ივერიონი / თანაინვესტირების ფონდის პროექტ „პანორამა თბილისის“ განცხადება

თანაინვესტირების ფონდის პროექტ „პანორამა თბილისის“ განცხადება

   „საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მიერ პროექტ „პანორამა თბილისის“ კონცეფციის პრეზენტაციის შემდეგ საზოგადოების ცალკეულ ჯგუფებს ჰქონდათ მცდელობა პროექტის მთავარი ინვესტორი, ბატონი ბიძინა ივანიშვილი წარმოეჩინათ პიროვნებად, რომელიც დედაქალაქზე მორიგ აგრესიას ახორციელებს. ტელეარხებზე „მაესტრო“ და „რუსთავი 2“ პროექტთან დაკავშირებით გაკეთდა ტენდენციური და ზედაპირული შეფასებები, რაც მიზნად ისახავდა მცდარი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას. ასევე აღსანიშნავია, რომ ქალაქ თბილისის მერიამ ორჯერ გადადო განაშენიანების რეგულირების გეგმის (გრგ) დავალების გაცემის საკითხის განხილვა პროფესიულ საბჭოზე. სანაცვლოდ მიიღო გადაწყვეტილება გრგ-ის საჯარო განხილვის ორგანიზების თაობაზე, რაც წარსული პრაქტიკიდან გამომდინარე უპრეცედენტოა. ზემოაღნიშნულმა გარემოებებმა და საზოგადოების მეტად ინფორმირების სურვილმა განაპირობა ჩვენი გადაწყვეტილება ზოგიერთი განმარტების გაკეთებასთან დაკავშირებით.

 

   პროექტის კონცეფცია:

პროექტი „პანორამა თბილისი“ უპრეცედენტოა იმით, რომ ის ქმნის 4 მრავალფუნქციური კომპლექსის (1. სოლოლაკის მაღლობი, 2. სოლოლაკის ბაღები, 3. თავისუფლების მოედანი და 4. ერეკლე II-ს მოედანი) ერთობლიობას და აკავშირებს მათ საბაგირო გზებით და დახრილი ლიფტებით, რაც დღის ყველაზე დატვირთულ პერიოდშიც კი უზრუნველყოფს კომპლექსებს შორის ავტოტრანსპორტის გარეშე, სწრაფად და მოხერხებულად, გარეთ გაუსვლელად გადაადგილებას. საბაგირო გზებით დაკავშირების პრაქტიკა მიღებულია მსოფლიოს მრავალ ცნობილ ქალაქში (ბარსელონა, ლისაბონი, ლონდონი, რიო დე ჟანეირო და სხვა), თუმცა კომპლექსების ამგვარი ურთიერთკავშირი პროექტს მსოფლიოში განუმეორებელს ხდის.

აღსანიშნავია, რომ მრავალფუნქციური კომპლექსების საშუალებით თბილისში შესაძლებელი გახდება მასშტაბური საერთაშორისო კონფერენციებისა და ფორუმების ორგანიზება, რაც ჩვენს დედაქალაქს რეგიონში დამატებით დატვირთვას შესძენს. ასევე მას განსაკუთრებული ხიბლი ექნება ტურიზმის განვითარების კუთხით.

კომპლექსების „სოლოლაკის მაღლობისა“ და „სოლოლაკის ბაღების“ ფარგლებში დაირგვება 30,000 (2-დან 5 მეტრამდე სიმაღლის) ახალი ხე და გაშენდება ვერტიკალური ბაღები, რაც საგრძნობლად გააჯანსაღებს ქალაქის ეკო სისტემას. სამაგალითოა, რომ პროექტის ფარგლებში ქალაქის ცენტრსა და შემოგარენში დამატებით მოეწყობა 1,800 ავტომობილზე (თავისუფლების მოედანი - 300; ერეკლე II-ს მოედანი – 500; სოლოლაკის ბაღები - 500; სოლოლაკის მაღლობი - 500) გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომები, რაც პროექტის საჭიროებას ბევრად აღემატება და უზრუნველყოფს ქალაქში არსებული პარკირების პრობლემის მოგვარებას. პროექტის განხორციელების პროცესში დასაქმდება 2,000-ზე მეტი ადამიანი, ხოლო ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ, ოთხივე კომპლექსი შექმნის 1,000-ზე მეტ მუდმივ სამუშაო ადგილს. სამომავლო გაუგებრობების თავიდან აცილების მიზნით, კიდევ ერთხელ ვაზუსტებთ პროექტ „პანორამა თბილისის“ მიმდინარე სტატუსს. დღევანდელი მდგომარეობით მხოლოდ მისი ერთი ნაწილის „სოლოლაკის ბაღების“ შემთხვევაშია წარმოდგენილი არქიტექტურული ხედვა, ხოლო დანარჩენ სამ კომპლექსთან დაკავშირებით მიმდინარეობს არქიტექტურული ნამუშევრების შერჩევის პროცესი, რომელებიც ასევე განსახილველად წარედგინება ქალაქის მერიას და საზოგადოებას.

 

   პროექტის ეკონომიკური მხარე:

ბატონ ბიძინა ივანიშვილს მრავალჯერ განუცხადებია, რომ მას საქართველოში ბიზნესი არასდროს არ უკეთებია და მისი ერთადერთი კომერციული ორგანიზაცია სს „ბანკი ქართუ“ გახლდათ, რომელიც მან თავის დროზე საქართველოში ინვესტიციების მოზიდვის მიზნით დააარსა. სამწუხაროდ საქართველოში არსებული პოლიტიკური სიტუაციის გამო ბანკმა ვერ შეძლო დასახული მიზნის განხორციელება. თუმცა მას არასდროს უწარმოებია აგრესიული საბანკო პოლიტიკა. უფრო მეტიც ეს ის ბანკია, რომელმაც 2001 წელს, სავალალო ფინანსურ მდგომარეობაში მყოფი „აბსოლუტ ბანკი“ შეიძინა მისი ვალდებულებების დასაფარად და საქართველოს ახალგაზრდა საბანკო სისტემის მდგრადობის შესანარჩუნებლად. საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ჩამოყალიბებამ, რომლის გაცხადებული კაპიტალი 6 მილიარდი ამერიკული დოლარია და რომელსაც დღევანდელი მდგომარეობით 1.3 მილიარდი ამერიკული დოლარის ღირებულების 11 პროექტი აქვს დამტკიცებული, სს „ბანკი ქართუს“ ჩართვას ინვესტიციების მიმართულებით აქტუალობა დაუკარგა. საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ჩამოყალიბება და მასში ბატონი ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობა ერთ-ერთი მთავარი ინვესტორის სახით განპირობებულია ქვეყანაში ინვესტიციების გაზრდის მიზნით და არა პირადი კომერციული ინტერესით. ამის დასტურად კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი საშუალებას აძლევს ყველა დაინტერესებულ ბიზნესმენს, პროექტის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, უპრეცედენტო პირობებით (მათ შორის ყველაზე რისკიანი ფაზის გავლის შემდეგაც კი) თვითღირებულებით, ყოველგვარი მოგების გარეშე დაუთმოს მისი კუთვნილი წილი. ერთ-ერთი კითხვა, რომელიც გარკვეული მედიის მიერ აქტიურად ჟღერდებოდა ეხება პროექტში „პანორამა თბილისი“ განსახორციელებელი ინვესტიციების წარმომავლობას და აღნიშნულ პროექტში ინვესტირების მიზანშეწონილობას. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს თანაინვესტირების ფონდი განაგებს მხოლოდ მისი ინვესტორების კერძო თანხებს და მას არ გააჩნია არავითარი კავშირი სახელმწიფო სახსრებთან. გაცნობებთ, რომ ფონდის და შესაბამისად პროექტ „პანორამა თბილისის“ ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი გახლავთ ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რაც თავისთავად აქარწყლებს ბოლო დროს გავრცელებულ სპეკულაციებს იმის შესახებ, რომ იგი ცდილობს მის საკუთრებაში არსებული მიწების ე.წ. „გასაღებას“ აღნიშნული პროექტის ფარგლებში. ვადასტურებთ, რომ პროექტის განხორციელებისთვის განსაზღვრული ტერიტორია ნაწილობრივ მოიცავს ბატონი ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაში არსებულ მიწებს, რომლებიც მისივე სურვილით თვითღირებულებით გადაეცემა ფონდს, ყოველგვარი ზედმეტი სარგებლის მიღების გარეშე“. 

 

7-04-2014, 11:59
უკან დაბრუნება