეკეთებინათ პრეზიდენტისთვის", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ხელისუფლების გუშინდელმა მცდელობამ შწედეგი რომ ვერ გამოიღო, ახლა კანონი შეაქვთ პარლამენტში, რათა დაცვა ჩამოაშორონ.
"წაიღონ დაცვა, კი ბატონო, დაცვა სჭირდება იმას, ვინც ამას აკეთებს. მე დაცვა არ მჭირდება არც ჩემი ხალხისგან და არავისგან. მე არც ქონება მაქვს დასაცავი სიამოვნებით ვივლი მარტო, შევხვდები ყველას და მაინც ყველაზე მაგარ სამუშაოს ჩავატარებთ და მაინც მივაღწევთ იმას, რომ საქართველოში აღდგება კანონიერება და წესრიგი", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.