„ივერიონისთვის“ ცნობილი გახდა, რომ ქარელის რაიონის საბავშვო ბაღებში გათბობის პრობლემაა. „დეკემბერი მთავრდება და ბაღებს შეშა არა აქვთ. რომ არა მშობლების მონდომება და შესაძლებლობა, პატარები ან საერთოდ ვერ ივლიდნენ ბაღში, ან სიცივეში მოუწევდათ ყოფნა“, - განუცხადა „ივერიონს“ რაიონის მკვიდრმა.
მისივე თქმით, რაიონის ძველმა ხელმძღვანელობამ თანამდებობიდან წასვლის მოლოდინში, აღარ შეიწუხა თავი ამ პრობლემის მოგვარებით, ახალი კი აცხადებს, რომ ჯერ ახლა მოვიდა, საქმეში გაერკვევა და პრობლემას მერე მოაგვარებს.
ისე, საინტერესოა, რამდენი ხანი სჭირდება საქმეში გარკვევას, ან საერთოდაც, რა არის გასარკევვი? ფაქტია, რომ ბავშვებს სცივათ და რაიონის ხელმძღვანელობა ვალდებულია, ეს პრობლემა დაუყოვნებლივ მოაგვაროს, ან იქნებ, ამაზე უფრო პრიორიტეტული აქვთ რამე?
ამის გასარკვევად „ივერიონი“ ქარელის რაიონის გამგეობას დაუკავშირდა. გამგეობის თანამშრომელმა ჩვენთან საუბარში განმარტა, რომ წელს რაიმე განსაკუთრებულ შემთხვევასთან საქმე არ ჰქონიათ და რომ არც წინა ხელისუფლებას დაუშავებია რამე და არც ახალი აპირებს უმოქმედობას.
„საქმე იმაშია, რომ მოგეხსენებათ, რეგიონებში საბავშვო ბაღები ძირითადად, შეშით თბება. ბაღებში შეშის შეტანას კი ბოლო რამდენიმე წელიწადია ადგილობრივი მუნიციპალიტეტები აღარ უზრუნველყოფენ, არამედ არსებობს სააღმზრდელო გაერთიანებები, რომელთაც შემოაქვთ განცხადებები გამგეობაში, შემდეგ ეს განცხადებები იგზავნება გუბერნიაში და ამის მერე ცხადდება ტენდერი. ტენდერის გამოცხადებიდან 22 დღის ვადაში გამოვლინდება გამარჯვებული, რომლიც შეიტანს ბაღში შეშას“, - აგვიხსნეს პრესამსახურში.
მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ რთული და ჩახლართული სქემაა, გასაოცარი მაინც ის არის, რომ მთელი ეს პროცედურა თურმე დეკემბრის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს! ანუ, გამოდის, რომ ქარელის რაიონში ან იანვრიდან უნდა დადგეს ზამთარი, ან ბავშვებმა უნდა გამოიმუშაონ სიცივისადმი იმუნიტეტი.
გამგეობაში ისიც გვითხრეს, რომ საქმე ცუდად სულაც არ არის, რამდენიმე ბაღს კარგი გამგე ჰყავს, შარშანდელიდან შეშა შემოინახა და პრაქტიკულად, გათბობის პრობლემა არ შექმნიათო. სადაც გამგეში არ გაუმართლათ, იქ მშობლებმა იყოჩაღეს: ფული შეუგროვებიათ და ვიდრე ხელისუფლება მოწყალებას გაიღებს, იქამდე სამყოფი შეშა შეუძენიათ. „ძვირი მაინც არ უჯდებათ და რა მოხდაო“, - ასეთია რაიონის გამგეობის თანმშრომლის პასუხი.
ისე ერთიც კია, ცენტრალური ხელისფლების გადაწყვეტილება, ბაღების გათბობით უზრუნველყოფის შესახებ, ასეთია და ადგილობრივებიც მიჰყვებიან ზემოდან წამოსულ დირექტივას. ბოლო რამდენიმე წელია ბაღების შეშით მომარაგების პირობები და წესები შეიცვალა. არადა, მანამდე ბაღების შეშით უზრუნველყოფა ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს ევალებოდათ და პრობლემაც უფრო მარტივად გვარდებოდა.
იმედია, ახალი ხელისუფლება ამგვარ ხარვეზებს გამოსწორებს, თუმცა მნიშვნელოვანია ადგილობრივი ხელისუფლებების პოზიციაც. ალბათ, თანამშრომლობა და გუნდურობა იმასაც გულისხმობს, რომ ზემდგომმა დაქვემდებარებულ სტრუქტურებსაც მოუსმინოს ხოლმე. ამასთან, იმედია, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებსაც აღმოაჩნდებათ გამბედაობა და რაც არასწორია და პრობლემას ქმნის, იმაზე საქმის ყურში ჩააყენებს ზემდგომს და არ ექნება შიში და განცდა იმისა, რომ რადგან ცენტრალურ ხელისუფლებაში ასე გადაწყვიტეს, ის აბსოლუტური ჭეშმარიტებაა და მასზე მსჯელობა და კამათი არ შეიძლება.