ქართველმა სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ვარშავის ინტერპოლის მიერ ძებნილი მარსინ კრჟიშტოფ პოლაკი დააკავეს.
შსს-ს განცხადების თანახმად, დაკავებული დაპატიმრებისა და პოლონეთში შემდგომი ექსტრადიციის მიზნით, საერთაშორისო ძებნაში 2012 წლის 7 ნოემბრიდან იმყოფებოდა.
სამინისტროს ინფორმაციით, მარსინ პოლაკს დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვა-გამოყენება ედება ბრალად.
„აღნიშნული დანაშაული, პოლონეთის კანონმდებლობის მიხედვით, 3 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამჟამად, პოლონეთის მხარესთან წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს“ - ნათქვამია განცხადებაში.
შსს-ს ინფორმაციით, ბოლო ორი თვის განმავლობაში, ქართველმა სამართალდამცველებმა საერთაშორისო ძებნაში მყოფი 8 პირი დააკავეს.