ბიძინა ივანიშვილი დღეს „შერატონ მეტეხი პალასში გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებსაც შეეხო. პრემიერის თქმით, ის არ გამორიცხავს დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში რუსეთის პირველ პირებთან შეხვედრას.
“ჩემი მხრიდან პუტინთან შეხვედრის სურვილი ძალიან დიდია, თუმცა ეს რთული იქნება. შეხვედრა მაღალ დონეზე უნდა შედგეს და ეს კარგად უნდა დაიგეგმოს. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ზურაბ აბაშიძე ამ საკითხზე აქტიურად მუშაობს და არ გამოვრიცხავ, რომ ეს შეხვედრა შედგეს”, - განაცხადა ივანიშვილმა.
პრემიერის განცხადებით, საქართველო ახლა ჩიხურ მდგომარეობაშია, საიდანაც გამოსვლა ძნელია. „რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში ჩვენ კონსტრუქციულები და პრინციპულები ვიქნებით. პუტინის ბოლო განცხადებები საქართველოსთან მიმართებაში იყო ფრთხილი და პოზიტიური, რაც ძალიან კარგია. ჩვენი სამომავლო ურთიერთობების ანალიზი ამ ეტაპზე რთულია, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ ეს ურთიერთობები აღდგება. რუსეთთან მიმართებებში უხეში განცახადებმა ცუდი შედეგი მოგვიტანა. მშვიდობიანი და კონსტრუქციული დამოკიდებულებით კი, შეგვიძლია გაცილებით უკეთესი შედეგი მივიღო“, - განაცხადა პრემიერმა.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი იანვრის ბოლოს დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.