„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის არჩევნები ფორმალური ხასიათისა იქნება, რადგან მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს უკვე გადაწყვეტილი აქვს, თუ ვის აირჩევს ამ პოსტზე.
ამის შესახებ „ივერიონს“ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ერთ-ერთმა ჟურნალისტმა განუცხადა. მისი თქმით, სამეთვალყურეო საბჭოს ფავორიტი გიორგი ბარათაშვილია, რომელიც გიორგი ჭანტურიას გადადგომის შემდეგ, არხის გენერალური დირექტორის მოვალეობას ასრულებს. წყარო ირწმუნება, რომ გიორგი ბარათაშვილი გიგა ბოკერიას და თამარ კინწურაშვილის მეგობარია და არჩევანსაც ბორდი სწორედ ამის გამო შეაჩერებს მასზე.
„გიორგი ბარათაშვილი იყო გენერალური დირექტორის მოადგილე ტექნიკურ დარგში. მას დამთავრებული აქვს თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტი, აქვს საფინანსო-საბანკო საქმიანობის მენეჯერ-ბაკალავრის სტატუსი. ბარათაშვილმა საერთოდ არ იცის ტელევიზიის შემოქმედებითი მხარე და „საზოგადოებრივი მაუწყებლის„ ჟურნალისტები და პროდიუსერები მის დირექტორად არჩევას მხარს არ უჭერენ. თუმცა მათ არავინ ეკითხება და ბორდის თავმჯდომარე ლევან გახელაძე, ბორდის მორჩილი წევრების მეშვეობით, უზრუნველყოფს არჩევნების მეორე ტურში ბარათაშვილის გამარჯვებას. გარდა იმისა, რომ ბარათაშვილი ბოკერიასა და კინწურაშვილის მეგობარია, მისი დირექტორად არჩევა სხვა მიზეზითაც სურთ. გიორგი ჭანტურიას გადადგომის ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ მან უარი თქვა არხიდან 500-მდე თანამშრომლის გაშვებაზე და დიდ სკანდალს მოერიდა. ტელევიზიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ გიორგი ბარათაშვილი, გენერალურ დირექტორად არჩევის შემთხვევაში, მზად არის, ეს 500-მდე თანამშრომელი პირველი თებერვლიდან დაითხოვოს“, - განუცხადა „ივერიონს„ „საზოგადოებრივი მაუწყებლის„ ჟურნალისტმა.
მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის, ტელევიზიაში გიორგი ბარათაშვილის 10-ზე მეტი ნათესავი და მეგობარი მუშაობს, მისი მეუღლე ანი ნადირაძე კი, დილის გადაცემის რუბრიკა „დიალოგის“ წამყვანია.
შეგახსენებთ, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის„ გენერალური დირექტორის პოსტზე პრეტენზიას 138 კანდიდატი აცხადებდა. მეორე ტურში ის კანდიდატები გავიდნენ, ვინც სამეთვალყურეო საბჭოს 7 ან მეტი წევრის ხმა მიიღო. დირექტორობისთვის ბრძოლას აგრძელებენ გიორგი ბარათაშვილი, თინათინ(თიკა) რუხაძე, ნათია აბრამია, მეგი თავდუმაძე და ნიკოლოზ მახარაშვილი.
ვალერი ვახანია