ივერიონი / ვანო მერაბიშვილი პარლამენტის მიერ მიღებულ ამნისტიის კანონპროექტს არნახულს უწოდებს

ვანო მერაბიშვილი პარლამენტის მიერ მიღებულ ამნისტიის კანონპროექტს არნახულს უწოდებს

„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ვანო მერაბიშვილმა ამნისტიის კანონპროექტის შესახებ ბრიფინგი გამართა. მერაბიშვილი პარლამენტის მიერ მიღებულ ამნისტიას არნახულს უწოდებს.  მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით, თითოეული პატიმრის შეწყალების საკითხს წინა ხელისუფლება დიდი სიფრთხილით უდგებოდა.

 

„ხელისუფლებაში ყოფნის დროს არაერთხელ განგვიხორციელებია ზოგიერთი პატიმრის შეწყალება. ჩვენ ამ საკითხებს ძალიან ფრთხილად ვუდგებოდით, რათა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს არ შექმნოდათ საფრთხე. გუშინ მოხდა საქართველოს ისტორიაში არნახული ამნისტია, როგორც პოლიტიკური, ისე სხვა ტიპის. მსგავსი ტიპის ამნისტია ბოლოს საქართველოში ე.წ. „ჯაბა იოსელიანის ამნისტია“  იყო და რა შედეგებამდეც მიგვიყვანა მან, ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით“, – აცხადებს მერაბიშვილი. 

 

ყოფილი შს მინისტრი პოლიციელებს დამნაშავეების წინააღმდეგ გაწეულ შრომას უფასებს და მოუწოდებს, კვლავ გააგრძელონ თავიანთი საქმე. 

 

„მე ვიცი, რამდენი შრომა დასჭირდათ პოლიციელებს, ხშირად საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად მოუხდათ ნარკომოვაჭრეების, მკვლელების, ყაჩაღების, მეამბოხეებისა და უცხოელი ჯაშუშების დაკავება. მინდა მოვუწოდო თითოეულ პოლიციელს, გული არ გაიტეხოს და კვლავ ძველებური შემართებით გააგრძელოს ამ სერიოზული დამნაშავეების წინააღმდეგ ბრძოლა. რადგანაც ეს ადამიანები – ნარკომოვაჭრეები, ჯაშუშები, მეამბოხეები, უქმნიან საფრთხეს ჩვენს ქვეყანას და თითოეეული ჩვენი მოქალაქის უსაფრთხოებას“, – ამბობს მერაბიშვილი. 

 

ყოფილმა შს მინისტრმა დასძინა, რომ თითოეული ქართველის  ვალია, საქართველოში  90–იანი წლები აღარ განმეორდეს. „მე დარწმუნებული ვარ, დრო აჩვენებს, რომ ასეთი რამ საქართველოში არასოდეს განმეორდება“, – აცხადებს მერაბიშვილი.

 

29-12-2012, 14:57
უკან დაბრუნება