ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავჯდომარე ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატს როლანდ ახალაიას, დაკითხვაზე არგამოცხადების უფლება არ აქვს.
როგორც მან დღეს "for.ge"-ს პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, როდესაც ახალაიამ ზუგდიდის მთავარი პროკურორი იყო, იმ პერიოდში მოქალაქეებს ასეთი ცივილური ფორმით არ იბარებდნენ.
მისი თქმით, იმ პერიოდში ხდებოდა მოქალაქეების გატაცება და სხვა მსგავსი ძალადობრივი ქმედებები.
"ყველა რეკორდია მოხსნილი განცხადებების რაოდენობის მიხედვით, რაც კი ოდესმე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში შესულა. თვენახევრის განმავლობაში 3000-ზე მეტი განცხადება შემოვიდა. შესწავლილია 1500-ზე მეტი განცხადება, მათ შორის, ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართაც", _ განაცხადა ბესელიამ.
მისი თქმით, განცხადებების უმრავლესობა იმერეთიდან, სამეგრელოდან და თბილისიდან შევიდა, რომელთა შესახებაც ინფორმაცია მთავარ პროკურორს უკვე გადაეგზავნა.
ბესელიას განცხადებით, მათ შორისაა როლანდ ახალაიას შესახებ შესული განცხადებებიც.
"არ ვიცი, რა საკითხზე იბარებენ ახალაიას პროკურატურაში, მაგრამ მისი არმისვლა გაუმართლებელია. საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით საყვარელიძე დაკითხვაზე დაბარებას პოლიციაში თრევას ეძახის, მაგრამ ყველა მოქალაქე ვალდებულია, დაკითხვაზე გამოცხადდეს", _ აღნიშნა ეკა ბესელიამ.
მისი თქმით, ყველა კანონი წინა პარლამენტის მიერაა მიღებული. შესაბამისად, ახალი პარლამენტი დავით საყვარელიძისა და როლანდ ახალაიას ღია წესის პროცედურებს ვერ შეიმუშავებს. ამასთან, ბესელიას განმარტებით, პარლამენტარს, როდესაც დაკითხვაზე იბარებენ, მას იმუნინეტი არ იცავს, ამიტომ ის დაკითხვაზე აუცილებლად უნდა გამოცხადდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი იძულებითი წესით მიყვანა გახდება საჭირო.
როლანდ ახალაია ზუგდიდის პროკურატურამ დაკითხვაზე გუშინ დაიბარა. როგორც საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები აცხადებენ, ახალაია დაკითხვაზე მისვლას არ აპირებს.