-„მქონდა და მაქვს ინფორმაცია, რომ მიდის მზადება სიტუაციის დესტაბილიზაციისკენ, მაგრამ მინდა ვუთხრა საზოგადოებას, რომ არ გამოვა ეს ე.წ. „მაიდანი“ საქართველოში, არც დესტაბილიზაცია არ გამოვა. მიუხედავად იმისა, რომ სანდო წყაროზე დაყრდნობით ვიცი, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები მუშაობენ სტუდენტებთან, გონიერი ადამიანი ხედავს კიდეც როგორ აგრესიულად იქცევიან ეს ახალგაზრდები სხვადასხვა საპროტესტო აქციებზე, მაგრამ არაფერი გამოუვა „ნაციონალებს“, დესტაბილიზაციას ვერ შეძლებენ. მაქვს ინფორმაცია, რომ ე.წ. რუსეთის მხარდამჭერი ორგანიზაციებიც „ნაციონალების“ მხარდაჭერით იქმნება, რატომ ვერ ვხედავდით ადრე პუტინის ფანებს? რატომ გამოჩნდნენ ისინი ასე აქტიურად ამ ბოლო დროს? ჩემი ინფორმაციით პრორუსულ ძალებს ქმნის „ნაციონალური მოძრაობა“. შემდეგ ისევ „ნაციონალების“ „თავისუფალი ზონის“ და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები აპროტესტებენ. მიდის მუშაობა ულტრანაციონალისტური, რადიკალური ჯგუფების მომზადებისთვის. აი ეს ფოტო ნახეთ. ვინ არიან ეს ადამიანები? რატომ არიან ისინი სპორტულ დარბაზში და რატომ აქვთ ნიღბები სახეზე? რა შუაშია საქართველოს დროშა და რა შუაშია ამ ფოტოზე უკან ასახული შინდისფერ-შავი „უნაუსოს“, ცნობილი უკრაინული სამხედრო ორგანიზაციის დროშა? მინდა გითხრათ, რომ ეს ორგანიზაცია ითვლება ერთ-ერთ ფაშისტურ ორგანიზაციად უკრაინაში. არსებობს კიდევ მესამე ფენა, ეს არის პროფესიონალი სპორტსმენების ფენა, რომლებიც იყვნენ ზონდერები, რომლებსაც ამზადებდა „ნაციონალური მოძრაობა“ და შემდეგ გვარბევდნენ. ეს სპორტსმენები დღესაც ემზადებიან, დავასახელებ კიდეც ტერიტორიას, ეს არის გლდანში, მოსკოვის პროსპექტზე და ახლა ჯერი შინაგან საქმეთა სამინისტროზეა. გადაამოწმონ ეს ინფორმაცია.
რატომ მიყავდათ ქართველი ახალგაზრდები „ნაციონალების“ ლიდერებს კიევში? ხომ გახსოვთ ევრომაიდანზე დაიღუპა დავით ყიფიანი. ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი? რატომ უნდა ეწირებოდნენ ქართველები უცხო ქვეყანაში რაღაც გაუგებარ მოვლენებს? დიახ, „ნაციონალური მოძრაობა“ წირავს ქართველ ახალგაზრდებს. მინდა გითხრათ, რომ ნუ დაიღუპავთ თავს, ნუ ამაყობთ იმით, რომ „დღეს მეც მიშა ვარ“, სააკაშვილის რეჟიმმა საქართველოში სისხლის გუბეები დააყენა და მინდა მოგიწოდოთ-გაემიჯნეთ მათ“.