ივერიონი / ნოდარ ხადურმა 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი წარადგინა

ნოდარ ხადურმა 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი წარადგინა

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მედიას დღეს 2013 წლის ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები წარუდგინა.

როგორც ხადურმა აღნიშნა, ბიუჯეტი ორიენტირებულია მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე და სრულად ასახავს მთავრობის პროგრამაში "ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის" გაწერილ პრიორიტეტებს.

ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებლი 8 425.5 მლნ ლარით განისაზღვრა.

2013 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებელია 6 920.0 მლნ ლარი.

2013 წლისთვის გრანტების საპროგნოზო მაჩვენებელი შეადგენს 202.5 მლნ ლარს, მათ შორის საბიუჯეტო გრანტები 75 მლნ ლარი, ხოლო საინვესტიციო (ხარჯზე მიბმული) გრანტები 127.5 მლნ ლარი.

2013 წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის სხვა შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 300.0 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა.

2013 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები 8 748.5 მლნ ლარია, მათ შორის, საბიუჯეტო სახსრები - 7 971.0 მლნ ლარს, გრანტები - 127.5 მლნ ლარს, ხოლო კრედიტები 650.0 მლნ ლარს შეადგენს.

"განათლება, ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება, სოფლის მეურნეობა, ლტოლვილთა მდგომარეობის გაუმჯობესება, გარემოს დაცვა, ინფრასტრუქტურული პროექტები, ეს ის სფეროებია, რომელთა დაფინანსებისთვის მომავალი წლის ბიუჯეტში მნიშვნელოვანი თანხებია გათვალისწინებული. 2013 წლის ბიუჯეტში ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებები, სწორედ ამიტომ 2012 წელთან შედარებით ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება 2013 წელს იზრდება 535.0 მლნ ლარით. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი რესურსია მოძიებული 2012 წელს არსებულ პროგრამებში და მთლიანობაში სოციალური ხარჯები იზრდება 630.0 მლნ ლარზე მეტით. დაფინანსების ზრდა დაკავშირებულია პენსიების და სოციალური დახმარებების ასევე დაზღვევით მოსარგებლე მოსახლეობის ზრდასთან", - აღნიშნა ნოდარ ხადურმა.

მისივე განმარტებით, პირველი აპრილიდან 67 წლამდე ასაკის პენსიონერის და პირველი ჯგუფის ინვალიდების პენსია გაიზრდება 67 წლის და მეტი ასაკის პენსიონერის პენსიამდე და გახდება 125 ლარი;

პირველი სექტემბრიდან ყველა ასაკის პენსიონერის და პირველი ჯგუფის ინვალიდების პენსია გაუტოლდება საარსებო მინიმუმს - 150 ლარს. პირველი სექტემბრიდან პირველი ჯგუფის გარდა, სხვა კატეგორიის ინვალიდობის პენსია (ამჟამად 70 ლარი), მარჩენალდაკარგულების და პოლიტრეპრესირებულების პენსია (ამჟამად 55 ლარი) გაიზრდება და 100 ლარი გახდება.

თებერვლიდან ყველა ის მოქალაქე, რომელც ამ ეტაპზე არ სარგებლობს სახელმწიფო დაზღვევით მიიღებს მინიმალურ სადაზღვევო პაკეტს, რომელიც გულისხმობს გადაუდებელი შემთხვევების დროს მკურნალობას, ხოლო ივლისიდან აღნიშნული მოქალაქეები მიიღებენ საბაზისო სადაზღვევო პაკეტს, რაც ითვალისწინებს როგორც გადაუდებელი, ასევე გეგმური ოპერაციების დაფინანსებას, გამოკვლევებსა და დიაგნოსტიკას.

ასევე, პირველი ივლისიდან 57 000 ქულამდე მქონე სოციალურად დაუცველ მოსახლეობას დახმარება გაუორმაგდება.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მნიშვნელოვანი სიახლეა საშემოსავლო გადასახადში დაუბეგრავი მინიმუმის შემოღება.

კერძოდ, მოსახლეობის იმ ნაწილს, რომლის წლიური შემოსავალი 6 000 ლარს არ აღემატება, ხელფასის სახით მიღებული შემოსავლიდან 1800 ლარზე გადახდილი საშემოსავლო გადასახადი წლის ბოლოს დაუბრუნდება.

"განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მთლიანი ასიგნება შეადგენს 670.0 მლნ ლარს, სადაც ძირითადად გაზრდილია სკოლების ვაუჩერული დაფინანსება, რაც იძლევა საშუალებას, ნაწილობრივ გაიზარდოს მასწავლებელთა ხელფასები. ასევე გაზრდილია სტუდენტების სასწავლო გრანტების და მეცნიერების ხელშეწყობის პროგრამების დაფინანსება. გაორმაგდა სახელმწიფო სასწავლო გრანტის დაფინანსება, რისთვისაც ბიუჯეტში დამატებით გამოყოფილია 10.2 მლნ ლარი; საჯარო სკოლის პედაგოგთა საბაზო შრომის ანაზღაურება გაიზრდება თვეში 70-80 მლნ ლარით, რისთვისაც ბიუჯეტში გათვალისწინებულია 50 მლნ ლარი. 2012-2013 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებისთანავე 190 სკოლის 9000-ზე მეტი მოსწავლე უზრუნველყოფილი იქნება ტრანსპორტირებით", - აღნიშნა ნოდარ ხადურმა.

მინისტრის ინფორმაციითვე, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია - 241 მლნ ლარის გამოყოფა, სადაც ძირითადად გაზრდილია სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესყიდვისა და სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაციისთვის გათვალისწინებული თანხები.

როგორც ხადურმა აღნიშნა, მომავალ წელს სამჯერ მეტი ფართობის მორწყვა ხდება შესაძლებელი.

ახალი საწარმოების დასაფინანსებლად კი იქმნება სოფლის მეურნეობის განვითარების მილიარდიანი ფონდი.

ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო - მომავალ წელს დაფინანსდება 48 მლნ ლარით, სადაც გაზრდილია ლტოლვილთა სახლების რეაბილიტაციისთვის გათვალისწინებული თანხები. აღსანიშნავია, რომ 1 ოქტომბერს წარმოდგენილ პროექტში სამინისტროს დაფინანსება შეადგენდა მხოლოდ 25.0 მლნ ლარს, რაც თითქმის გაორმაგებულია.
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო - მნიშვნელოვნადაა მომატებული თანხები აღნიშნული სამინისტროსთვის და შეადგენს 174.3 მლნ ლარს. თანხები გათვალისწინებულია როგორც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელთა ხელფასების მოწესრიგებისთვის, ასევე გაზრდილია ციხეებში ექიმების ხელფასებიც და ჯანდაცვის პროგრამებიც.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნება მომავალ წელს 901 მლნ ლარს შეადგენს. 2013 წელს ძირითადად მცირდება დონორების დაფინანსებული პროექტები, მათი ათვისების ტენდენციიდან გამომდინარე. მომავალ წელს 501,7 მლნ ლარი მიიმართება საგზაო, ხოლო 181,9 რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ასიგნება შეადგენს - 80 მლნ ლარს - მომავალ წელს დაფინანსება არ შუმცირდება არც ერთ სსიპ-ს (მუზეუმები, თეატრები, ანსამბლები და სხვა).

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი 50-დან 10 მილიონ ლარამდე შემცირდა; მთავრობის სარეზერვო ფონდი 50 მლნ ლარს შეადგენს; საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი კი 25,7%-ით გაიზარდა და 450 მლნ ლარს გაუტოლდა. სოფლის მხადაჭერის პროგრამისთვის 50 მლნ ლარია გამოყოფილი.
ფინანსთა მინსიტრის ინფორმაციით, მომავალ წელს შემცირებულია შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროების დაფინანსება, შესაბამისად 15,2 მლნ და 30,0 მლნ ლარით, ასევე შემცირებულია ფინანსთა სამინისტროს დაფინანსება 18.2 მლნ ლარით, მცირდება პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და მთავრობის კანცელარიის დაფინანსებაც, ასევე უშიშროების საბჭოს აპარატის ხარჯები.

ფინანსთა მინისტრი მომავალ წელს სტაბილურ ეკონომიკურ ზრდას ვარაუდობს და აცხადებს, რომ ფასების ზრდა 3,5%, ხოლო ეკონომიკური ზრდა, სულ მცირე, 6% იქნება.

2013 წლის ბიუჯეტის პროექტი საქართველოს პარლამენტმა 20 დეკემბერს დაამტკიცა.

25-12-2012, 14:05
უკან დაბრუნება