საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის ევროინტეგრაციული კურსის განვითარებისთვის, ყარსი-ახალქალაქის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის შესაძლო შეჩერებას საგანგაშოდ მიიჩნევს.
ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა მას შემდეგ განაცხადა, რაც პრემიერსა და ახალ მთავრობას აღნიშნული პროექტის მშენებლობასთან დაკავშირებით კითხვები გაუჩნდა.
სააკაშვილის განცხადებით, პრემიერისა და მთავრობის ამგვარი ინიციატივები ქვეყანას ევროპისგან აშორებს.
„ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის თემის გადახედვის შესახებ გაკეთებულმა განცხადებამ ძალიან შემაშფოთა. იმიტომ, რომ ეს საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პროექტია. ეს არის რკინიგზა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რუსეთის გვერდზე ავლით, პირდაპირ ევროკავშირის ქვეყნებს დავუკავშირდეთ“,- განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, აღნიშნულ პროექტზე იმის თქმა, რომ თურმე ეკოლოგიას საფრთხე ემუქრება, მიუღებელია.
მეორე საკითხი კი, პრეზიდენტის განცხადებით, იმის შესახებ მოლაპარაკებების მიმდინარეობას შეეხება, რომ რუსულ ელექტროენერგიაზე „რაღაცეების“ სანაცვლოდ მთლიანად გადავერთოთ და რუსულ ელექტროკომპანიაზე პრაქტიკულად, ყველანაირი ვალდებულება მოვხსნათ.
„მთავრობის და პრემიერ-მინისტრის ორივე გადაწყვეტილება და განცხადება ევროპისგან გვაშორებს და კაბალური ურთიერთობებით რუსეთის ფედერაციასთან გვაკავშირებს. ვფიქრობ, ეს საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებში არ შედის, ეწინააღმდეგება ყველაფერ იმას, რასაც ბოლო წლების განმავლობაში ვაკეთებდით“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისივე განცხადებით, ვლადიმერ პუტინისთვის მთავარია, რომ საქართველო რუსეთთან ენერგეტიკის, ტრანსპორტის თვალსაზრისით, სტრატეგიულად იყოს დაკავშირებული.
ამასთან, მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ მერე საქართველომ რამდენიც არ უნდა თქვას, რომ ნატო-ში ინტეგრაცია ან ევროკავშირთან დაახლოება უნდა, ამას მნიშვნელობა აღარ ექნება.
პრეზიდენტი კატეგორიულად მოითხოვს, რომ მსგავსი საკითხები საზოგადოებრივი განხილვის თემა იყოს.