თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაკავებულ ყოფილ მაღალჩინოსნებს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლებენ.
სასამართლომ დაკავებულ ნიკა გვარამიას, ალექსანდრე ხეთაგურს და კახა დამენიას აღმკვეთი ღონისძიების სახით, 30 000 ლარის, ხოლო იზაუტა გუტიძეს და გიორგი ნემსიწვერიძეს 15-15 000 ლარის ოდენობის გირაოს გადახდა შეუფარდა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, დაკავებულები აღნიშნული თანხის გადახდისთანავე გათავისუფლდებიან.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე დაკავებული ხუთი მაღალჩინოსნისთვის ორთვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. ადვოკატმა კი არასაპატიმრო ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობა, ხოლო მოგვიანებით გირაოს შეფარდების საკითხი დააყენა.
დაკავებულ ყოფილ მაღალჩინოსანებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 5 სხვადასხვა მუხლით გუშინ წაუყენეს. საუბარია ცრუ მეწარმეობაზე, საგადასახადო დოკუმენტაციის გამოყენება-გაყალბებასა და დიდი რაოდენობის ქრთამის აღების მცდელობაზე.
სასამართლო სხდომა 11:00 საათზე დაიწყო და ცოტა ხნის წინ დასრულდა.