ივერიონი / ქართველ და აზერბაიჯანელ თანამოსაქმეთა ურთიერთპატივისცემას ვერავინ დაანგრევს!

ქართველ და აზერბაიჯანელ თანამოსაქმეთა ურთიერთპატივისცემას ვერავინ დაანგრევს!

ყულევის ტერმინალის ადმინისტრაცია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ივერიონი“ უცვლელად გთავაზობთ:

"შპს "შავი ზღვის ტერმინალი“ (ყულევის ნავსადგური და ნავთობპროდუქტების გადასატვირთი ტერმინალი) აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის პირველი მნიშვნელოვანი ინვესტიციაა საქართველოში. მშენებლობის პერიოდში კომპანიას დასაქმებული ჰყავდა საქართველოს 2000 - მდე  მოქალაქე, ხოლო ექსპლოატაციაში შესვლის შემდგომ (2008 წლის 16 მაისი) დღეის მდგომარეობით სულ დასაქმებულია 600-ზე მეტი ადამიანი, მათგან მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი, დასაქმებულთა დაახლოებით 5 პროცენტი უცხოელია.


2012 წლის 20 დეკემბერს კომპანიის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა გამაფრთხილებელი გაფიცვა ჩვენი კონტრაქტორი კომპანიის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო დათხოვნილი რამოდენიმე თანამშრომლის სოლიდარობის ნიშნად. აღსანიშნავია, რომ გამაფრთხილებელი გაფიცვის მიმდინარეობისას შპს "შავი ზღვის ტერმინალი“-ს მისამართით სხვა მოთხოვნები გარდა შპს "გლობალ ოილი“-ს მიერ დათხოვნილი თანამშრომლების სამუშაოზე აღდგენისა არ წამოყენებულა.


პროფკავშირული ორგანიზაციის მიერ გაფიცვისთვის ხელის შეშლის მცდელობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის პასუხად, ყულევის ტერმინალის ადმინისტრაცია სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ გამაფრთხილებელი გაფიცვის მიმდინარეობისას ან/და მანამდეც რაიმე სახის ზეწოლასა და სხვა სახის უკანონო ქმედებებს ადგილი არ ჰქონია.


2012 წლის 21 დეკემბერს პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციისგან შპს "შავი ზღვის ტერმინალი“-ს მიერ მიღებულ იქნა მოთხოვნების ჩამონათვალი, რომელთა გადაწყვეტის საკითხი იმყოფებოდა განხილვისა და მოლაპარაკების სტადიაში და შესაბამისად თანამშრომელთა გარკვეული ჯგუფის მიერ გაფიცვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ჩვენთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.


ყულევის ნავსადგური და ტერმინალი ცნობილია თავისი თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და სამუშაო ადგილებზე შექმნილი შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამუშაო პირობებით. ჩვენთან შრომის საშუალო ანაზღაურება - ხელზე ასაღები თანხა 600 ლარია. შრომის ანაზღაურებაზე დამატებით კომპანია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს ყველა თანამშრომელს სამედიცინო დაზღვევის საოჯახო პაკეტით, რომლის სამომხმარებლო პროდუქტის მოცულობა ყოველწლიურად უმჯობესდება და სამედიცინო მომსახურეობის გარდა მოიცავს მედიკამენტების ღირებულების 80-90 პროცენტის ანაზღაურებას. თანამშრომლები ასევე სარგებლობენ უფასო სადილით, კომპანიის კუთვნილი ტრანსპორტით გადაადგილების უფლებით ხობისა და ფოთის მიმართულებით. თითოეული მათგანი უზრუნველყოფილია სპეციალური სამუშაო ტანსაცმლით. სოციალური პაკეტის მხოლოდ ეს ნაწილი შეადგენს 400-450 ლარს. კომპანიის ხარჯებით ასევე სისტემატიურად ხორციელდება თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება საერთაშორისო ბაზარზე ავტორიტეტული კომპანიებიდან მოწვეული ტრეინერების დახმარებით. 


შპს "შავი ზღვის ტერმინალი“-ს თანამშრომლები - აზერბაიჯანისა და საქართველოს მოქალაქეები, ერთმანეთის გვერდიგვერდ მუშაობენ და ერთმანეთის მიმართ განწყობილნი არიან ურთიერთპატივისცემითა  და  თანადგომის  სურვილით. ამ სანიმუშო და განსაკუთრებული ურთიერთობების დანგრევას ვერავინ ვერ შესძლებს". - ნათქვამია   ყულევის ტერმინალის ადმინისტრაციის სპეციალურ განცხადებაში.

22-12-2012, 19:11
უკან დაბრუნება