თბილისის საკრებულოს დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ კოკი იონათამიშვილი მაღალჩინოსნების დაკავებას ქვეყნის განვითარების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას უწოდებს.
როგორც მან დღეს პოლიციის მთავარ სამმართველოსთან გამართულ აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, შესაძლოა, ის შეცდომები, რაც დღევანდელმა მთავრობამ დაუშვა დაკავებული ნიკა გვარამიასა და რამდენიმე ადამიანის დაუყოვნებლივ გათავისუფლებით ნაწილობრივ გამოსწორდეს.
მისი თქმით, ის ე.წ. ვიდეობრალდებები არანაირ მტკიცებულებებს არ შეიცავდა, მით უმეტეს, რომ კომპანია „ინტერ რაო ეეს“-მა განცხადება უკვე გაავრცელა.
„ეს ცალსახა პოლიტიკური დევნაა. დაკავებები რომელიმე პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ კი არა, საზოგადოების და ჩვენი განვითარების წინააღმდეგაა მიმართული. ამიტომ, საზოგადოების ფენებმა დაუყოვნებლივ უნდა გამოხატოს აზრი. ის, რაც ყველამ ერთად ვაშენეთ, თვალსა და ხელს შუა ინგრევა“, - განაცხადა იონათამიშვილმა.
ამასთან, იონათამიშვილი დარწმუნებულია, რომ დღევანდელ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას კეთილგონიერება ეყოფა და გუშინ დაკავებულებს გაათავისუფლებს.
იუსტიციისა და განათლების ყოფილი მინისტრი, ამჟამად ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, ფინანსთა და ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, კომპანია „თელასის“ გენერალური დირექტორი დევი კანდელაკი და ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე კახა დამენია, ასევე გიორგი ნემსიწვერიძე და იზაბელა გუტიძე გუშინ საღამოს დააკავეს.
დაკავებულებს დიდი ოდენობით ქრთამის აღებასა და დანაშაულებრივ ქმედებაში ედებათ ბრალი.
მათ მხარდასაჭერად დღეს პოლიციის მთავარ სამმართველოსთან სოლიდარობის აქცია გაიმართა.