ივერიონი / რკინიგზას ტვირთბრუნვა უმცირდება?!

რკინიგზას ტვირთბრუნვა უმცირდება?!

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ ყარსი-ახალქალაქის სარკინიგზო მაგისტრალთან დაკავშირებით კითხვები არსებობს.

პრემიერმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე რკინიგზასთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებული განცხადებები განმარტა და აღნიშნა, რომ გეოპოლიტიკურად მისი მშენებლობა საინტერესოა.

მისი თქმით, ჩვენი რკინიგზა გაცილებით უფრო დიდია, რადგან 180 კილომეტრიანი რკინიგზა შენდება.

„მისი საპროექტო სიმძლავრე და გამტარიანობა 25 მილიონ ტონამდეა და პატარა გარდაქმნების საშუალებით შესაძლოა, 40-დეც ავიდეს. არის საფრთხე იმისა, რომ პირველ ეტაპზე, როდესაც ახალი რკინიგზა მუშაობას დაიწყებს, ძველ რკინიგზას ტვირთბრუნვა შეუმცირდეს. ეს მქონდა მხედველობაში. ამავდროულად, რკინიგზის გარკვეულმა ნაწილმაც შესაძლოა, დატვირთვა ვერ მიიღოს“, - განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, ამის დარეგულირება მეზობელ აზერბაიჯანთან მოლაპარაკების საშუალებით შეიძლება.

„ბუნებრივია, კითხვები არსებობს. ახალი რკინიგზის ამოქმედების პირველ ეტაპზე, როგორც ვიცი, 5 მილიონიანი ტვირთბრუნვა იქნება. ეს ისე უნდა მოხდეს, რომ არსებული ახლის ხარჯზე არ დაზარალდეს“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

მისი თქმით, ამას გარკვეული კოორდინაცია დასჭირდება, რომელიც შესაძლებელი და აუცილებელია.

24-12-2012, 13:38
უკან დაბრუნება