თანდათან ვრწმუნდები იმაში, რომ ივანიშვილი პასუხისმგებლობას გაურბის და ცდილობს სიტუაციას "ბუნებრივად" გაერიდოს! როგორც ადრე ვწერდი, მას ამის საშუალებას პირადად მისთვის "ნაციონალურ კონსტიტუციაში" ჩაწერილი სპეციალური მუხლიც აძლევს, რომელიც ევროკავშირის მოქალაქეს მაღალი სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლებას 2014 წლის იანვრიდან უზღუდავს.
იგი არაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქეობა დაიბრუნოს, ან ზემოთხსენებული კონსტიტუციური ნორმა გადაიხედოს. იგი არაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ბალანსი შეიცვალოს და ბნელ ძალებს (იგულისხმება შიდა და გარე ძალები) ქაოტურ სიტუაციაში დაბრუნების (პოლიტიკური რევანშის აღების) საშუალება არ მისცეს!
ეს არა იმდენად მისი პოლიტიკური გამოუცდელობის ბრალია, რამდენადაც თავიდანვე ჩაციკლული სურვილის - მოეხდინა "ხავერდოვანი გადატრიალება" და ისე გარიდებოდა სიტუაციას, რომ ჩრდილი არ მიეყენებინა საკუთარი ავტორიტეტისთვის (უკვე იმასაც ამბობენ, რომ მან ეს ნაბიჯი სააკაშვილზე შურისძიების მოტივით გადადგა). სხვანაირად ვერ ახსნი მის გადაწყვეტილებას - ოქტომბრის შედეგებით გამოჩეკილ "კარგ გუნდს" (მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება მომავალი პრეზიდენტი) დაუტოვოს სამართავად ქვეყანა და თვითონ შორიდან აკონტროლოს სიტუაცია...
თანდათან იმსხვრევა მითი ივანიშვილის უძლეველობაზე - დაწყებული საქმის შუაგზაზე მიტოვება პასუხისმგებლობის თავიდან აცილებისა და წყლიდან მშრალად ამოსვლის სურვილს წააგავს, რომელიც ეჭვს გარეშეა მომავალში მას უფრო დიდ პასუხისმგებლობას დააკისრებს!
საზოგადოებამ მისი ირწმუნა და "ნაციონალების" გილიოტინაზე ასასვლელად მზადყოფნა გამოხატა. დავფიქრდეთ, რა შედეგებს მიიღებდა ივანიშვილი მოსახლეობის მხარდაჭერის გარეშე?! მრავალგზის ნათქვამს კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ფული პოლიტიკაში (მითუმეტეს, არჩევნებში) ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია, მაგრამ არა ერთადერთი - აქ უმთავრეს როლს ადამიანური რესურსები თამაშობს, რომელიც ფულად რესურსებს მნიშვნელოვნად აღემატება.
საზოგადოებამ ივანიშვილში გულანთებული წინამძღოლი დაინახა, რომელიც მზად იყო გაენთავისუფლებინა საქართველო ურჩხულისგან და სამშვიდობოს გაეყვანა იგი. რა მივიღეთ სინამდვილეში?! ჯერ ბოლომდე არც ურჩხული დაგვიმარცხებია და მითუმეტეს, სამშვიდობოს არ გავსულვართ!
დასკვნა მარტივია: სანამ დანაპირები არ შესრულდება, ივანიშვილი პოლიტიკიდან არ უნდა წავიდეს. დანაპირების შესრულება კი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებით და დამნაშავე რეჟიმის პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასებით იქნება შესაძლებელი...
ჩვენ კი, მეგობრებო, სოროებიდან უნდა გამოვძვრეთ და ყველას გასაგონად ვიყვიროთ, რომ საქართველოს ბატონ-პატრონი თავად ქართველი ხალხია და მის მომავალს ხალხი გადაწყვეტს! 17 მაისი ამის სანიმუშო მაგალითია.
მართალია, ჩვენი "მეგობრებიც" აყვირდებიან, მაგრამ ერთი ბრძნული ნათქვამისა არ იყოს, ვინც რა უნდა თქვასო, წისქვილმა კი ფქვასო!...