ივერიონი / პრეზიდენტომანია საქართველოში, ანუ, ვის "გვტენიან" და ვინ გამოგვადგება?!

პრეზიდენტომანია საქართველოში, ანუ, ვის "გვტენიან" და ვინ გამოგვადგება?!

"თუ პრეზიდენტი გახდება მარგველაშვილი, მაშინ, გაისად საქართველოში მარტო გეი-აღლუმი კი არ იქნება, ერთსქესიანთა ქორწინებაც დაკანონდება. "მარგველაშვილის საქართველოს პრეზიდენტად არჩევა ნიშნავს, რომ საქართველოში ეროვნული სახელმწიფოებრიობა იქნება შეჩერებული ძალიან დიდი ხნით!.." _ აცხადებს პოლიტიკური პარტია "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა.

 

საკმაოდ მძიმე ბრალდებაა. დაზუსტებით არ ვიცი, რას გულისხმობს ამ სიტყვებში ბატონი კუკავა _ იმას, რომ ივანიშვილს კურსი სწორედ აქეთკენ აქვს აღებული და მნიშვნელობა არა აქვს იმას, ვინ იქნება მისი ფავორიტი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე, თუ იმას, რომ ბატონი მარგველაშვილი დღესაც გეიაღლუმის ჩატარებისა და ერთსქესიანთა ქორწინების მომხრეა და პრეზიდენტად არჩევის (თუ დანიშვნის, რადგან, თავად მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ქართველი ერი ხმას მისცემს იმას, ვისაც "ქართული ოცნება" ეტყვის) მის დაკანონებას შეეცდება.

 

არ გამოვრიცხავ, კუკავას განცხადება პოლიტიკური ავანტიურა იყოს, მაგრამ, თუ ამ სიტყვების მიღმა ჭეშმარიტება იმალება, საკმაოდ საგანგაშო სიგნალია!

 

სხვათაშორის, 17 მაისმა ბევრი რამ გამოააშკარავა და ყველას და ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა. საკმაოდ ორაზროვანი და არაფრისმთქმელი იყო ბ-ნ გიორგი მარგველაშვილის პოზიციაც აქციის შეფასებასთან დაკავშირებით. არადა, პირიქით უნდა ყოფილიყო _ ამომრჩეველმა უნდა იცოდეს, ვის აძლევს ხმას, რა მრწამსისა და ღირსებების მატარებელია იგი, რას ნიშნავს მისთვის ეროვნული იდენტობა და საჭიროების შემთხვევაში არის თუ არა მზად ეროვნული ფასეულობების დასაცავად!

 

მარგველაშვილის თანაგუნდელის ზვიად ძიძიგურის განცხადება, რომ მარგველაშვილი კუკავასაგან განსხვავებით ეკლესიურია, ბევრს არაფერს გვეუბნება. ძიძიგურს არ დაუკონკრეტებია, რაში გამოიხატება მისი ეკლესიურობა _ თავისი მრწამსითა და ცხოვრების წესით დგას თუ არა იგი ჭეშმარიტი მართლმადიდებლობის გვერდით, რომლისთვისაც სულერთი არ არის, როგორი მომავალი ექნება საქართველოს. საზოგადოებამ ჯერჯერობით არ იცის, უჭერს თუ არა მხარს "ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი ერთსქესიანთა ქორწინებას, თავსმოხვეული ახალი ევროპული "ხილის" _ ინცესტის დაკანონებას. არც ის ვიცით, როგორი იქნება მისი წინასაპრეზიდენტო პროგრამა და რა ადგილი უჭირავს ამ პროგრამაში ქართული იდენტობის (თვითმყოფადობა და ტრადიციული ღირებულებები) დაცვას.

 

საზოგადოებაში გავრცელებული აზრი, რომ ივანიშვილის მიერ დასახელებული საპრეზიდენტო კანდიდატი, აუცილებლად საქართველოს პრეზიდენტი უნდა გახდეს, ავადმყოფური აზროვნების ნაყოფი უფროა, ვიდრე ლოგიკური და სასურველი რეალობა. ჩვენ ბოლოს და ბოლოს უარი უნდა ვთქვათ გარკვეული ძალების მხრიდან (ვინც არ უნდა იყოს ის) პრეზიდენტის ხელოვნურად არჩევის (საზოგადოებისთვის თავმოხვევის) პრაქტიკაზე. მითუმეტეს, უარი უნდა ვთქვათ, რომელიმე პოლიტიკური დაჯგუფების მხრიდან ხელისუფლების უზურპაციის მცდელობაზე. "ქართული ოცნების" კანდიდატის გაპრეზიდენტება კი სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპირება (ერთი პოლიტიკური მონსტრის ხელში მოქცევა), რომელსაც არასდროს სიკეთე არ მოუტანია საზოგადოებისთვის.

 

არ ვეთანხმები მავანთა და მავანთა აზრს, რომ მომავალი პრეზიდენტი ცარიელი "ფუტლიარია" და ყველა ძალაუფლება პრემიერ-მინისტრს გადაეცემა.

 

საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებებით, რომელიც 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შედის ძალაში:

 

1. "საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს სახელმწიფო მეთაური, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი. საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს სახელმწიფო ორგანოთა ფუნქციონირებას.

2. საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი.

3. საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში (მუხლი 69).

 

აქედან გამომდინარე, საზოგადოების და პარლამენტის გარეთ დარჩენილი ოპოზიციური სპექტრის მთელი ძალისხმევა უნდა მიიმართოს იქითკენ, რომ მომავალი პრეზიდენტი არა "ქართული ოცნებიდან", არამედ, პარლამენტს გარეთ დარჩენილი სპექტრიდან (სასურველია, თუ მთლად უპარტიო იქნება) ავირჩიოთ. ოღონდ, იგი სახელმწიფოს მეთაურისთვის აუცილებელ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს.

ჩემს ერთ-ერთ სტატიაში "ვეძებ პრეზიდენტს" ვწერდი: როგორი პრეზიდენტი გვჭირდება ჩვენ? ისეთი, რომელსაც თავისი "პატრონები", როგორც მოეპრიანებათ, ისე დაატრიალებენ, თუ ისეთი პრეზიდენტი, რომელიც ხალხის მანდატით იქნება აღჭურვილი და სახელისუფლო შტოებს შორის დამბალანსებლის ფუნქციას შეასრულებს?!"

 

მარგველაშვილის არჩევის შემთხვევაში სწორედ პირველ ვარიანტთან გვექნება საქმე და მთელი ძალაუფლება ერთი კონკრეტული ჯგუფის ხელში იქნება კონცენტრირებული, რაც თავის მხრივ, ხელისუფლების უზურპაციის საშიშროების წინაშე დაგვაყენებს. სხვა საკითხია, თუ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება და მრავალპარტიულ პოლიტიკურ სპექტრს მივიღებთ. თუმცა, ამის მზაობა წინასწარ უნდა გაცხადდეს და იდეალურ შემთხვევაში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ერთდროულად უნდა ჩატარდეს! საკამათო არ არის, რომ ეს არც "ნაციონალების" და არც კოალიციაში შემავალი ზოგიერთი პოლიტიკური სუბიექტის ინტერესში არ შედის.თუმცა, მთავარია, შედის თუ არა ივანიშვილის ინტერესებში?! ამაზე პასუხი ჯერ-ჯერობით არ ჩანს.

 

ახლა ისევ საპრეზიდენტო კანდიდატებს დავუბრუნდეთ.

 

კახა კუკავა მარგველაშვილის რეალურ პრეტენდენტად ლევან ვასაძეს მოიაზრებს. თუ ლევან ვასაძე არჩევნებში მონაწილეობას გადაწყვეტს, დარწმუნებული ვარ, მას ექნება ძალიან დიდი გამარჯვების შანსი" _ ამბობს კუკავა, მაგრამ, არ აკონკრეტებს, ვის მიერ წარდგენილი კანდიდატი შეიძლება იყოს ვასაძე?!

 

ვასაძის შესაძლო გაპრეზიდენტებაზე რამდენიმე წლის წინათაც წერდა ქართული მასმედია, მაგრამ თავად ვასაძე მის გაპოლიტიკოსებას და მითუმეტეს, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას კატეგორიულად უარყოფდა. სხვათაშორის, ჩემს ერთ-ერთ სტატიაში: "ვის ვინატრებდი საქართველოს პრეზიდენტად?"ჯერ კიდევ 2012 წლის ოქტომბერში ვწერდი: "იგი პატივს სცემს ეროვნული ტრადიციებს, მაგრამ, ღიად აცხადებს, რომ ჩვენ უარი არ უნდა ვთქვათ დასავლურ ღირებულებებზეც, ოღონდ, ეს თვითმყოფადობის იგნორირების ხარჯზე არ უნდა მოხდეს... მას არაფერში სჭირდება სკამი და ძალაუფლება. შეუვალია, მაგრამ სამართლიანი... ყველა ღირსება გააჩნია იმისათვის, რომ საქართველოს პრეზიდენტის პოსტი ეკავოს და იყოს სახელმწიფოს სიმბოლო"... მიუხედავად იმისა, რომ თვითონ უარყოფს, ბევრი ფიქრობს, რომ ვასაძის ბოლოდროინდელი გააქტიურება მის საპრეზიდენტო ამბიციებს შეიძლება უკავშირდებოდეს. თუმცა, რა პოლიტიკურ ძალებს დაეყრდნობა იგი, ჯერჯერობით უცნობია. მე უფრო შორს წავალ და ვიტყვი, რომ თეორიულ დონეზე შეიძლება იმის დაშვება, რომ ვასაძე ივანიშვილისთვის ე.წ. "ზალატოი ზაპასი" შეიძლება იყოს! სხვანაირად, როგორც ტრადიციების ერთგული, შეუძლებელია იგი საკუთარ ნათელმირონს _ გიორგი მარგველაშვილს დაუპირისპირდეს! ეს კი მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ივანიშვილი დარწმუნდება, რომ მარგველაშვილი რომელიმე ოპოზიციურ კანდიდატს კონკურენციას ვერ გაუწევს! არადა, ამის რეალური წინაპირობა არსებობს, თუ ოპოზიცია საერთო კანდიდატის გარშემო გაერთიანდება და სათანადო პიარ-კამპანიასაც აწარმოებს!

 

ისმება კითხვა: ვინ შეიძლება იყოს "ქართული ოცნების" კანდიდატის რეალური კონკურენტი და რა კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს იგი?

 

"მომავალი საპრეზიდენტო კანდიდატი უნდა იყოს ქართველი ხალხის რჩეული, საქართველოს წარმომადგენელი საზღვრებს გარეთ, მოწოდებით ქართველი, ეროვნული ქართული ტრადიციების მატარებელი და რაც მთავარია, უნდა შეძლოს როგორც სახელმწიფოს, ასევე, სამშობლოს ინტერესების დაცვა" _ წერს ერთ დროს ბურჯანაძის, შემდგომ კი ივანიშვილის მრჩეველი ზურაბ ბიგვავა.

 

დაბეჯითებით ძნელია იმის თქმა, თუ ვის მოიაზრებს ბატონი ზურაბი ასეთ კანდიდატად, მაგრამ მსჯელობა ამ კრიტერიუმების გარშემო თამამად შეიძლება. თუ პოლიტიკურ ბატალიებში გამოუცდელობას არ ჩავთვლით, ლევან ვასაძე ნამდვილად აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, თუმცა, ბოლოდროინდელი მოვლენები ადასტურებს, რომ სხვა კრიტერიუმებთან ერთად მომავალი პრეზიდენტისთვის პოლიტიკური გამოცდილებაც აუცილებელია.

 

ამ ბოლო ხანებში ივანიშვილი რატომღაც არ წყალობს ნინო ბურჯანაძეს. მას რუსული ორიენტაციის პოლიტიკოსს უწოდებს და უპირატესობას დასავლური ორიენტაციის (ეს მისი შეფასებაა) სალომე ზურაბიშვილს ანიჭებს.

 

ზურაბიშვილის ბოლოდროინდელი გააქტიურება გვაფიქრებინებს, რომ რაღაც გარიგებასთან (ან ყურადღების ზურაბიშვილზე გადატანასთან) გვაქვს საქმე. მითუმეტეს, მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ მზადდება საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს შეეძლება დაიკავოს უმაღლესი თანამდებობა. თუ ეს ცვლილება ზურაბიშვილზე იქნება მორგებული, ალბათ კონსტიტუციიდან ბოლო ხუთ წელს საქართველოში სავალდებულო ცხოვრებასაც ამოიღებენ!

 

ბურჯანაძე თუ ზურაბიშვილი?!

 

ზურაბიშვილზე, როგორც მომავალ საპრეზიდენტო კანდიდატზე, სოციალურ ქსელში ჩემი პირადი დამოკიდებულება უკვე გამოვთქვი. შეიძლება ითქვას, ახლაც იგივე აზრზე ვარ. ქალბატონ სალომეს მარგველაშვილისგან განსხვავებით ის უპირატესობა გააჩნია, რომ აქვს გარკვეული გამოცდილება საერთაშორისო ურთიერთობებში. როგორც ადრე ვწერდი, დასავლურ ენაზე მოსაუბრე დიპლომატია. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ კონკურენტუნარიან პოლიტიკოსად ჩამოყალიბდა და აქედან გამომდინარე, ძნელია მან "ვაჟკაცურად" ზიდოს ის მძიმე ტვირთი, რომელსაც მომავალ პრეზიდენტს ავკიდებთ!

 

რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით რა მრწამსის მატარებელია იგი, რამდენად ერთგულია ქართული ტრადიციების და რამდენად იქნება მზად ხმალამოღებულმა იბრძოლოს ქართული თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის. თუ 17 მაისის აქციის მისეულ შეფასებას გავიხსენებთ, პირდაპირ ვიტყვი, "გამოცდა" წარმატებით ვერ ჩააბარა!

 

რაც შეეხება ნინო ბურჯანაძეს, რომელიც დღევანდელი პოლიტიკოსისთვის აუცილებელ ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს, ერთიანი ოპოზიციური სპექტრისა და საზოგადოების მხრდაჭერის შემთხვევაში მას აქვს რეალური შანსი, გახდეს მომავალი პრეზიდენტი. ნიშანდობლივია ისიც, რომ იგი აცნობიერებს დაშვებულ შეცდომებს და ცდილობს მოახდინოს საკუთარი პოლიტიკური იმიჯის რეაბილიტაცია. სხვათაშორის, მისაღებია მისი ხედვა ეროვნული ფასეულობების შენარჩუნებასთან დაკავშირებითაც, რაც 17 მაისის შეფასების დროსაც გამოავლინა.

 

ბურჯანაძე დახვეწილი და მოზომილია. აქვს საერთაშორისო სტრუქტურებთან მუშაობის გამოცდილება, ამასთან, ადვილად შეუძლია გამოძებნოს დიპლომატიური ენა რუსეთთან. კონკურენტებისგან განსხვავებით,იგი საკუთარი პრინციპების ერთგული და ლოგიკურად მოაზროვნე პოლიტიკოსია

 

* * *

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ივანიშვილი არ არის პოლიტიკოსი და არც მომავალში აპირებს პოლიტიკოსობას (ეს მისი სიტყვებია) საზოგადოების მხრიდან ყველაზე სწორი გადაწყვეტა იქნება, თუ მომავალ არჩევნებში მხარს პოლიტიკის ანა-ბანას მცოდნე საპრეზიდენტო კანდიდატს დავუჭერთ!

 

P.S. ივანიშვილის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოვრიცხავ, სიტუაციის გათვალისწინებით კოალიციამ საპრეზიდენტო კანდიდატი ბოლო მომენტში შეცვალოს. არც იმას გამოვრიცხავ, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებიც დანიშნოს, რაც მისი მხრიდან ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნება. თუ ეს ასე მოხდა, მაშინ არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, ვინ იქნება მომავალი პრეზიდენტი _ ივანიშვილის ფავოროტი, თუ ოპოზიციის რჩეული? ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები საპარლამენტო მმართველობაზე გადასვლისა და კონსტიტუციური მონარქიის ჩანასახის წინაპირობადაც შეიძლება მივიჩნიოთ. გვინდა, არ გვინდა, საქართველო მაინც ამ გზაზე უნდა წავიდეს!

30-05-2013, 16:18
უკან დაბრუნება