ივერიონი / მაღალჩინოსანთა სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

მაღალჩინოსანთა სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

ნიკა გვარამიას, ალექსანდრე ხეთაგურის,  "თელასის" გენერალური დირექტორის, დევი კანდელაკის, ასევე კახა დამენიას,  გიორგი ნემსიწვერიძისა და იზაბელა გუტიძისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს.

როგორც  დაკავებულთა ადვოკატები ჟურნალისტებთან საუბარში  გუშინ ვარაუდს გამოთქვამდნენ, ბრალდების მხარე აღნიშნული პირებისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების  საკითხს დააყენებს.


ნიკა გვარამიას, ალექსანდრე ხეთაგურს, კახა დამენიას, დევი კანდელაკს, გიორგი ნემსიწვერიძესა და იზაბელა გუტიძეს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს. საუბარია ცრუ მეწარმეობაზე, დოკუმენტაციის გამოყენება-გაყალბებასა და დიდი რაოდენობის ქრთამის აღების მცდელობაზე.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ერთობლივად გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ქრთამის აღების,  ამ დანაშაულის შენიღბვის მიზნით ოფიციალური და საგადასახადო დოკუმენტების გაყალბების ბრალდებით დააკავეს პირები,  რომელთა შორისაც არიან  ენერგეტიკისა და ფინანსთა ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, განათლებისა და იუსტიციის ყოფილი მინისტრი ნიკა გვარამია და ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე კახა დამენია.

22-12-2012, 11:01
უკან დაბრუნება