2013 წლის ბიუჯეტის სოციალურად ორიენტირება რამდენიმე დაწესებულების ხარჯების შემცირებით მოხერხდა. - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ძალიან შემცირდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის, უშიშროების საბჭოს, მთავრობის კანცელარიის, ფინასთა და თავდაცვის სამინისტროების ხარჯები.
მისი თქმით, თავდაცვის სამინისტროს ხარჯები ჯარისკაცების კვების ან ინფრასტრუქტურის განვითარების ხარჯზე არ მომხდარა.
„ყიდულობდნენ იარაღს, რომელიც ბიუჯეტში არც იყო გაწერილი. საჯარისო ნაწილების სხვადასხვა ტიპის მომსახურებისთვის ძალიან ხშირად ისეთი ფირმები იდგნენ შუაში, რომ იქ ძალიან ხშირად გაუაზრებელი ხარჯები მიდიოდა. ამის ოპტიმიზაციის ხარჯზე მოვახერხეთ და სოციალურად ორიენტირებული ბიუჯეტი მივიღეთ“, - განაცხადა ივანიშვილმა.
მისი თქმით, 2013 წლის ბიუჯეტში წინასაარჩევნო დაპირებების დიდი ნაწილია ასახული.
ივანიშვილის განმარტებით, შემცირდა თვითმფრინავის მომსახურების, გაურკვეველი ტანკების ხარჯები. ასევე, კვებაზე ზედმეტად გადახარჯული ბიუჯეტი, რომელიც არაეფექტური იყო და უფრო ხშირად კორუფციაზე მიგვანიშნებს.
„არ მინდა ჯერ დასკვნები გავაკეთო და ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ, მაგრამ იქ კორუფცის ნიშნები არსებობს. საინტერესოა ბოკერიას სამსახურის ხარჯებიც, რომელიც ბიუჯეტიდან 30 მილიონს ითხოვდა. მშვენივრად დასჯერდა მილიონ 800 ათას ლარს. ბოკერიამ სხვა სამტკიცი ვერ მოიტანა, თუ რაში სჭირდებოდა მას ეს ხარჯები“, - განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, აღნიშნული სტრუქტურიდან წინა წლებში მიხეილ სააკაშილის ლობირებაზე ძალიან დიდი ფული იხარჯებოდა.
პრემიერის განცხადებით, ახალი მთავრობის ძირითადი სტრატეგია ეკონომიკის აღორძინება იქნება.
„ვაპირებთ სამი ტიპის სხვადასხვა ფონდის დაფუძნებას. კერძოდ, საინვესტიციოს, რომელიც ინვესტიციების მოზიდვას მოახერხებს. დაწყებული გვაქვს განათლების რეფორმაზე მუშაობა. ასევე, დაწყებულია მუშაობა იუსტიციის საბჭოს რესტრუქტურიზაციაზე, რომ ის პოლიტიკური ჩარევისგან მაქსიმალურად დამოუკიდებელი იყოს“, - აღნიშნა პრემიერმა.
მისივე განცხადებით, ერთ-ერთი ძირითადი რეფორმა ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაკავშირებით განხორციელდება, რათა თვითმმართველობების მაქსიმალურად დეცენტრალიზება მოხდეს.
პრემიერის თქმით, მთავრობა ასევე, ანტიმონოპოლიური სამსახურის შემოღებას და შრომის კოდექსის საერთაშორისო კოდექსებთან მიახლოებას აპირებს.