ივერიონი / იტალიის პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა

იტალიის პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა

იტალიის პრეზიდენტმა ჯორჯო ნაპოლიტანომ პარლამენტი დაითხოვა.

 

ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს. ქვეყნის კონსტიტუციის თანახმად, ახალი საკანონმდებლო არჩევნები 70 დღის შემდეგ, სავარაუდოდ, 2013 წლის 24 თებერვალს ჩატარდება.

 

პარლამენტის დათხოვნის მიზეზად სამთავრობო კრიზისი სახელდება. ერთი დღით ადრე, თანამდებობიდან  იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო მონტი გადადგა. ეს ფაქტი კი არსებული მთავრობის მუშაობის დასრულებას და ვადამდელ არჩევნებს გულისხმობს. მონტიმ თანამდებობის დატოვების შესახებ ჯერ კიდევ 8 დეკემბერს განაცხადა, მას შემდეგ, რაც სილვიო ბერლუსკონის პარტიის „სახალხო თავისუფლების“ წარმომადგენლებმა პრემიერის კაბინეტის მხარდაჭერაზე უარი განაცხადეს. ამასთან, მონტის განცხადებით, ის დაკავებულ პოსტს 2013 წლის ბიუჯეტის მიღებისთანავე დატოვებდა. 

 

იტალიის პრემიერ-მინისტრობის სურვილი უკვე მესამედ გამოთქვა სილვიო ბერლუსკონიმ. მას ოქტომბერში ფინანსური მაქინაციების გამო ერთი წლით პირობითი სასჯელი დაეკისრა. 

 

იბრძოლებს თუ არა პრემიერის პოსტისთვის მონტი ხელახლა, ჯერჯერობით უცნობია. ის იტალიის მთავრობას 2011 წლის ნოემბრიდან ხელმძღვანელობს. მონტის კაბინეტის ძირითად ამოცანებად  ბიუჯეტის დეფიციტისა და საგარეო ვალის  შემცირება სახელდებოდა.

23-12-2012, 13:22
უკან დაბრუნება