დევნილობაში მყოფი დაზვერვის პირველი რანგის კაპიტანი ვიქტორ ჭელიძე პატიმრების წამების ფაქტებთან დაკავშირებით, გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ სკანდალურ განცხადებას აკეთებს.
ჭელიძის განცხადებით, ფარულავამ და ლადო ბედუკაძემ ხელისუფლების დაკვეთა შეასრულეს. „ლადომ თავისი საქმე შეასრულა. ვიდეოფირი ბრიუსელში ჩამოიტანა, თუმცა შემდეგ ხელისუფლებისთვის სასურველი განცხადებები აღარ გააკეთა. ცოცხალი მოწმის ქვეყნიდან გაშვების საფრთხე ხელისუფლებამ ვერ გათვალა. მათ ჩათვალეს, რომ ეს ვიდეოფირი ლადოსთვის ინსცენირებული კომპრომატი იყო“, - აცხადებს ჭელიძე.
მისი თქმით, ასეთი მარაზმული პიარი ხელისუფლების თავში მოდუღდა. „ხელისუფლებას სურდა, ეთქვა: - ერთი მხრივ, ჩვენ ვაღიარებთ სისტემურ მარცხს, მეორე მხრივ, ივანიშვილი უკვეთავდა ასეთი ინსცენირებული მასალების გადაღებას ციხის თანამშრომლებს და ჩვენი დემოკრატიის პირობებში ეს შესაძლებელი იყო“, - ამბობს ჭელიძე.
ჭელიძე ადასტურებს, რომ სტრასბურგში აღნიშნული ვიდეომასალა მხოლოდ წამების კომიტეტმა ნახა. მისივე თქმით, ვიდეოფირის ნახვიდან რამდენიმე დღეში წამების კომიტეტის ერთ-ერთი წარმომადგენელი გვარად ურმოვა საქართველოში ჩამოვიდა და ბაჩო ახალაიას სავადარაუდოდ, სწორედ მაშინ უთხრა ყველაფერი, თუმცა, ამ უკანასკნელმა, არაფერი მოიმოქმედა.
ჭელიძე აღნიშნავს, რომ პატიმართა მასობრივი ცემის ვიდეოფირი ფარულავამ ადმინისტრაციის თანხმობით გადაიღო. „ყოფილმა პატიმარმა გიორგი ლომიამ მიუტანა ჩამწერი ფარულავას და მისი გამოტანილი ვიდეოჩანაწერი მერაბიშვილს მიურბენინა. ბრიუსელში ჩამოსული ბედუკაძე ეიფორიაში იყო, არ უნდოდა დაეჯერებინა, რომ მერაბიშვილი მასაც და ფარულავასაც იყენებდა. მას მართლა ეგონა, რომ ფარულავამ მისი თხოვნა შეასრულა“, - აცხადებს ჭელიძე.
ჭელიძე განმარტავს, რომ ამ თამაშით ხელისუფლება დარჩა წაგებული და რომ მან თავისი ხელით გაითხარა სამარე. მისი თქმით, ხელისუფლებას მარაზმული პიარის მცდელობა ბედუკაძის დამსახურებით ჩაუვარდა.
დასასრულს, ჭელიძე ამ განცხადების გავრცელების მიზეზს ასახელებს. „ახლა ამ ყველაფერს იმიტომ ვყვები, რომ ბედუკაძე გადაგდებულია და მისი არსებობა ხელს არავის აძლევს. მას რომ საფრთხე შეექმნას, ყველაფერს მე დამაბრალებენ. ჟურნალისტი ირმა ინაშვილი ისედაც გაიძახოდა, ბედუკაძეს ვიქტორ ჭელიძე მოკლავსო. მან ჩემი და ლადოს დაშანტაჟება სცადა“, - ამბობს ჭელიძე.