ივერიონი / შესაძლებელია თუ არა გაზის ტარიფის არსებითი შემცირება?

შესაძლებელია თუ არა გაზის ტარიფის არსებითი შემცირება?

საქართველოს საზოგადოებრივ–პოლიტიკურ ცხოვრებაში მიმდინარე წლის დასაწყისში განხორციელებული ცვლილებების შედეგად სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტებად გამოცხადდა:

–        მოსახლეობის სოციალური დაცვის არსებული სისტემის გარდაქმნა-გაუმჯობესება, მისი ეფექტიანობის ამაღლება, სოციალური დახმარებების მოცულობის გადიდება (მიზანი: არსებული რესურსების გათვალისწინებით, მოკლევადიანი პერიოდისათვის მოსახლეობის, განსაკუთრებით კი დაბალშემოსავლიანი ფენების მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება, მათთვის ჯანმრთელობის დაცვისა და ჟანსაღი კვების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა);

–        სამეწარმეო აქტივობის ამაღლებისათის და სამამულო წარმოების აღორძინებისათვის აუცილებელი პირობების შექმნა (ინსტრუმენტები: კონკურენციული ურთიერთობების გაღრმავება, ბაზრების ეფექტიანობის ამაღლება, სათანადო სამართლებრივი, ინსტიტუციური, მატერიალური და ფინანსური მხარდაჭერა, საკონსულტაციო და ინფორმაციული მომსახურების უზრუნველყოფა. მიზანი: საშუალოვადიანი და გრძელვადიანი პერიოდებისათვის ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, დასაქმებულთა რაოდენობის გადიდება, ფარული უმუშევრობის შემცირება, მოსახლეობის შემოსავლების არსებითი ზრდა, სამამულო წარმოების კონკურენტუნარიანობის ამაღლება როგორც შიდა, აგრეთვე საგარეო ბაზრებზე, ქვეყნის ეროვნულ–ეკონომიკური უსაფრთხოების ღირსეული სტანდარტის უზრუნველყოფა და ა. შ.).

 

აღნიშნული პრიორიტეტების პრიზმაში არსებითად ჯდება კომუნალური ტარიფების შემცირება, ვინაიდან  იგი იძლევა როგორც სოციალურ ეფექტს მოკლევადიანი პერიოდისათვის, აგრეთვე ეკონომიკურ ეფექტს როგორც მოკლევადიანი (შემოსავლების ეფექტის საფუძველზე ერთობლივი მოთხოვნის წახალისება), აგრეთვე საშუალოვადიანი და გრძელვადიანი პერიოდისათის (ერთობლივი მიწოდების სტიმულირება).

წინა სტატიაში (”ტარიფების შემცირება ან დაუბეგრავი მინიმუმი, თუ ორივე ერთად!“, iverioni.com.ge, 05.12.2012) დავასაბუთეთ ტარიფების არსებითი შემცირების (25–30 %–ის ფარგლებში) ობიექტური აუცილებლობა ზემოაღნიშნული დადებითი ეფექტებისა და საზოგადოებაში არსებული განწყობილება-მოლოდინების გათვალისწინებით. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ გავრცელებული ბოლო ინფორმაციით, ელექტროენერგიაზე ტარიფი შემცირდა 3,5 თეთრით, ანუ დაახლოებით 21-27 %–ით. ამასთან გაცხადდა, რომ გაზის ტარიფის იმავე დონით შემცირება მიმდინარე ეტაპზე შეუძლებელია. ამასთან,გაზის ტარიფის არსებით შემცირებას, თუნდაც იმავე 21–27 %–ის ფარგლებში, ზემოაღნიშნულ სტატიაზე მუშაობის პერიოდისგან განსხვავებით, მიმდინარე მომენტისათვის  წარმოუდგენლად ვთვლით (ენერგეტიკის სისტემაში არსებული სიტუაციის გაუმჭვირვალობა, სტატისტიკური ინფორმაციის არარსებობა–დახურულობა, შესაბამისი ხელშეკრულებებისა თუ მემორანდუმების გასაიდუმლოება და ხშირ შემთხვევაში ამ სფეროსათვის აუცილებელი  ცოდნის სპეციფიკური ხასიათი, განაპირობებს იმას, რომ პრაქტიკა ხშირად არ ემთხვევა  თეორიულ–ლოგიკურ წიაღსვლებს, რაც მოითხოვს მწირი და ხშირად ერთმანეთთან შეუსაბამო ინფორმაციის უფრო კრიტიკულ გააზრებას და ცვლის ჩვენს წარმოდგენებს განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით.). ასეთი პესიმისტური განწყობა განპირობებულია გარკვეული ობიექტური გარემოებებით, რომლებზეც ქვემოთ გავამახვილებთ ყურადღებას.

უნდა აღინიშნოს, რომ ენერგეტიკული რესურსების წლიური მოხმარების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია საქართველოში პრაქტიკულად ხელმიუწვდომელია, ან წინააღმდეგობრივია. მაგალითად, ბუნებრივი აირის როგორც წლიური მთლიანი მოხმარების, აგრეთვე მისი სტრუქტურის (გათბობისათვის, ინდუსტრიული მომხმარებლებისათვის, ელექტროგენერაციისათვის) შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია არც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის და არც ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შესაბამის საიტზე არ არის განთავსებული. თავისთავად არ არსებობს ზუსტი ოფიციალური მონაცემები საქართველოსათვის მოწოდებული ბუნებრივი აირის ფასების შესახებ. გაურკვეველია ქვეყანა რა რაოდენობის გაზს იძენს კომერციულ–საბაზრო ფასად (გაურკვეველია ფასის ზუსტი სიდიდეც. პრესაში ხან 145, ხან 160, ხან კი 240 დოლარია მითითებული), რა რაოდენობას იძენს შეღავათიან ფასად (აღნიშნული ფასის ზუსტი სიდიდეც უცნობია) და რა რაოდენობა რჩება ”უფასოდ“ (ან თუ რჩება საერთოდ. რიგ შემთხვევაში ასეთი გაზის ფასად მითითებულია 110 დოლარი) – სატრანზიტო გადასახადის სახით. უცნობია გაზის ტარიფის გაანგარიშების ჩვენთან არსებული მეთოდიკაც (ისევე როგორც ელექტროენერგიის შემთხვევაში), მისი სტრუქტურა, რაც დამატებით თავსატეხს წარმოადგენს ამ საკითხით დაინტერესებული ნებისმიერი მკვლევარისთვის. გაურკვეველია  უფასო“და შეღავათიანი გაზის გამოყენების სფეროც, ანუ გაურკვეველია თუ სად გამოიყენება იგი: თბოსადგურებში, თუ გათბობისთვის და სამეწარმეო მიზნებისთვის. ეს მეტად მნიშვნელოვანი საკითხია, ვინაიდან უფასო“და შეღავათიანი გაზის გამოყენების სფეროს შესახებ ინფორმაცია არსებითია ტარიფის გაანგარიშების მეთოდიკის დადგენისთვის.

აღნიშნულ მაჩვენებლებზე მიახლოებითი მსჯელობა შეიძლება ამ დარგის სპეციალისტების, ექსპერტებისა და სხვა დაინტერესებული პირების მიერ გამოქვეყნებულ სტატიებსა თუ ინტერვიუებში მითითებული და ხშირ შემთხვევაში ურთიერთგამომრიცხავი მონაცემების საფუძველზე. ქვემოთ, გაზის ტარიფის შემცირების შესაძლებლობათა შესახებ მსჯელობისას, სამწუხაროდ, ასეთ მონაცემებზეც მოგვიწევს დაყრდნობა.  თუმცა ეს დიდად არ შეცვლის მიღებული დასკვნების შინაარსს, ვინაიდან ამ სტატიის მიზანია არა აბსოლიტური ციფრების მიღება (ჩვენ ნამდვილად არ ვიცით გაზის ტარიფის შემცირება  რამდენი თეთრითაა შესაძლებელი), არამედ ტარიფის არსებითი შემცირების შესაძლებლობათა ლოგიკური შეფასება (იმედია, ენერგეტიკის სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობა ინფორმაციის სფეროში არსებულ ხარვეზებს სათანადო ყურადღებას მიაქცევს და უმოკლეს ვადებში აღმოფხვრის მათ, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკის ამ სფეროში მიმდინარე პროცესების გამჭვირვალობას და აამაღლებს საზოგადოების ნდობის ხარისხს დარგში მიმდინარე პროცესების მიმართ).

უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ გაურკვეველია ბუნებრივი აირის წლიური მოხმარების ზუსტი მოცულობა. ”ქართული ოცნების“ ”ეკონომიკური პოლიტიკის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის“ თემატური ჯგუფის წარმომადგენელი, ბატონი თენგიზ ჯავახიშვილი თავის ინტერვიუში არ ეთანხმება  ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველო წელიწადში 1,8 მლრდ. კუბურ მეტრ გაზს მოიხმარს (თენგიზ ჯავახიშვილი: ”გაზის ტარიფი შესაძლებელია 26 თეთრამდე შემცირდეს!“, 30–11–2012). ბატონი თენგიზი აღნიშნავს, რომ მას გააჩნია ენერგეტიკის სამინისტროს მომაცემები, რომლის თანახმადაც, საქართველო 2010–2011 წლებში საშუალოდ 1,6 მლრდ. კუბურ მეტრ გაზს მოიხმარდა. ამასთან, 2012 წელს, პროფესორ როზეტა ასათიანის რეადაქტორობით გამოცემულ ”საქართველოს ეკონომიკის“  სახელმძღვანელოში 2000–2010 წწ. ბუნებრივი აირის მოხმარების  შესახებ სრულიად განსხვავებული მონაცემებია (გვ.: 186). ასე მაგალითად, 2006 წელს გაზის მოხმარება შეადგენს 1860 მლნ კუბურ მეტრს, ხოლო 2010 წლისთვის 1094 მლნ კუბურ მეტრს. 2006 წელთან შედარებით, 2010 წლისათვის ბუნებრივი აირის მოხმარების ასეთი მკვეთრი შემცირების ძირითადი მიზეზი ისაა, რომ აღნიშნულ პერიოდში ბუნებრივ აირზე მოთხოვნა თბოსადგურების მხრიდან შემცირებულია 688 მლნ კუბური მეტრიდან 197 კუბურ მეტრამდე, რაც აისახა მათ მიერ წარმოებული ელექტროენერგიის 3,1–ჯერ შემცირებაშიც. 2006 წლისთვის გაზის მოხმარების მოცულობასთან დაკავშირებით დაახლოებით ანალოგიური მაჩვენებელია (1800 მლნ კუბური მეტრი) მითითებული ”საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ განხორციელებულ კვლევაში: ”საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკა ენერგიის ეფექტიანი გამოყენების და ენერგოდაზოგვის მიმართულებით“  (22.04.2008). 

ენერგეტიკის სფეროში დასაქმებული და ფრიად კომპეტენტური პიროვნების მიერ მოწოდებული მონაცემების თანახმად, 2011 წლისათვის ბუნებრივი აირის  მოხმარების წლიურმა მოცულობამ შეადგინა 1750 მლნ. კუბური მეტრი. 2010 წელთან შედარებით გაზის 1,6–ჯერ ზრდა, უპირველეს ყოვლისა, განაპირობა თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 3,2–ჯერ გადიდებამ, მეორე მხრივ, გასათვალისწინებელია 2011 წლის პირველ კვარტალში მეტად ცივი ამინდის არსებობაც.

 

ელექტოენერგიის 2006–2011წწფაქტიური ბალანსი (მლნკბტსთ)

 

2006

2007

2008

2009

2010

2011

  1. ექსპორტი
  2. იმპორტი
  3. თბოსადგურები
  4. ჰესები

 

 

2103,8

5321,6

–633,9

433,5

1514,6

6832

–679,4

649,2

1279.3

7162

–749,4

255,0

990,7

7412

–1524

222,1

678,6

9368

–930,6

471

2215,9

7890,2

 

ბუნებრივი აირის მოხმარება (მლნ. კუბური მეტრი)

  1. მთლიანი წლიური მოხმარება
  2. თბოსადგურების მიერ

1860

688,2

1684

1450

1200

1094

197

1750

629

 

2012 წლისათვის  გაზის მოხმარების წლიური მოცულობის შესახებ უნდა ვიმსჯელოთ ირიბად, რათა მივიღოთ რეალურთან მაქსიმალურად მიახლოებული მაჩვენებელი. უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შესაბამის საიტზე განთავსებული მონაცემების მიხედვით ირკვევა, რომ 2012 წლის იანვარ–ნოემბრის პერიოდში თბოსადგურების მიერ გამომუშავებულია დაახლოებით 2160 მლნკვტსთ ელექტროენერგია. თუ ამ სიდიდეს დავუმატებთ 2011 წლის დეკემბრის თვეში თბოსადგურების მიერ  გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობას 343 მლნკვტსთ, მაშინ მივიღებთ, რომ 2012 წელს თბოსადგურები გამოიმუშავებენ დაახლოებით 2500 მლნკვტსთ   ელექტროენერგიას. თუ ამ ციფრს გავყოფთ 2011 წლისათვის ერთი კუბური მეტრი გაზის გამოყენებით წარმოებული ელექტროენერგიის სიდიდეზე, ანუ 3,5 კვტსთ/კუბურ მეტრ გაზზე (2215,9/629), მაშინ მივიღებთ, რომ 2012 წლისათის თბოსადგურები გამოიყენებენ დაახლოებით 715 მლნ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს (2500/3,5). თუ ამ ციფრს დავუმატებთ 2011 წლისათვის თბოსადგურების გარეშე სხვა მომხმარებლების მიერ მოხმარებული გაზის რაოდენობას – 1121მლნ კუბურ მეტრს (1750–629=1121. ჩავთვალოთ, რომ აღნიშნული მომხმარებლების მიერ გაზის მოხმარების მოცულობა 2012 წლისათის არ იქნება ნაკლები 2011 წლის მაჩვენებელზე),  მაშინ მივიღებთ, რომ 2012 წლისათვის გაზის მოხმარების მოცულობა იქნება 1836 მლნ. კუბური მეტრი, ანუ დაახლოებით 1800 მლნ  კუბური მეტრი. როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის მონაცემები სიმართლესთან ახლოსაა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსახლეობის, სამეწარმეო სექტორისა და სხვადასხვა დაწესებულებების მიერ მოხმარებული აირის წლიური მოცულობა  2011–2012წწ შეადგენს დაახლოებით  1100 მლნ კუბურ მეტრს.

ქვემოთ შევეცდებით იმის ახსნას, თუ რატომაა პრობლემური გაზის ტარიფის არსებით შემცირება (მით უფრო, ერთი ხელის მოსმით):

1. გაზის ტარიფის შემცირება, სოციალურ ეფექტთან ერთად, მოგვცემს მნიშვნელოვან მიკროეკონომიკურ (თავად ენერგეტიკის დარგისთვის) და მაკროეკონომიკურ ეფექტებს, რომელთა შედეგების ცალმხრივად დადებითად შეფასება დაუშვებელია – იმ ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით, რომლებიც განაპირობებენ აღნიშნული დადებითი ეფექტების გარკვეულ გაუფერულებას.

ტარიფის შემცირების სოციალური ეფექტი გამოხატება მოსახლეობის, განსაკუთრებით კი დაბალშემოსავლიანი ფენების კეთილდღეობის ამაღლებაში, ვინაიდან გამოყენებული გაზის ერთეულზე დანახარჯების შემცირება განაპირობებს ბუნებრივი აირის შესაძენად გაწეული საერთო დანახარჯების შემცირებას და მათ მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის რაოდენობის ზრდას.

ტარიფის შემცირების მაკროეკონომიკური ეფექტი გულისხმობს მოკლევადიანი პერიოდისთვის ერთობლივი მოთხოვნის (შემოსავლის ეფექტის ზეგავლენით), ხოლო შედარებით გრძელვადიანი პერიოდისათვის ერთობლივი მიწოდების წახალისებას.

ტარიფის შემცირების მიკროეკონომიკური ეფექტი დაკავშირებულია ბუნებრივი აირის მომხმარებელთა მსყიდველობითიუნარიანობის, ანუ რეალური შემოსავლის ზრდასთან, რაც განაპირობებს ბუნებრივ აირზე მოთხოვნის ამაღლებას. მაგალითად, თუკი ბუნებრივი აირის ტარიფი შემცირდება  20 %–ით, ანუ დაახლოებით 10 თეთრით კუბურ მეტრზე, მაშინ მოსახლეობა, სამეწარმეო სექტორი და სხვადასხვა დაწესებულებები წლის მანძილზე დაზოგავენ დაახლოებით 110 მილიონ ლარს (იმ პირობით, რომ მათ მიერ ბუნებრივი აირის წლიური მოხმარება დაახლოებით 1,1 მლრდ კუბური მეტრია).

როგორც წესი, ამა თუ იმ საქონელზე ფასების ცვლილებისას (სხვა საქონელზე ფასებისა და მომხმარებელთა შემოსავლების უცვლელობისას) მოსალოდნელია  ჩანაცვლების ან  შემოსავლის ეფექტი, ან ორივე ერთად.

 ჩანაცვლების ეფექტის თანახმად, ბუნებრივ აირზე ფასის შემცირება გამოიწვევს შეფარდებითი ფასების ცვლილებას, რის შედეგადაც გაზზე მოთხოვნა მკვეთრად უნდა გაიზარდოს, ხოლო სხვა საქონელზე მოთხოვნა უნდა შემცირდეს, ვინაიდან მათი ჩანაცვლება მოხდება გაიაფებული გაზით. მოვლენების ასეთი განვითარება პრაქტიკულად გამორიცხულია. უპირველეს ყოვლისა, გათბობის მიზნით საოჯახო მეურნეობებისა და სხვა სუბიექტების მიერ გამოყოფილი ბიუჯეტი მეტნაკლებად ფიქსირებულია (მისი მოცულობა ძირითადად დამოკიდებულია  შემოსავლის დონეზე), ანუ  შემოსავლების უცვლელობისას, მიუხედავად ბუნებრივ აირზე ფასების ცვლილებისა, უცვლელი დარჩება მის შესაძენად გამოყოფილი ბიუჯეტის მოცულობა, რაც გამორიცხავს  ჩანაცვლების ეფექტს. შეშით ან სხვა საშუალებებით გათბობის გაზით ჩანაცვლების ერთეულოვანი შემთხვევები სიტუაციას არსებითად ვერ შეცვლის. იმავეს თქმა შეიძლება სამეწარმეო სექტორზეც: მეწარმეთა მიერ ენერგეტიკულ რესურსებზე (სამეწარმეო მიზნებისათვის) გამოყოფილი ბიუჯეტიც შეიძლება მივიჩნიოთ ფიქსირებულ სიდიდედ, ყოველ შემთხვევაში, მოკლევადიანი პერიოდისათვის.

შემოსავლის ეფექტის თანახმად, ბუნებრივ აირზე ფასის შემცირებისას გაიზრდება მომხმარებელთა რეალური შემოსავალი, რაც განაპირობებს მოთხოვნის ზრდას როგორც გაზზე, აგრეთვე სხვა პროდუქციაზეც. პრობლემა იმის განსაზღვრაა,  ბუნებრივ აირზე ფასის შემცირებით განპირობებული რეალური შემოსავლის ზრდა და ამით გამოწვეული ერთობლივი მოთხოვნის ამაღლება თუ როგორი პროპორციით გადანაწილდება გაზსა და დანარჩენ პროდუქციაზე. ეს დამოკიდებულია ფასის მიმართ ბუნებრივ აირზე მოთხოვნის ელასტიურობაზე.  ფასის მიმართ ბუნებრივ აირზე მოთხოვნის მაღალი ელასტიურობის შემთხვევაში  მასზე ფასის შემცირებით განპირობებული რეალური შემოსავლის ზრდის დიდი ნაწილი მოხმარდება მისი დამატებითი მოცულობის შეძენას და, პირიქით, ფასის მიმართ ბუნებრივ აირზე მოთხოვნის დაბალი ელასტიურობისას, მასზე ფასის შემცირებით განპირობებული რეალური შემოსავლის ზრდის დიდი ნაწილი მოხმარდება სხვა საქონლის შეძენას. როგორც წესი, სათბობ–ენერგეტიკულ რესურსებზე ფასის მიხედვით მოთხოვნა საკმაოდ არაელასტიურია, განსაკუთრებით მოკლევადიანი პერიოდისთვის (ანუ მოთხოვნის მრუდი საკმაოდ ციცაბოა. ამით  სარგებლობენ აღნიშნული რესურსების ექსპორტიორი ქვეყნები და ფასების ამაღლებას არცთუ იშვიათად მიმართავენ), ხოლო გრძელვადიანი პერიოდისათვის შედარებით ელასტიური (ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ მომხმარებელთა სამომხმარებლო ჩვევების შესაცვლელად გარკვეული დროა საჭირო). სავარაუდოდ, გაზზე მოთხოვნის ელასტიურობის კოეფიციენტი ფასის მიმართ ნაკლები იქნება ერთზე, ყოველ შემთხვევაში მოკლევადიანი პერიოდისთვის,  მაგრამ  რამდენად, ეს დამოკიდებულია საწყისი ფასის სიდიდეზე: როგორც წესი, როდესაც ფასი მაღალია, მაშინ მოთხოვნის ელასტიურობა ფასის მიმართ შედარებით მაღალია (საქართველოში კი ფასი ბუნებრივ აირზე საკმაოდ მაღალია). გასათვალისწინებელია ისიც, რომ როცა ბუნებრივ აირზე (საერთოდ ნებისმიერ პროდუქციაზე) ფასების შემცირებას თან ახლავს შემოსავლის ეფექტი, მაშინ მოსალოდნელია მოთხოვნის უფრო მკვეთრი ზრდა, ანუ ამ შემთხვევაში ბუნებრივ აირზე მოთხოვნის ზრდას გამოიწვევს, როგორც ფასის შემცირება, აგრეთვე ფასის ამ შემცირებით გამოწვეული შემოსავლის ეფექტი. რაც უფრო მეტი იქნება შემოსავლის ეფექტი, მით მეტი იქნება მოთხოვნა ბუნებრივ აირზე, ხოლო შემოსავლის ეფექტი კი მით მეტი იქნება, რაც უფრო შემცირდება ფასი ბუნებრივ აირზე.

 ამრიგად, ბუნებრივ აირზე ტარიფის 20 %–ით, ანუ დაახლოებით 10 თეთრით შემცირებისას მის მომხმარებელთა (თბოსადგურების გარეშე) მსყიდველობითიუნარიანობა გაიზრდება დაახლოებით 110 მილიონი ლარით. თუ ჩავთვლით, რომ მთელი ეს თანხა წარიმართება გაზის დამატებითი მოცულობის ახალ შემცირებულ ფასად შესაძენად (რაც გამორიცხულად მიგვაჩნია), მაშინ გაზზე დამატებითი მოთხოვნა იქნება 275 მლნ კუბურ მეტრზე (110მლნ ლარი/0,4ლარი კუბურ მეტრ გაზზე). ამ შემთხვევაში გაზზე ფასის შემცირება 20%-ით იწვევს მასზე მოთხოვნის ზრდას 25%-ით(275/1100=0,25), ანუ ელასტიურობის კოეფიციენტი უდრის 1,25 (25%/20%), რაც ბუნებრივი აირის შემთხვევაში, თანაც მოკლევადიანი პერიოდისათვის მეტისმეტად მაღალი და შეუსაბამო მაჩვენებელია. ერთეულოვანი ელასტიურობის შემთხვევაში, ფასის შემცირება 20%-ით გამოიწვევს გაზზე მოთხოვნის გადიდებას 20%-ით, ანუ 220 მილიონი კუბური მეტრით. თუკი ელასტიურობის კოეფიციენტი 0,5 ტოლი იქნება, რაც ალბათ უკიდურეს ქვედა საზღვრად უნდა მივიჩნიოთ გაზის შემთხვევისათვის, მაშინ ბუნებრივ აირზე ფასის 20%-ით შემცირება, გამოიწვევს მასზე მოთხოვნის 10%-ით, ანუ 110  მლნ კუბური მეტრით გადიდებას. ჩვენი აზრით, მოკლევადიან პერიოდში, ტარიფის 10 თეთრით შემცირებისას გაზზე მოთხოვნის გადიდება მოსალოდნელია სწორედ 110-220 მლნ კუბური მეტრის დიაპაზონში, ხოლო გძელვადიანი პერიოდისათვის (მაქსიმუმ ერთი წლისთვის), აღნიშნული დიაპაზონის ქვედა დონემ მოსალოდნელია მინიმუმ 160-170 მილიონ ლარამდე აიწიოს (ჩვენი ეს დასკვნები ემყარება თეორიულ ცოდნას და მასზე დამყარებულ ლოგიკურ შეფასებებს. იდეალურად ზუსტი დასკვნების განხორციელება მოითხოვს  შესაბამის ემპირიულ მონაცემებზე დაკვირვებას. ჩვენთან ასეთი მონაცემების ბაზა მეტისმეტად მწირია, ხოლო ამ სფეროში უცხოეთში არსებული გამოცდილებაზე, როგორც მონაცემების, აგრეთვე შესაბამისი კვლევების სფეროში, სამწუხაროდ, ხელი არ მიგვიწვდება).

იმ შემთხვევაში, თუკი ბუნებრივ აირზე ფასები შემცირდება 50%–ით, ანუ დაახლოებით 25 თეთით კუბურ მეტრზე, მაშინ მის მომხმარებელთა (თბოსადგურების გარეშე, მოსახლეობისა და სამეწარმეო სექტორის) რეალური შემოსავალი გაიზრდება დაახლოებით 275 მილიონ ლარამდე (1100 მლნ კუბური მეტრი×0,25ლარი კუბურ მეტრზე). გაზის დამატებითი მოცულობის ახალ შემცირებულ ფასად (დაახლოებით 25,6 თეთრად) შესაძენად ამ თანხის, ანუ 275 მილიონი ლარის  მთლიანად დახარჯვის შემთხვევაში, გაზზე  მოთხოვნა გაიზრდება 1074 მლნ კუბურ მეტრამდე (275 მლნ ლარი/0,256 ლარი კუბურ მეტრ გაზზე). ე.ი.  გაზზე ფასის შემცირება 50%–ით გამოიწვევს მასზე მოთხოვნის ზრდას 98%–ით (1074/1100=0,98), ანუ ელასტიურობის კოეფიციენტი გაუტოლდება 1,96 (98%/50%), რაც ბუნებრივი აირის შემთხვევაში, თანაც მოკლევადიანი პერიოდისათვის, მეტისმეტად არაბუნებრივი მაჩვენებელია. ერთეულოვანი ელასტიურობის შემთხვევაში, ფასის 50%-ით შემცირება გამოიწვევს გაზზე მოთხოვნის გადიდებას იმავე 50%-ით, ანუ 550 მილიონი კუბური მეტრით. 0,5 ტოლი ელასტიურობის კოეფიციენტის შემთხვევაში კი ბუნებრივ აირზე ფასის 50%–ით შემცირება გამოიწვევს მასზე მოთხოვნის 25 %-ით, ანუ 275  მლნ კუბური მეტრით გადიდებას. ამრიგად, მოკლევადიან პერიოდში,  ტარიფის 25 თეთრით შემცირებისას გაზზე მოთხოვნის გადიდება მოსალოდნელია დაახლოებით 275-550 მლნ კუბური მეტრის დიაპაზონში, ხოლო გძელვადიანი პერიოდისთვის (მაქსიმუმ ერთი წლისათვის), აღნიშნული დიაპაზონის ქვედა დონის ამაღლება მოსალოდნელია მინიმუმ 50 %-ით. უფრო მეტიც ფასების ასეთი მნიშვნელოვანი შემცირებისას (განახევრებისას) გრძელვადიან პერიოდში მოსალოდნელია აღნიშნული დიაპაზონის ზედა საზღვრის მნიშვნელოვანი ამაღლებაც. უფრო მეტიც ეს აუცილებლად მოხდება, ვინაიდან ფასის ასეთი მკვეთრი შემცირება მოსახლეობას აუცილებლად უბიძგებს გაზის მოხმარების არსებითი გადიდებისკენ.  ეს რომ აუცილებლად მოხდება, ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ მე-20 საუკუნის 80-იანი წლების ბოლოსთვის, როცა გაზის ტარიფი დაბალი იყო, მისმა მთლიანმა მოხმარებამ საქართველოს მასშტაბით  გადააჭარბა 6 მილიარდ კუბურ მეტრს (თბოსადგურების ჩათვლით. თუმცა, თუკი გავითვალისწინებთ აღნიშნულ პერიოდში თბოსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის მაჩვენებელს, მაშინ  მათზე შეუძლებელია 2-2,5 მლრდ კუბურ მეტრ გაზზე მეტი მოსულიყო). თანაც ელექტროენერგიის ტარიფის შემცირება 3,5 თეთრით აუცილებლად გამოიწვევს ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ზრდას, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს თბოსადგურების მიერ წარმოებულ ელექტროენერგიაზე მოთხოვნის გადიდება, რაც აუცილებლად გაზრდის ერთობლივ მოთხოვნას გაზზე.

ამრიგად, გაზის ტარიფის 20%-ით, ანუ 10 თეთრით შემცირების შემთხვევაში მოსალოდნელია მასზე წლიური მოთხოვნის ზრდა მინიმუმ 110-220 მლნ კუბური მეტრით, ხოლო 50%-ით, ანუ 25 თეთრით შემცირების შემთხვევაში მინიმუმ 275-550 მილიონი კუბური მეტრით. ამ უკანასკნელ შემთხვევაში გრძელვადიანი პერიოდისათვის მოთხოვნის ზრდა შესაძლოა ბევრად უფრო არსებითი აღმოჩნდეს. ნებისმიერ შემთხვევაში წარმოიქმნება პრობლემები, თუმცა ეს პრობლემები ბევრად უფრო ნაკლებ სერიოზული იქნება პირველ შემთხვევაში და ბევრად უფრო მტკივნეული მეორე შემთხვევისათვის.

პრობლემა №1. რამდენად იქნება შესაძლებელი გაზზე გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილება. უპირველეს ყოვლისა, საინტერესოა ის, თუ გაზის მომწოდებელ უცხოურ (აზერბაიჯანულ) კომპანიებთან დადებული ხელშეკრულებით რამდენს შეადგენს გაზის წლიური მოწოდების ლიმიტი, ანუ მისი მოწოდების მაქსიმალური მოცულობა თითოეული წლისთვის, ან ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადისთვის მისი საშუალოწლიური მოცულობა. თუ ეს ლიმიტი მიღწეულია, მაშინ გაზის ნებისმიერი დამატებით მოცულობაზე (მცირეზე თუ დიდზე) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, აუცილებელია მეორე მხარის თანხმობა და   ახალი  ხელშეკრულების გაფორმება ან ახალი მომწოდებლების მოძიება. ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთ შეთანხმებას დრო სჭირდება და მისი მოგვარება ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, ეკონომიკურთან (მაგალითად, ხელსაყრელი ფასის შეთავაზება) ერთად დამოკიდებულია პოლიტიკურ ფაქტორებზეც.

პრობლემა №2. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ასეთი შეთანხმება მიიღწევა, გაზის დამატებითი  მოცულობის შეძენა მოითხოვს  უცხოური ვალუტის დამატებითი მოცულობის მოძიებას, რაც ადვილი ნამდვილად არ იქნება იმის გათვალისწინებით, რომ ადრე აღებული უცხოური ვალდებულებების გასტუმრება მნიშვნელოვან ხარჯებთანაა დაკავშირებული. ამიტომ აუცილებელი გახდება ან დამატებითი კრედიტების აღება, ან იმპორტულ პროდუქციაზე მოთხოვნის სტრუქტურის არსებითი შეცვლა.

პრობლემა №3. გასათვალისწინებელია ისიც, რომ საბაზრო ფასად გაზის დამატებითი მოცულობის შეძენა გამოწვევს გაზის საშუალო შეწონილი ღირებულების ამაღლებას, რაც გათვალისწინებულ უნდა იქნას ახალი შემცირებული ტარიფის დადგენისას. თუმცა თუკი თბოსადგურებს დღესდღეობით უფასო ან შეღავათიანი გაზი მიეწოდება, მაშინ არც ისაა გამორიცხული, რომ ტარიფის მატების აუცილებლობა არც დადგეს, ან ტარიფის ზრდა მეტად უმნიშვნელო იყოს,  რადგან ამ შემთხვევაში უფასო-შეღავათიანი გაზი ისედაც არავითარ როლს არ ასრულებს (წესით არ უნდა ასრულებდეს) სხვა დანარჩენი მომხმარებლებისთვის ტარიფის განსაზღვრაში.

ზემოაღნიშნულის შედეგად, მოკლევადიანი პერიოდისთვის (მიმდინარე ზამთარში) მეტად საეჭვოა გაზის ტარიფის არსებითი შემცირება (20-25%-ით. ხოლო 50%-ით შემცირებაზე საუბარიც კი ზედმეტია. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, პარტნიორმა ქვეყანამ რაღაცის სანაცვლოდ უნდა მოგვაწოდოს მეტად იაფი გაზი). სხვა საკითხია ის, ამის შესაძლებლობას თუ რამდენად იძლევა დღეს არსებული ტარიფი.

2. გაზის ტარიფის შემცირების საკითხის განხილვისას მეტად მნიშვნელოვანია ის, თუ რა დამატებითი ვალდებულებები აკისრია გაზის ადგილობრივ კომპანიებს საქართველოში. როგორც წესი, ასეთი ვალდებულებები არ უნდა არსებობდეს, მაგრამ მასმედიის საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული კომპანიები, მაგალითად, ”საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“, რომელიც შვილობილი ”გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მეშვეობით ახორციელებს გაზის ტრანსპორტირებას საქართველოში (მხოლოდ მას გააჩნია ამის ექსკლუზიური უფლება), გარდა ბიუჯეტის სასარგებლოდ მისთვის კუთვნილი გადასახადების გადახდისა, დამატებით  მეტად ძვირადღირებულ საბიუჯეტო პროექტებს აფინანსებდა. მართალია, აღნიშნული კომპანია სახელმწიფოს საკუთრებაა და მისი მოგება სახელმწიფოს შეუძლია  საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგოს, მაგრამ ეს სახელმწიფოს არ აძლევს იმის უფლებას, რომ უმოწყალო მონოპოლისტივით ხელოვნურად მეტისმეტად გაზარდოს ფასი და მოსახლეობის, მათ შორის დაბალშემოსავლიანთა და სოციალურად დაუცველთა ხარჯზე მიიღოს  მონოპოლიური ზემოგება და ამ გზით მიღებული შემოსავლებით დააფინანსოს ბიუჯეტის დეფიციტი. ამ გზით მიღებული შემოსავლების გარეშე, სახელმწიფო ან ვერ დააფინანსებდა ზემოაღნიშნულ პროექტებს, ან მოუწევდა იმის აღიარება, რომ ბიუჯეტის დეფიციტი ბევრად მეტია ოფიციალურად გამოცხადებულზე.  იმედია, რომ ახალი მთავრობა ამ კურსს არ გააგრძელებს, ანუ, იმედია, რომ სახელმწიფოს მმართველობაში არსებული ბუნებრივი მონოპოლიები განთავისუფლდებიან ხელოვნურად მათთვის დაკისრებული საბიუჯეტო ვალდებულებებისგან (თავისთავად არ ვგულისხმობთ საგასახადო ვალდებულებებს), რაც, ალბათ, შესაძლებელს გახდის გაზის რაღაც გარკვეული მინიმალური დონით შემცირებას (გაზზე მოთხოვნის ზრდის, მასთან დაკავშირებული პრობლემების და მათი გადაჭრის გზების მოძიების შესაძლებლობათა გათვალისწინებით).

 როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვიდან გაირკვა, აზერბაიჯანის მხარე საქართველოს ათას კუბურ მეტრ გაზს, ტრანსპორტირების ღირებულების ჩათვლით, აწვდის 145 დოლარად, ანუ დაახლოებით 250 ლარად. უფასო და შეღავათიანი გაზი კიდევაც რომ გამოვრიცხოთ, ერთი კუბური მეტრის ღირებულება გამოდის 25 თეთრი. მართლაც საინტერესო თანაფარდობაა აღნიშნულ 25 თეთრსა და მოსახლეობის მიერ გადახდილ 50,6 თეთრს შორის, რომ არაფერი ვთქვათ სამეწარმეო სექტორის მიერ გადახდილ 75 თეთრზე. როგორც ჩანს, ტარიფის არსებითი შემცირების ( 20–25%–ის დონეზე) რაღაც რეზერვები არსებობს. მიუხედავად ამისა, ტარიფის შემცირებისას გაზზე მოთხოვნის ზრდის, მასთან დაკავშირებული პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების მოძიების სირთულიდან გამომდინარე, გაზზე ტარიფის ასეთი შემცირება უფრო გრძელვადიან პერსპექტივად მიგვაჩნია, თუმცა გამორიცხულიც არაფერია, მათ შორის ისიც, რომ ახალ ობიექტურ გარემოებათა გათვალისწინებით საერთოდ არ შემცირდეს.

ამრიგად, გაზის ტარიფის არსებითი შემცირება (20-25%-ის ფარგლებში) მოკლევადიანი პერიოდისთვის შეუძლებლად მიგვაჩნია ზემოაღნიშნულ ობიექტურ გარემოებათა გათვალისწინებით. პრობლემას წარმოადგენს ამ საკითხთან დაკავშირებით მოსახლეობაში არსებული მოლოდინი, რომლის ჩამოყალიბებაში, როგორც ბოლო ერთი წლის მანძილზე განვითარებული მოვლენების ობიექტური ანალიზი ცხადყოფს, უმთავრესი როლი შეასრულა თავად მოსახლეობის შინაგანმა, ცნობიერმა თუ ქვეცნობიერმა განწყობამ და დამოკიდებულებამ მოსალოდნელ ცვლილებებთან მიმართებაში. ამასთან, აღნიშნული განწყობა-მოლოდინის ფორმირება-განმტკიცებაში კატალიზატორის როლი შეასრულა საინფორმაციო საშუალებების მიერ ამ თემით აპელირებამაც (როგორც ჩანს, ამ სფეროს წარმომადგენლებშიც შინაგანი განწყობა ანალოგიურად ჩამოყალიბდა). მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნების“ ლიდერთა გამონათქვამებში იყო ცალკეული მინიშნებები ტარიფების შემცირების შეასახებ, შეუძლებელია არ დაეთანხმო  ენერგეტიკის მინისტრის განცხადებას, რომ ტარიფების შემცირებასთან დაკავშირებით ინფორმაცია  გადაჭარბებით იქნა მიწოდებული საინფორმაციო საშუალებების მიერ, მით უფრო, რომ ამის შესახებ არაფერი წერია ქართული ოცნების“ პროგრამაში.

მიუხედავად იმისა, იყო თუ არა დაპირებები ტარიფის შემცირების შესახებ, ფაქტი სახეზეა: მოსახლეობაში არსებობდა და არსებობს მათი არსებითი შემცირების მოლოდინი. ამიტომაც, საჭიროა,ხელისუფლებამ  როგორც საკუთარი, აგრეთვე ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ნათლად და მკაფიოდ  აუხსნას საზოგადოებას, თუ რა რეალური გარემოებები უშლის ხელს ტარიფების შემცირებას, რათა მოსახლეობაში არ ჩამოყალიბდეს ნიჰილისტური დამოკიდებულება ყოველგვარი პოლიტიკური პროცესის მიმართ. ნებისმიერ შემთხვევაში, პოზიტიური ცვლილებების მოლოდინი არ უნდა გაქარწყლდეს, პირიქით,  ქვეყნის კულტურულ-ეკონომიკური აღმშენებლობისკენ მიმართულმა ხელისუფლების  ენერგიულმა ნაბიჯებმა, მოვლენების არასასურველი მიმართულებით განვითარების შემთხვევაში გულწრფელმა  ახსნა-განმარტებებმა,  ხელი უნდა შეუწყოს იმედიანი განწყობა-მოლოდინების ჩამოყალიბებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსალოდნელია ხელისუფლების ავტორიტეტის ვარდნა და მოსახლეობაში ნიჰილისტური დამოკიდებულების ჩამოყალიბება  ხელისუფლების, სახელმწიფოსა და მისი ინსტიტუტების მიმართ, რაც ნამდვილად არ წაადგება საერთო ქართულ საქმეს.    

 

ეკონომიკის დოქტორი დემნა კვარაცხელია

 

29-12-2012, 14:26
უკან დაბრუნება