ივერიონი / იძულებითი პოლიტიკური ქორწინება, თუ ლოგიკური შედეგი?!

იძულებითი პოლიტიკური ქორწინება, თუ ლოგიკური შედეგი?!

მადლობა ღმერთს, საკონსტიტუციო ისტერია დასრულდა. რუბიკონი გადალახულია! გილოცავთ!

 

ყველაზე ადრე საქართველოს ეს გამარჯვება  პარლამენტის თავმჯდომარემ ბ-ნმა დავით უსუფაშვილმა მიულოცა. თუმცა, დააკონკრეტა, რომ ეს მათი გამარჯვება არ არის. არ ვიცი, თავისი თანაპარტიელები იგულისხმა, თუ ორივე ერთად - უმრავლესობაც და უმცირესობაც, მაგრამ სახეზე ეტყობოდა, მთლად კმაყოფილი არ იყო!

 

ბუნებრივად იბადება კითხვა: ვინ გაიმარჯვა ამ "სასტიკ" ორთაბრძოლაში? ექსპერტები, თუ არ ჩავთვლით ქალბატონ ხათუნა ლაგაზიძეს, ჯერჯერობით კვალიფიციურ კომენტარს არ აკეთებენ. სოციალურ ქსელებში კი ძირითადად ემოციებზე აგებული განცხადებები კეთდება. ზოგიერთები ფიქრობენ, რომ კენჭისყრის შედეგებით საქართველომ გაიმარჯვა, რადგან მუხლი, რომელიც ვადაგასულ პრეზიდენტს, რომელსაც საკუთარ ტანზე ჩოხასავით მორგებული კონსტიტუცია მთავრობის ერთპიროვნულად დათხოვნის უფლებას აძლევდა, გაუქმდა. თავისთავად, შედეგი მისაღები უნდა იყოს საზოგადოებისთვის, რომ არა ოთხთვიანი ისტერია, რომელიც წინ უძღოდა საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაზე დაყენებას. 

 

საპარლამენტო უმრავლესობა ირწმუნებოდა, რომ მათ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო ხმები ჯიბეში ედოთ, მაგრამ აინტერესებდათ, რა პოზიციას დაიკავებდა საპარლამენტო უმცირესობა  საკონსტიტუციო კოლიზიის განეიტრალებასთან დაკავშირებით. საზოგადოებამ ირწმუნა, რომ კოალიციას ნამდვილად ჰქონდა გარანტირებული ხმები, რომელიც დაადასტურებდა, რომ უმცირესობის ზოგიერთ წევრზე კარგად "იმუშავეს", ან უკეთეს შემთხვევაში, თვითონ ისინი ცდილობდნენ "გაეიასნებინათ" ურთიერთობები ახალ ხელისუფლებასთან.

 

საპარლამენტო უმცირესობა საპირისპიროს ამტკიცებდა _ ისინი აცხადებდნენ, რომ კოალიცია "ქართული ოცნება" ცდილობს დაშინების, შანტაჟის, "ხელის გადაგრეხვის", მოსყიდვის გზით მოიპოვოს საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო ხმები, მაგრამ ეს არ გამოუვათ, რადგან "ნაციონალური მოძრაობა" ერთიანი და შეუვალია. ხალხს მაინც უფრო ახალი ხელისუფლების დაპირების სჯეროდა.

 

კენჭისყრის მოახლოებისთანავე "ნაცებმა" ახალი მოთხოვნა წამოაყენეს, რომელსაც ულტიმატუმის სახე მისცეს _ ჩვენ მხოლოდ მაშინ დავუჭერთ მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს, თუ სარეიტინგო კენჭისყრას ჩაატარებთო. ისინი ამ ფორმალური პროცედურის აუცილებლობას ხსნიდნენ იმით, რომ გარკვეულიყო, ჰყავდა თუ არა ნამდვილად საპარლამენტო უმრავლესობას მომხრეები "ნაციონალური მოძრაობიდან". თუ ანალოგიური პრაქტიკის მიზანშეწონილობას გავითვალისწინებთ, "ნაციონალების" მოთხოვნა მიუღებელი არ უნდა ყოფილიყო საპარლამენტო უმრავლესობისთვის, რომ არა ერთი გარემოება: "ნაცების" მოთხოვნა ულტიმალტუმის ელემენტებს შეიცავდა, რომელიც მათი "საგმირო" საქმეებიდან გამომდინარე, მიუღებელია საზოგადოებისთვის. არის სხვა მომენტიც, რომელიც ისევ და ისევ სარეიტინგო კენჭისყრას უკავშირდება _ კოალიციას ცვლილებებისთვის საჭირო ხმები ჯიბეში გარანტირებულად თუ  არ ედო, იგი ამ პროცედურაზე არ უნდა წასულიყო. ამით გარკვეულ უხერხულობას თავიდან აიცილებდა.

 

ამ რამდენიმე დღის წინ ჩემს ერთ-ერთ სტატიაში ნიშნისმოგებით აღვნიშნე, რომ შეიძლება კოალიციას საჭირო ხმები მართლაც ჯიბეში უდევს, მაგრამ "ნაცები" ისეთი მაკვარანცხები არიან, შეიძლება ჯიბე გაუხვრიტონ და პირში ჩალაგამოვლებული დატოვონ-მეთქი. ძნელი სათქმელია, რა მოხდა სინამდვილეში, მაგრამ გუშინდელმა საპარლამენტო ორთაბრძოლამ ბევრი კითხვის ნიშანი დატოვა. კერძოდ: 

 

•საზოგადოებას გაუჩნდა ეჭვი, რატომ ამტკიცებდა კოალიცია "ქართული ოცნებას", რომ საკონსტიტუციო ცვლილებისთვის საჭირო ხმები გარანტირებული ჰქონდა, მაშინ, როცა კენჭისყრისას სულ სხვა შედეგები მივიღეთ?

 

•რატომ გახდა ამდენი აჟიოტაჟის მიზეზი საკონსტიტუციო ნორმა ვადაგასული პრეზიდენტისა და ამომრჩეველთა 60 პროცენტიანი მხარდაჭერის პირობებში? ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ახალ ხელისუფლებას თავისი მდგომარეობის შესანარჩუნებლად დამატებით ფორმალური პროცედურები დასჭირდა, რაც მის მიმართ ამომრჩეველთა უპირობო მხარდაჭერას ეჭქვეშ აყენებს?!

 

•რასთან გვაქვს საქმე: დასავლეთის მიერ შეთავაზებულ კოჰაბიტაციასთან, თუ "ნაციონალებთან" იძულებით პოლიტიკურ ქორწინებასთან, რომელიც სხვადასხვა ფაქტორებითაა განპირობებული. უპირველესად ვგულისხმობ ახალი კოალიციის პოლიტიკურ გამოუცდელობას საპარლამენტო უმცირესობასთან შედარებით, რაც, ჩემი აზრით, სარკესავით ჩანს მოვლენის ზედაპირზე.

 

•დღესავით ნათელია, რომ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ჩანასახი არ არის. სხვა შემთხვევაში ანალოგიურ ისტერიას და მისგან გამომდინარე შორს მიმავალ შედეგებს თავიდან ავიცილებდით!

 

სავსებით ვეთანხმები ქალბატონ ხათუნა ლაგაზიძეს, რომ კენჭისყრის შედეგები დღევანდელ კოალიციას მომავალში ძვირად დაუჯდება. ვეთანხმები იმაშიც, რომ ფაქტიურად პოლიტიკური მოუსავლეთისთვის გამზადებული "ნაცების" რეაბილიტაცია-გაცოცხლება მოხდა. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ საპარლამენტო უმცირესობის ხელში ჩაგდებულ კოზირს, რომელსაც როცა დასჭირდებათ, მაშინ გამოიყენებენ. ამის ნიშნები მათი ლიდერების კენჭისყრისშემდგომ გამოსვლებშიც იკითხებოდა.

 

გუშინდელმა საპარლამენტო პერიპეტიებმა გვიჩვენა, რომ "ნაცმოძრაობამ" თავისი დანაქადები შეასრულა _ ჩვენ არ ვიყიდებით და ვერც ხელს გადაგვიგრიხავთო. აჩვენა ისიც, რომ პოლიტიკური თანმაშის წესებს თვითონ კარნახობენ (სარეიტინგო კენჭისყრა) და საპარლამენტო უმრავლესობა სერიოზულ გადაწყვეტილებებს მათი მხარდაჭერის გარეშე ვერ მიიღებს!

 

ვადაგასულმა პრეზიდენტმა თავის "გამარჯვებულ" გუნდთან ერთად (ყოველშემთხვევაში ასე იკითხებოდა მათი თვალებიდან) "დაამტკიცა", რომ ის მისთვის კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას (მთავრობის ერთპიროვნულად დათხოვნა) არ გამოიყენებდა და ახალი ხელისუფლების ატეხილი აჟიოტაჟი საფუძველს მოკლებული იყო! სააკაშვილს გუნდმა აჩვენა ისიც, რომ არა მარტო მონოლითურები და "საკუთარი პრინციპების" ერთგულები არიან (არადა, ასე აცხადებენ), არამედ აშკარად უსწრებენ თავიანთ ოპონენტებს პროფესიონალიზმით (რაც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმაც აღიარა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე) და თავიანთი შორსგამიზნული ინიციატივებით მუდმივად თავდაცვის რეჟიმში ამყოფებენ!

 

ახლა კი დავსვათ ლოგიკური კითხვა: რა მოხდებოდა საპარლამენტო უმრავლესობა რომ არ დათანხმებულიყო სარეიტინგო კენჭისყრას, ან ახალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე თავი შეეკავებინა საკონსტიტუციო კოლიზიის გამოსწორებაზე? მართლა იყო თუ არა იმის საშიშროება, რომ სააკაშვილი დაითხოვდა ახლადარჩეულ მთავრობას და პოლიტიკურ კრიზისს შექმნიდა საქართველოში?

 

მართალია, სააკაშვილისგან ყველაფერია მოსალოდნელი, მაგრამ თუ ლოგიკურ ჯაჭვს გავყვებით, ეს ისედაც გამოირიცხებოდა, რადგან პოლიტიკური კრიზისი და ხელახალი არჩევნები რომელ მთავრობასაც არ უნდა ჩაეტარებინა იგი, მათ პოლიტიკურ დასასრულს მოასწავებდა (რის უფლებასაც თავისი გუნდიც არ მისცემდა). მეორეც, საზოგადოება, რომელმაც ზურგი აქცია ძალადობას და მხარი ახალ რეალობას დაუჭირა, აუცილებლად გამოვიდოდა ქუჩაში  თავისი მონაპოვრის (ხმების) დასაცავად, რაც ისევ და ისევ "ნაციონალების" პოლიტიკურ კრახს გამოიწვევდა.

 

სხვათაშორის, ბატონი ბიძინა ივანიშვილი ხშირად უსვამდა ხაზს, რომ სააკაშვილი მთავრობის დათხოვნას ვერ გაბედავდა. ამ სიტყვებში ალბათ საზოგადოების მხარდაჭერა და ძველი ხელისუფლებისადმი მისი დამოკიდებულება იგულისხმებოდა, რაც სავსებით კანონზომიერი იყო. მაშ, რა მოხდა მერე? ამაზე პასუხის გაცემა ახალ უმრავლესობას ნამდვილად მოუწევს!

 

ვფიქრობ, რადგან დღის წესრიგში კონსტიტუციური ცვლილებების აუცილებლობა დადგა, კენჭი სარეიტინგო ფორმალობის გარეშე უნდა ეყარათ, სადაც "ნაციონალების" ნამდვილი სახე კიდევ ერთხელ გამოჩნდებოდა და საზოგადოებას ექნებოდა გონივრული ეჭვი, რომ  ისინი უკანონოდ მიტაცებულ კონსტიტუციურ ბერკეტებს გამოიყენებდნენ. ამ შემთხვევაში საკმარისი იყო საზოგადოების აქტიურობა (ვიდრე სამოქალაქო საზოგადოება არ ჩამოყალიბდება, საქართველოს არაფერი ეშველება!), რომელიც საბოლოოდ დაუსვამდა წერტილს "ნაციონალების"ანგლობას და მათ კუთვნილ ადგილსაც მიუჩენდა. თუ რატომ არ აირჩია ეს გზა ახალმა ხელისუფლებამ, ცოტა გაუგებარია. თუმცა, არც ის არის გამორიცხული, თავიანთი პოლიტიკური რენომეს შესანარჩუნებლად "ნაციონალებს" მხარი ისედაც დაეჭირათ!

 

ძნელი სათქმელია, თუ როგორ გაგრძელდება მომავალში უმცირესობისა და უმრავლესობის პოლიტიკური ქორწინება, მაგრამ გუშინდელი გადაწყვეტილება თავის უარყოფით კვალს რომ დატოვებს, აშკარაა.

 

ზაურ ნაჭყებია

 

22-03-2013, 13:36
უკან დაბრუნება