საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნის უფლება მისი არჩევიდან 6 თვის ნაცვლად, შესაძლოა, 3 თვეში მიეცეს.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედთან" განაცხადა, უმრავლესობა შესაბამის კანონპროექტს ამზადებს. პრემიერი ეჭვობს, რომ მიხეილ სააკაშვილი მთავრობის გადაყენებისთვის ემზადება, თუმცა კანონის მოქმედი რედაქციით, პარლამენტის მიერ ახალი მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის არგამოცხადების შემთხვევაში, პრეზიდენტი პარლამენტის დათხოვნას 6 თვის განმავლობაში ვერ შეძლებს.
ივანიშვილის თქმით, ის მზადაა მიხეილ სააკაშვილს "დაეხმაროს" და, მთავრობის გადაყენების შემთხვევაში, პარლამენტის დათხოვნის შესაძლებლობაც მისცეს, რის შემდეგაც ახალი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.
,,ჩვენ ვამზადებთ კანონპროექტს. მე დავიწყებ ზუსტად ამ ნაწილის შეცვლას, თანაც დავიწყებთ არა პრეზიდენტის საწინააღმდეგოდ, არამედ სასარგებლოდ, რომ მას 3 თვეში შეეძლება პარლამენტის დათხოვნა. სააკაშვილს მიენიჭება უფლება, თუ არ მოსწონს, დაითხოვოს მთავრობა და გააყოლოს პარლამენტიც, რის მერეც დაინიშნება ახალი არჩევნები. თუ უშვებ მთავრობას, ის უნდა გაუშვა პარლამენტთან ერთად, მაგრამ სანამ არ მოვა ახალი პარლამენტი, ის ვერ დაამტკიცებს მთავრობას", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, ამ კანონპროექტით ახალი მთავრობის არჩევამდე მოვალეობას ძველი მთავრობა შეასრულებს.