ივერიონი / გენერალთა კლუბი:-„ტრისტან წითელაშვილი გენერალი არ არის, ის თვითმარქვიაა“

გენერალთა კლუბი:-„ტრისტან წითელაშვილი გენერალი არ არის, ის თვითმარქვიაა“

ტრისტან წითელაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ კიევში ქართველი სნაიპერები “ნაციონალების” მითითებით იყვნენ, “საქართველოს გენერალთა კლუბი” სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა.

-„ბოლო ხანებში ქართული მედია მომეტებულ ყურადღებას უთმობს ბატონ ტრისტან წითელაშვილს. იგი მუდმივად ყვითელი პრესისთვის განკუთვნილ ე.წ. „სენსაციურ“ განცხადებებს ავრცელებს და ინტერვიუებს იძლევა, თუმცა მამტკიცებელი მასალები არასდროს წარმოუდგენია. ორიოდე დღის წინ მან კიდევ ერთი „სენსაციური“ განცხადება გაავრცელა, “ნაცმოძრაობის” ლიდერების შავი საქმეების გამოსააშკარავებლად, სადაც ის ამტკიცებს, რომ კიევში, ევრომაიდანზე ოთხი ქართველი სნაიპერი მონაწილეობდა ხალხის დახოცვაში და ამ სნაიპერებს გია ბარამიძე და გივი თარგამაძე ხელმძღვანელობდნენ. გვინდა ავღნიშნოთ, რომ საქართველოს გენერალთა კლუბი არასდროს ყოფილა “ნაცმოძრაობის” დამცველთა რიგებში, მაგრამ ერთი შეხედვით მორიგი ჭორის იქით წმინდა წყლის ანტისახელმწიფოებრივი ქმედების ნიშნები იკვეთება. წითელაშვილის სიტყვებით, გამოძიების მასალებს იგი ორ კვირაში პროკურატურასაც გადასცემს. აღმოჩნდა, რომ როგორც ყოველთვის ხდება, მას მამტკიცებელი მასალები არ აქვს და მოგვიანებით წარადგენს. პრაქტიკულად წითელაშვილმა ქართული სახელმწიფო ტერორიზმში და ანტიუკრაინულ ქმედებებში დაადანაშაულა. ამ შემთხვევაში არანაირი არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, ეს ნაცმოძრაობის მიერ იყო ორგანიზებული იყო თუ არა. მთავარი მესიჯი ის არის, რომ იქ ქართველები ხოცავდნენ უკრაინელებს და საქართველოს პარლამენტის წევრები იყვნენ ამის ხელშემწყობები და ორგანიზატორები. რუსულმა მასმედიამ არ დააყოვნა და წითელაშვილის ამ განცხადებას ტირაჟირებას უკეთებს მედიასივრცის ყველა მიმართულებაზე. თვითონ წითელაშვილმა მისცა ინტერვიუ რუსულ ტელეარხს ამ განცხადებას საზოგადოებისთვის წონას მატებს ის, რომ იგი მოხსენებულია როგორც ქართველი გენერალი. “საქართველოს გენერალთა კლუბი” მოუწოდებს ჟურნალისტებს, გაარკვიონ წითელაშვილის ბეგრაუნდი, რომელიც თავის თავს გენერალს უწოდებს. “საქართველოს გენერალთა კლუბმა” არაერთხელ გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ წითელაშვილი არ არის გენერალი, მისთვის ქართული სახელმწიფოს არცერთ უმაღლეს მთავარსარდალს ეს წოდება არ მიუნიჭებია. ის უბრალოდ ამ წოდებას თვითნებურად იჩემებს, რაც თავისთავად სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. გაანალიზონ, ღირს თუ არა ასეთი ადამიანისგან ე.წ. „სენსაციური“ ინტერვიუების აღება. მითუმეტეს თუ ეს ე.წ. „სენსაცია“ ეხება არა შიდა პოლიტიკურ ინტრიგებს, არამედ დაკავშირებულია სახელმწიფოს სტრატეგიულ ინტერესებთან, საქართველოს საერთაშორისო იმიჯთან და მოკავშირეებთან ურთიერთობასთან. ალბათ, დროა, ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები დაინტერესდნენ ამ პიროვნებით, მისი ჰაიჰარად გასროლილი განცხადებებით და მოითხოვონ მამტკიცებელი მასალები. ასეთის არარსებობის შემთხვევაში კი კანონით გათვალისწინებული რეაგირება მოახდინონ, რადგანაც მის მიერ გაკეთებული განცხადება, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, და კონკრეტულ პოლიტიკურ ვითარებაში, შეიძლება სახელმწიფოს წინააღმდეგ მიზანმიმართულ ქმედებათა ჯაჭვის რგოლს წარმოადგენდეს”,-ნათქვამია “საქართველოს გენერალთა კლუბის” განცხადებაში.

 

11-04-2014, 01:35
უკან დაბრუნება