ივერიონი / იუნკერის ვიტალი უგრეხელიძის ნეშთი დიდუბის პანთეონში დაკრძალეს

იუნკერის ვიტალი უგრეხელიძის ნეშთი დიდუბის პანთეონში დაკრძალეს

    დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დამოუკიდებელი საქართველოს სამხედრო სკოლის იუნკერის ვიტალი უგრეხელიძის ნეშთი დაკრძალეს. საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ქართველის ხსოვნას  საქართველოს შეიარაღებული ძალების  გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა  გიორგი კბილცეცხლაშვილმა და კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტებმა  მიაგეს პატივი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სასულე ორკესტრმა სამგლოვიარო მარში შეასრულა.

ქართველი იუნკერი 1983 წელს დიდ ბრიტანეთში დაიღუპა. პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოსა და ვარშავის უნივერსიტეტის ორგანიზებით, დღეს მისი ნეშთი დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში გადმოასვენეს. ცერემონიალზე დასასწრებად პოლონეთიდან ვარშავის უნივერსიტეტის დელეგაციაც ჩამოვიდა.

ვიტალი უგრეხელიძე 1902 წელს დაიბადა. სწავლობდა ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში. მოგვიანებით სწავლა  თბილისის ქართულ სამხედრო იუნკერთა სკოლაში განაგრძო. 1921 წელს ვიტალი უგრეხელიძე ტაბახმელასთნ ბრძოლაში დაიჭრა, რის შემდეგაც სამშობლო დატოვა და პოლონეთში გადაიხვეწა. 1922 წელს უგრეხელიძემ სამხედრო განათლების მიღება პოლონეთში განაგრძო. მსახურობდა პოლონეთის არმიაში. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, იგი საცხოვრებლად დიდ ბრიტანეთში გადავიდა. ვიტალი უგრეხელიძე პუბლიცისტი და პოლონური ლიტერატურის მთარგმნელი იყო.

 

6-04-2014, 13:45
უკან დაბრუნება