ივერიონი / მიწისძვრით მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია შეისწავლის

მიწისძვრით მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია შეისწავლის

აჭარაში მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ზარალის შესასწავლად, დღეს სპეციალური კომისია შეიქმნება.

აჭარაში გუშინდელ მიწისძვრას ნგრევა მოჰყვა. დაშავებულები არ არიან, თუმცა ძლიერი ბიძგების შედეგად, ქობულეთის რაიონის დაბა ჩაქვში რამაზ ზოიძის საცხოვრებელი სახლის საყრდენი კედელი ჩამოიშალა.

მიწისძვრის დროს, სახლში ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ. მათ შენობიდან გამოსვლა დროულად მოახერხეს. სახლი საცხოვრებლად უვარგისია და ზოიძეებმა თავი დროებით, ნათესავებს შეაფარეს.

მიწისძვრას ასევე, ნგრევა მოჰყვა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ განთიადშიც.

ბიძგების შედეგად, ალექსანდრე წუწუნავას საცხოვრებელი სახლის ორი კედელი ჩამოიშალა. განთიადში შემთხვევის შედეგად, სულ ოთხი ოჯახი დაზარალდა.

ადგილზე სამაშველო სამსახური იყო მობილიზებული. ზარალის ოდენობის დადგენის შემდეგ, აჭარის მთავრობა დაზარალებულებს კომპენსაციას დაჰპირდა.

5,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა გუშინ 17:31 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი შავი ზღვის სანაპიროდან 40 კილომეტრში იყო.

მიწისძვრის შედეგად, აჭარაში სულ 10-მდე საცხოვრებელი სახლია დაზიანებული.

24-12-2012, 11:19
უკან დაბრუნება