ივერიონი / ლაშა ჩხარტიშვილი გარემოვაჭრეებს პარლამენტში ქომაგობს

ლაშა ჩხარტიშვილი გარემოვაჭრეებს პარლამენტში ქომაგობს

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე „გარე ვაჭრობის შესახებ“ საკანონმდებლო წინადადება განიხილეს. რომლის ინიციატორიც უფლებადამცველი ლაშა ჩხარტიშვილია.


მისი განცხადებით, საკანონმდებლო წინადადება რამდენიმე წლის წინ მომზადდა და ავტორს მისი განხილვის მოთხოვნა წინა მოწვევის პარლამენტშიც ჰქონდა, თუმცა მას ამის საშუალება არ მიეცა.


ჩხარტიშვილის ინფორმაციით, მან შეისწავლა და კანონპროექტში ასახა ევროპული და მსოფლიო წამყვანი ქვეყნების მიდგომა გარე ვაჭრობასთან დაკავშირებით. წარმოდგენილი დოკუმენტი სწორედ, გარე ვაჭრობის განხორციელების წესებს და მისი ნებართვის გაცემის პროცედურებს განსაზღვრავს.


მისივე განცხადებით, კანონპროექტის მიღება 10 ათასამდე გარე მოვაჭრის პრობლემას მოაგვარებს და აღნიშნული საქმიანობა კანონმდებლობით დარეგულირდება.


კომიტეტის თავმჯდომარის, ზურაბ ტყემალაძის მოსაზრებით, წარმოდგენილი ინიციატივა მეტად მნიშვნელოვანია, მაგრამ იგი საფუძვლიან შესწავლას და დახვეწას საჭიროებს. მისივე განცხადებით, კომიტეტში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი პარლამენტის წევრის, გია ჟორჟოლიანის ხელმძღვანელობით, რომელიც წინადადების ავტორთან და საკითხით დაინტერესებულ პირებთან ერთად შეისწავლის კომიტეტში გამოთქმულ შენიშვნებს და ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების მოსაზრებებზეც იმსჯელებს.


იუსტიციის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები დაეთანხმნენ კომიტეტის თავმჯდომარის მოსაზრებას და საკითხის შემუშავების პროცესში ჩართვაზე მზადყოფნა გამოთქვეს.

20-12-2012, 14:58
უკან დაბრუნება