ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის 2012 წლის 20 დეკემბრის ოფიციალური განცხადების თანახმად, საქართველოსა და რუსეთის მოქალაქე ზაქრო კალაშოვი საერთაშორისო კრიმინალური დაჯგუფების - „საძმო"-ს (The Brothers' Circle) ერთ-ერთ წამყვან წევრად დასახელდა. საერთაშორისო კრიმინალური დაჯგუფების სტატუსი „საძმო"-ს პრეზიდენტ ობამას აქტით 2011 წლის 24 ივლისს მიენიჭა. სახაზინო დეპარტამენტს იმავე აქტით დაევალა ორგანიზაციის წევრების გამოვლენა და მათ წინააღმდეგ სანქციების გატარება მათი გლობალური ფინანსური სისტემიდან გამოდევნის მიზნით.
20 დეკემბრის განცხადებიდან ნათელი ხდება, რომ კრიმინალური ორგანიზაციის წევრად გამოცხადება ამერიკის შეერთებული შტატების იურისდიქციის ფარგლებში ზაქრო კალაშოვის ხელთ არსებული ყველა ფინანსური აქტივის გაყინვასა და ამერიკელი სუბიექტებისათვის მასთან ფინანსური ურთიერთობის აკრძალვას გულისხმობს.
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მიესალმება ამერიკის შეერთებული შტატების უახლეს ეკონომიკურ სანქციებს საერთაშორისო კრიმინალური დაჯგუფებებისა და მათ წევრთა წინააღმდეგ. იუსტიციის სამინისტრო კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მსგავსი ზომების მნიშვნელობას მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისათვის და აღნიშნავს ამერიკის შეერთებული შტატების განსაკუთრებულ როლს ამ საქმეში.
ქართული მხარე გააგრძელებს საკუთარი წვლილის შეტანას საერთაშორისო კრიმინალური ორგანიზაციებისა და მათი წევრების წინააღმდეგ ბრძოლაში და ამ მიზნით აცხადებს მზადყოფნას სხვადასხვა ქვეყანასთან, განსაკუთრებით კი - სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის.