დღეს „ექსპო ჯორჯიაში“ საპარლამენტო უმცირესობის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციას საქართველოს პრეზიდენტი, პარტიის ლიდერები, პარლამენტისა და საქართველოს მასშტაბით ყველა საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ესწრებოდა.
„ივერიონმა“ კონფერენციაზე პრეზიდენტის გამოსვლის შეფასება ექსპერტ ვახტანგ ძაბირაძეს სთხოვა.
-ბატონო ვახტანგ, დღევანდელ კონფერენციაზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკმაოდ ხმამაღალი და უტიფარი განცხადებები გააკეთა. პარტიის თითქმის ყველა წევრმა აღნიშნა, რომ ისინი ხელისუფლებაში დასაბრუნებლად აქტიურად ემზადებიან. სააკაშვილის განცხადებით, მათ დაბრუნებას ხალხიც მოუთმენლად ელის. როგორ ფიქრობთ, მაშინ როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი 10 %-ზე დაბალია, რა გზით აპირებენ ისინი ხელისუფლებაში მოსვლას?
-დღევანდელ კონფერენციაზე „ნაციონალები“ საკმაოდ გახარებულები ჩანდნენ. თუმცა ეს სიხარული გამოწვეული იყო არა იმდენად იმის გამოცხადებით, რომ ისინი ხელისუფლებაში დაბრუნებას გეგმავენ, არამედ იმ ფაქტით, რომ სასამართლომ მათი პარტიის 4 ყოფილი მაღალჩინოსანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ანუ, როგორც ჩანს, „ნაციონალებს“ გაუჩნდათ იმედი, რომ მათ არ მოელით პასუხისგება და ისინი თავისუფლების აღკვეთას გადაურჩნენ.
-როგორ ფიქრობთ, უმცირესობის მხრიდან ასეთი ხმამაღალი განცხადებები დღევანდელი ხელისუფლების სისუსტეზე მეტყველებს, თუ „ნაცების“ გადაჭარბებულ ილუზიაზე?
-„ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი 5 %-საც ვერ აღწევს. თუმცა მათ აქვთ მოლოდინი, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ხელისუფლებაშიც დაბრუნდებიან. ჩემი აზრით, ეს უფრო პროპაგანდაა, ვიდრე რეალობის შეგრძნება. არა მგონია, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არათუ უახლოეს მომავალში, არამედ 4 წლის შემდეგაც შეძლოს ხელისუფლებაში არჩევნების გზით დაბრუნება. თუ მათ რაიმე სხვა მეთოდები იციან, ამას ვერ გეტყვით. როგორც უნდა დაეცეს „ქართული ოცნების“ რეიტინგი, „ნაციონალები“ ხელისუფლებაში მაინც ვეღარ მოვლენ. ასე რომ, „ნაციონალები“ საიქიოდან მობრუნებაზე ოცნებობენ.