„საქართველოსა და პორტუგალიის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმებას“ მოეწერა ხელი.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მხრიდან, აღნიშნულ შეთანხმებას ხელი მოაწერა პორტუგალიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი გორგილაძემ, ხოლო პორტუგალიის მხრიდან სახელმწიფო მინისტრმა საგადასახადო საქმეებში პაულუ დე ფარია ლინსე ნუნსიუმ.
პორტუგალიის საგარეო უწყებაში გამართულ ხელმოწერის ცერომონიას პორტუგალიის მხრიდან ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრი მიგელ მორაიშ ლეიტაუ, საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური მდივანი ანტონიო რიბეირუ და სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ქართული მხრიდან კი ცერომონიას საელჩოს მრჩეველი ნინო სანაძე და კონსული რევაზ ლომინაძე დაესწრნენ.
სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული შეთანხმების გაფორმება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარების საქმეში მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს.