ივერიონი / „ნაციონალების“ ოცნება და განაციონალებული „ოცნების“ ხარაკირი

„ნაციონალების“ ოცნება და განაციონალებული „ოცნების“ ხარაკირი

   კოალიცია „ქართულ ოცნებას“ სამეგრელოში წალენჯიხის შემდეგ სენაკში ტოვებენ. „თავისუფალი დემოკრატების“ სენაკის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, მურად შამათავამ ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტი  და პარტიის გამგეობის ცხრა წევრთან ერთად კოალიციის რიგებიც პროტესტის ნიშნად დატოვა. მისი თქმით დღეს „ოცნება“ სენაკში თვითლიკვიდირებას ახდენს კოალიციის რიგებში და საარჩევნო სიებში „ნაციონალური მოძრაობის“ იმ წევრების ჩასმით, რომლებიც წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნების“ მომხრეებს ავიწროვებდნენ, სიცოცხლის ხელყოფაზეც კი მიდიოდნენ, უამრავ დანაშაულს სჩადიოდნენ და ეს არავის დავიწყებია. 

   _“არ დავუშვებთ სენაკი ისევ „ნაციონალების“ სათარაშო მდელოდ იქცეს, არ დავუშვებთ ამ დამნაშავეების ხელისუფლებაში მოსვლას“-აცხადებს შამათავა. 

   დღეისათვის „თავისუფალი დემოკრატების“ სენაკის ორგანიზაცია ერთკაციან პარტიად იქცა, სადაც მხოლოდ პარტიის აღმასრულებელი მდივანი ბადრი კალანდარიშვილი დარჩა. 

  _“შამათავას და მისი მეგობრების საქციელი იყო შოუ. მათი ნაწილი არც კი ყოფილა პარტიის წევრი. ჩვენ კოალიციასთან ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას და მაჟორიტარებიც გვეყოლება“-ამბობს კალანდარიშვილი.

   „თავისუფალი დემოკრატების“ ქმედებას სენაკის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, „ქართული ოცნების“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გოჩა დგებუაძეც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ შამათავას ეს ნაბიჯი წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი, ხოლო სენაკის „თავისუფალი დემოკრატების“ აწ უკვე ყოფილი თავმჯდომარე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გარიგებაში დაადანაშაულა.

   _“შამათავა დღეს დილიდან აწარმოებდა მოლაპარაკებას ნაციონალურ მოძრაობასთან, მაგრამ მათ შორის მოლაპარაკება ვერ შედგა, რის გამოც შამათავამ პროტესტი გამოხატა. კოალიციას დიდი ხანია გაწყვეტილი აქვს ურთიერთობა მურად შამათავასთან, რადგან არ მუშაობდა „ქართული ოცნების" რეჟიმში და ცაკლე განაგრძობდა მოქმედებებს. როცა ის სენაკის საკრებულოს თავმჯდომარე იყო, საკრებულოს დეპუტატებმა ორჯერ გამოუცხადეს უნდობლობა და სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად მაინც არ დაუშვეს თანამდებობაზე, იმიტომ რომ არ ენდობოდნენ. მისი ეს ქმედება განაპირობა იმან, რომ შამათავა არ განიხილებოდა მაჟორიტარობის კანდიდატად, მისი პარტიიდანაც კი არ დაასახელეს, ამიტომ დადგა საცირკო ელემენტებით გაჯერებული შოუ“-აცხადებს დგებუაძე, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციის „ქალები მშვიდობისთვის“ ლიდერი ინგა ქარდავა „ნაციონალების ოცნებების ამსრულებელს“ და „ოცნების“ რიგებში „პორტირებულ ნაცს“ უწოდებს.

  _“ნაციონალებთან“ გარიგებებში და კავშირში სწორედ რომ სენაკის მაჟორიტარი გურამ მისაბიშვილი და მისი ხროვაა, მათ შორის მისაბიშვილის ხელის-ბიჭი დგებუაძე, რომელმაც თავად შეყარა „პორტირებული ნაცები“ სენაკის „ქართულ ოცნებაში“. ისინი წლების მანძილზე სკამების მონები იყვნენ. ამ რამდენიმე დღის წინ პრემიერის სახელზე მიმართვა გაგავრცელე და იმედი მქონდა რეაგირება იქნებოდა, მაგრამ სენაკში სანამ მისაბიშვილი, დგებუაძე და „ნაციონალების“ მათნაირი ერთგული ლეკვები იქნებიან, საშველი არ იქნება. ხალხს აღარაფრის იმედი არ აქვს და თავად დაიწყებს სამართლიანობის აღდგენას. უამრავი კადრი არსებობს მათი ქმედებების ამსახველი, ასე რომ „ოცნება“ თავად იბრმავებს თვალებს და იყრუებს ყურებს, რითაც „ნაციონალების“ ოცნებებს ახდენს, „ოცნებას“ კი მოუსავლეთში აგზავნის. ხალხი არ შეეგუება ისევ „ნაციონალების“ დაბრუნებას, რაც სენაკში გარანტირებულია ამ არჩევნებზე, ასე რომ დროა გამოფხიზლდეს „ოცნება“ ოცნებიდან და რეალურ ქმედებებზე გადავიდეს“-ამბობს ქარდავა.

  პრემიერისა და „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის თავმჯდომარის კახი კალაძის სახელზე არაერთი განცხადება და მიმართვა გავრცელდა აბაშიდანაც. „ქართული ოცნების“ ყოფილი აქტივისტები აღშფოთებულნი და გაოცებულნი არიან „ოცნების“ წევრებად იმ ადამიანების ხილვით, რომლებმაც ყველა პარტია მოიარეს, წინასაარჩევნოდ „ნაციოალური მოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერები იყვნენ და მხოლოდ 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გაახსენდათ, რომ თურმე „ყოველთვის „ოცნების“ იდეოლოგიის მიმდევრები ყოფილან“. 

-„ქვეყანა თავზე გვენგრევა, ვხედავთ დიდ რისკს იმასთან დაკავშირებით, რომ სამეგრელოს რეგიონის გამგეობები და საკრებულოები ისევ გახდება „ნაციონალების“ თავშესაფარი, რადგან სამეგრელოში და კერძოდ აბაშის რაიონში კარგად მუშაობენ „ქართულო ოცნების“ მტრები. მადლობელი ვართ ბატონი ბიძინასი და მთელი იმ გუნდის, რომელმაც შეძლო და ძალ-ღონე არ დაიშურა კრიმინალური მთავრობის შეცვლისათვის, ისე რომ სისხლი არ დაღვრილა, მაგრამ აბასაში არაფერი შეცვლილა. ის ხალხი, ვინც „ნაც-მოძრაობის“ სულისჩამდგმელები და „ქართული ოცნების“ მტრები იყვნენ, დღეს  „ოცნების“ სახელით ბედავენ საუბარს და თანაც ძალიან რიხით და ხმამაღლა. ყველა პარტია ხელში აიღეს მართლაც "ჩანერგილებმა ნაციონალებმა“, სიმართლეს ვერ ვარკვევთ, გვეუბნებიან ყველაფერი ზემოდან წყდებაო, თუ ამას დავიჯერებთ, რა გამოდის? „ოცნება“ „ნაციონალების“ ოცნებას ახდენს და ყელში დანას ისვამს? დღეს რაიონში დაძაბული წინასაარჩევნო ატმოსფეროა. არც ბოღმა მალაპარაკებს და რაც შური, მხოლოდ რაიონის ბედი მაღელვებს და გული მწყდება, რომ ისედაც დაქცეული და უპატრონოდ დარჩენილი რაიონი მთლად უპატრონოდ და „ნაციონალების“ ხელში რჩება. ამის შეგუება ძალიან ძნელია იმ ხალხისათვის, სადაც 24 საარჩევნო უბანი იყო რაიონში და 3 უბანი მოვიგეთ იქ სადაც ჩვენ ვიყავით კორდინატორები, ხოლო ისინი, ვინც პირდაპირი გაგებით გვდევნიდნენ და ბიზნესის გამო შეშინებულები საწოლის ქვემოთ იმალებოდნენ, დღეს გვეუბნებიან, რომ რაიონი მათია და „ოცნების“ მანდატებს ცხვირწინ გვიფრიალებენ. ვერ დავუშვებთ „ნაციონალების“ დაბრუნებას რაიონში, თუმცა არც არსად წასულან, სხვა პარტიებში გადაბარგებულნი ისევ თანამდებობებზე რჩებიან, თუმცა რაღაც დოზით თავს იკავებენ, აი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში კი წინა დროებაზე უფრო უმართავები და არაადეკვატურები გახდებიან, უკვე ემზადებიან კიდეც გამარჯვებისთვის და „შავ სიებსაც“ კი ადგენენ, რომელ ადამიანებს უნდა გაუსწორდნენ არცევნების მეორე დღესვე. დღეს რომ გავჩუმდეთ, ეს საქართველოსთვის გულში ტყვიის სროლა იქნება, ამიტომ არც გაჩუმებას ვაპირებთ და არც უმოქმედოდ ყოფნას. საპრეზიდენტო არჩევნები ასეთი ყვარყვარეების გამო წააგო სამეგრელომ, ვშიშობთ სცებარი არ განმეორდეს“-წერს ფიქრია ტყებუჩავა საინიციატივო ჯგუფის სახელით.

   სამეგრელოს უმეტეს რაიონებში რომ თითქმის არაფერი შეცვლილა და თანამდებობებზე წინა ხელისუფლების წარმომადგენლები რჩებიან, ეს დამალული არ არის და ნებისმიერ მსურველს შეუძლია გადაამოწმოს. როგორც ცანს, ხალხის მოთმინების ფიალა აივსო და უკვე ხმამაღლა ალაპარაკდნენ. წალენჯიხა, სენაკი, აბაშა-ვინ იქნება შემდეგი?

თამარელა თეთრაძე

 

 

    

 

9-04-2014, 12:20
უკან დაბრუნება