დემოკრატიული მოძრაობის“ პრესსამსახურის განცხადება:
დღევანდელი ხელისუფლება, თავისი წინამორბედის მსგავსად არაფერს აკეთებს საკუთარი მოსახლეობის უფლებებისა და ინტერესების დასაცავად. ამის ნათელი მაგალითია, პოლტ-პატიმართა პერმანენტული საპროტესტო მშვიდობიანი აქციები, რაც აბსოლუტურად უგულვებელყოფილია როგორც ხელისუფლების, ასევე სამწუხაროდ, უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ.
პოლიტპატიმრები თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, უკვე 20 დღეა დღე-ღამის განმავლობაში იმყოფებიან და ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი არ მისულა მათთან.
იქმნება შთაბეჭდილება, რომ მიზანმიმართულად ხდება აქციის მონაწილეთა იგნორირება და სახელმწიფო თავიდან იცილებს პასუხისმგებლობას იმ პირთა მიმართ, ვინც საკუთარ თავზე ყველაზე მეტად გამოსცადა „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის სისასტიკე.
საქართველოს პარლამენტის მიერ 2012 წლის დეკემბერში გამოცემული დადგენილება პოლიტიკური პატიმრებისა და პოლიტიკური დევნილების სტატუსის მინიჭების შესახებ, უდავოდ წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა სამწუხაროდ მას შემდეგ არც ერთი ქმედითი ნაბიჯი არ გადადგმულა ამ პირთა რეაბილიტაციისათვის.
ისინი ითხოვენ სამართლიანობის აღდგენას, წართმეული ქონების დაბრუნებას და ელემენტარულად იმის შესაძლებლობას, რომ ცოდნა და უნარი მოახმარონ სამშობლოს.
დემოკრატიული და სამართლიანი სახელმწიფოს მთავარი პრინციპი სწორედ ადამიანის უფლებების დაცვაა. დღევნადელი ხელისუფლების ნიჰილისტური დამოკიდებულება საკუთარი მოსახლეობის მიმართ კი, ნამდვილად შორსაა დასავლური ფასეულობებისა და ღირებულებებისაგან.
,,დემოკრატიული მოძრაობა“ შეშფოთებას გამოთქვამს საპროტესტო აქციის სრულად იგნორირების გამო და კიდევ ერთხელ მოითხოვს ხელისუფლებისაგან შეასრულოს უპირველეს ყოვლისა კონსტიტუციით დაკისრებული ვალდებულება, ასევე საკუთარი წინასაარჩევნო დაპირებები და დაინტერესდეს ათასობით დაზარალებული ადამიანის ბედით.
მაშინ, როდესაც ხელისუფლება პარლამენტის მიერ სამართლიანად აღიარებული პოლიტპატიმრების მოთხოვნებით არც კი ინტერესდება, გასაკვირი არაა „ნაციონალური მოძრაობის“ თავხედობა, რომ ისაუბრონ მათ მიმართ განხორციელებულ ე.წ. პოლიტიკურ დევნაზე.
გვინდა ასევე, მოვუწოდოთ არასამთავრობო სექტორსა და უფლებადამცველ ორგანიზაციებს, გულისყურით მოეკიდონ არსებულ მძიმე ვითარებას, შეისწავლონ ყოფილი პოლიტიკური პატიმრების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და რაც ყველაზე მთავარია ლეგიტიმური და კანონიერი მოთხოვნები და დაეხმარონ სამართლიანობის აღდგენისთვის ბრძოლაში.
„დემოკრატიული მოძრაობის“ პრესსამსახური