მე აბაშის ერთი უბრალო მოქალაქე ვარ, რომელსაც არანაირი თანამდებობა არ მიკავია, მაგრამ გული მწყდება ჩვენს რაიონში არსებული მდგომარეობით. რასაც ქვემოთ ვწერ არ წარმოადგენს საიდუმლო ინფორმაციას, ამ ფაქტების გადამოწმებას დიდი დრო არ უნდა და იმედია უყურადღებოდ არ დარჩება ჩვენი მთავრობის მხრიდან. 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, როგორც მთელი საქართველო, აბაშის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის უმრავლესობაც იძახდა ,, სახადი მოვიხადეთო", მაგრამ დღეს ოცნების შტაბში დაგეგმილი და ნაოცნებარი გეგმებით აბაშისთვის ისევ ის დრო ბრუნდება, რომელიც არჩევნემბამდე იყო. გეგმა ასეთია: ოცნების პირველ ნომრად და ქალაქ აბაშის მაჟორიტარად გათვლილია ამჟამინდელი გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი დიმიტრი ცანავა, რომელსაც ეს თანამდებობა მთელი “ნაციონალების” მართველობის პერიოდში ეკავა და ყველა არჩევნებში აქტიურად იყო ჩართული „ნაციონალური პარტიის“ შტაბის მუშაობაში. გამგეობაშიც და შტაბშიც ასრულებდა „ნაციონალების“ ბინძურ დავალებებს და ,,ხუთოსნად" შეფასებული მყარად ინარჩუნებდა მის პოზიციას. სავარაუდოდ საკრებულოს თავმჯდომარედაც მოიაზრება. მერე ხომ მთლად ,,აშენდება" აბაშა...
რაც შეეხება გამგეობას, აქ ხომ მთლად აწყობილად აქვთ საქმე: გამგებელი _ „ოცნების“ პარტიის თავმჯდომარე გიორგი გვილავა და მოადგილეები კი მისი მხედრები : ვახტანგ გაბელაია და იური იობაია. სხვათაშორის ორივე ,,ყოფილი" „ნაციონალია“,რომელთანაც უამრავი კითხვა ჰქონდა და დღესაც აქვს აბაშის მოსახლეობას. პირველი _ იური იობაია 2006 წლის არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ პირველი ნომერი, ქალაქის მაჟორიტარი და საკრებულოს თავმჯდომარე და შემდეგ კი გამგებლის მოადგილე, ამჟამად კი ,,გულდაწყვეტილი" სამსახურის უფროსია . მეორე- ვახტანგ გაბელაია, რომელიც „ნაციონალების“ მობრძანების შემდეგ აქტიურად ჩაება საჯარო სამსახურში და მყარად ეკავა მოადგილის ადგილი. ყველა გამგებლის მარჯვენა ხელი და ლაქია, საკრებულოს თავმჯდომარის ყურმოჭრილი მონა და კვერის დამკვრელი, რომელიც კურირებდა ფინანსებს, ეკონომიკას, ინფრასრუქტურას და სხვა ძირითად სფეროებს. ამჟამად კი ესეც ,,გულდაწყვეტილი " და ,,შეურაცხყოფილი" სამსახურის უფროსია. ამათ ეს ხომ არ ეკადრებათ?!. ამათ გარდა კიდევაა სხვა მხედრები, მაგრამ იმათ სამწუხაროდ პაიკის ადგილები ერგო და ამაზეც თანახმანი არიან, თუმცა არის დაწინაურების მომლოდინენიც, სამსახურის უფროსების ადგილები ხომ თავისუფლდება. ცნობისათვის ამათ ყველას 2013 წელს გაახსენდათ რომ „ნაციონალები“ გარეწრები იყვნენ და გაუსაძლის მდგომარეობაში რომ იყვნენ, თორემ მანამ არ გახსენებიათ „ნაციონალების შეთავაზებულ სავარძლებში რომ იყვნენ მოკალათებულნი და პრემიებს და ხელფასებს რომ ,,იჯიბავდნენ", თუმცა ყველაზე მთავარი რაცაა, ხომ გაგიგიათ „კუზიანს სამარეც ვერ გაასწორებსო“, ჩაშვების ინსტიტუტს შეჩვეულები , შეჩვეულს ვეღარ გადაეჩვივნენ და დღესაც დაარბენინებენ ენებს ყოფილ თანაგუნდელებთან, რას იზამთ, ეს თავის დაბევების სიტუაციაა, „ნაცები“ რომ მობრუნდეს, იმათანაც ხომ უნდა ქონდეთ მისასვლელი...
კიდევ ბევრია სათქმელი მაგრამ მკითხველიც არ მინდა გადავღალო. იმედია ეს გეგმა არ გამართლდება და აბაშაში არ დაბრუნდება სახეშეცვლილი „ნაციონალების“ თარეში.
ამ წერილს ბევრი აბაშელის სახელით გწერთ, არავის ეგონოს, ასე მხოლოდ ერთეულები ფიქრობდნენ, მაგრამ შექმნილი მდგომარეობის გამო ბევრს ეშინია საკუთარი ნაფიქრალის ხმამაღლა გაჟღერება, ბევრი რაღაცას თუ ვიღაცას უფრთხილდება, მაგრამ იმედია დაიძლევა ყველა ბარიერი და „სათქმელი ჯებირს გადალახავს“, რასაც შესაბამისი ქმედება მოჰყვება და აბაშა იმ ხალხს დაუბრუნდება, ვისაც მართლა უყვარს და გული შესტკივა მასზე.